"მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა" - რას ამბობენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ჯონ მაკკეინზე? - კვირის პალიტრა

"მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა" - რას ამბობენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ჯონ მაკკეინზე?

ზოგიერთი სიცოცხლე იმდენად კაშკაშაა, რომ რთულია იმის წარმოდგენა, რომ დასრულდა. ზოგიერთი ხმა იმდენად ძლიერია, რომ რთულია იმის გააზრება, რომ ამიერიდან გაჩუმებული იქნება, - ამის შესახებ ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა განაცხადა.

"ბოლო წლების განმავლობაში მე და ჯონი ვიხსენებდით ჩვენს პოლიტიკურ კონკურენციას, როგორც ფეხბურთელები იხსენებენ დიდ თამაშს. საბოლოოდ კი, მე მივიღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი: ჯონ მაკკეინის მეგობრობა. მე ის ძალიან დამაკლდება", - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა ასევე ისაუბრა იმ ღირსებებზე, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინს ჰქონდა.

"უპირველეს ყოვლისა, ჯონი იყო ზნეობრივი ადამიანი. ის იმ ღირსებებით ცხოვრობდა, რამაც ძალა და მიზანი შესძინა მის ცხოვრებასა და ქვეყანას. ის მამაცი იყო და ისეთი სიმამაცე ჰქონდა, რომელმაც მისი დამატყვევებლები შეაშინა და მისი თანამემამულეები შთააგონა. ის პატიოსანი იყო. ის ყოველთვის აღიარებდა, რომ მისი ოპონენტები პირველ რიგში პატრიოტები იყვნენ. ჯონი ყველაზე უფრო ვერ იტანდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მასში იყო რაღაც, რას მას აიძულებდა მხარი დაეჭირა მივიწყებულ ადგილებში მივიწყებული ხალხისთვის", - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.

მე და პრეზიდენტი ბუში იმ იღბლიანებს შორის ვიყავით, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჯონ მაკკეინის კონკურენტები ვყოფილიყავით ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე, - ამის შესახებ სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

"როდესაც მაკკეინმა მთხოვა მის პანაშვიდზე სიტყვით გამოვსულიყავი ეს ჩემთვის განსაკუთრებული და უძვირფასესი პატივი იყო", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა, როდესაც სენატორი მაკკეინი მისი კონკურენტი იყო.

"მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა. ისევე როგორც მან უკეთესი გახადა სენატი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ობამამ.

"პირადი საუბრებისასაც ჩვენ გამოვთქვამდით იმ უთანხმოებას, რაც გაგვაჩნდა. ეს რეალური და ხშირად ღრმა უთანხმოება იყო. თუმცა, ჩვენ სიამოვნებას ვიღებდით იმ დროისგან, რომელსაც ერთად ვატარებდით და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ერთ გუნდში ვიყავით", - აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

თავისი გამოსვლა ბარაკ ობამამ დაასრულა სიტყვებით: "ღმერთმა დალოცოს ჯონ მაკკეინი! ღმერთმა დალოცოს ეს ქვეყანა, რომელსაც ის ასე კარგად ემსახურებოდა!".

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: "ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია