სამხედროები ერაყს გეგმის თანახმად დატოვებენ - კვირის პალიტრა

სამხედროები ერაყს გეგმის თანახმად დატოვებენ

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ აგვისტოს დამლევს ერაყიდან ყველა საბრძოლო ნაწილი გამოვა, 2011 წლის ბოლოსთვის კი მთლიანად დასრულდება ჯარის

გამოყვანა. პრეზიდენტ ობამას თქმით, თეთრი სახლი კმაყოფილია ერაყში მომხდარი ცვლილებების ტემპით, რაც ამერიკის ჯარს საშუალებას აძლევს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად ერაყელებს დააკისროს. ამჟამად ერაყში 64 ათასი ამერიკელი სამხედროა, აქედან დაახლოებით 50 ათასი 2011 წლის დამლევამდე დარჩება, დანარჩენი კი - ერაყის უშიშროების სამსახურის გასაწვრთნელად და, როგორც ვაშინგტონში ამბობენ, ამერიკელთა ინტერესების დასაცავად.

თეთრი სახლის წარმომადგენელ რობერტ გიბსის თქმით, ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების მსვლელობის შესახებ პრეზიდენტ ობამას ვიდეოკავშირის სეანსის დროს მოახსენა აშშ-ის ჯარების მეთაურმა, გენერალმა რეი ოდიერნომ. მან არც ის გამორიცხა, რომ ამერიკელების გასვლის შემდეგ ერაყელი ბოევიკები უფრო გააქტიურდებიან. "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რამადანის დროს თავდასხმები გახშირდეს.

რაც უკვე ტრადიციად იქცა. ერაყელი მებრძოლები შეეცდებიან, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ", - დასძინა გენერალმა. აგვისტოს პირველი დღეებიდან ერაყის სხვადასხვა რაიონში ბოევიკების თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი კაცი დაიღუპა. "ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დასაწყისიდან ჩვენ ერაყიდან გამოვიყვანეთ დაახლოებით 80 ათასი სამხედრო.

ბოლო წლებში ერაყში უსაფრთხოების დონე გაცილებით ამაღლდა და უსაფრთხოების სამსახურები მზად არიან, აკონტროლონ ამ თვის დამლევს ჩვენი სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ შექმნილი ვითარება", - განაცხადა გიბსმა. მან ისიც დასძინა, რომ ერაყელმა პოლიტიკოსებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. მარტში გამართულმა არჩევნებმა ვერ გამოავლინა ლიდერი, რომელიც ქვეყნის მეთაურობას შეძლებს.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი