რუსეთის პრეზიდენტს კოჭი გაუგორეს - კვირის პალიტრა

რუსეთის პრეზიდენტს კოჭი გაუგორეს

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, - ერთიან სახელმწიფოს ერთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, რეგიონების ხელმძღვანელებს კი სულერთია, რა ერქმევათ.

რამადანის პირველ დღეს ხელი მოვაწერე ჩემს ყოველწლიურ შვებულებაში გასვლის ბრძანებას, მანამდე კი რესპუბლიკის პარლამენტში გავგზავნე ოფიციალური წერილი, რომელშიც ვითხოვ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პირის სახელწოდების შეცვლასო. ჩეჩნეთის მეთაურის პრესმდივნის განცხადებით, კადიროვის წინადადებით პრეზიდენტის ნაცვლად შეიძლება ეწოდოს "რესპუბლიკის მეთაური" ან "რესპუბლიკის ადმინისტრაციის მეთაური".

ამაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ ფედერალურ დონეზეც. ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი რფ-ის სახელმწიფო საბჭოს იანვრის სხდომაზე ამის თაობაზე პირდაპირ განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა, - რეგიონების მეთაურებს უნდა ერქვათ რფ-ის სუბიექტის ხელმძღვანელიო.

სხვათა შორის, ჩრდილო ოსეთში ხუთი წლის წინ პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, - რუსეთს მხოლოდ ერთი პრეზიდენტი შეიძლება ჰყავდესო. დეპუტატებმა სასწრაფოდ შეიტანეს ცვლილება რესპუბლიკის კონსტიტუციაში და პრეზიდენტ ალექსანდრ ძასოხოვს შეჰპირდნენ, - შენ ხმა არ ამოიღო, ძველებურად პრეზიდენტი იქნები, მერე ვისაც "ავირჩევთ", იმას უკვე რესპუბლიკის მეთაური ერქმევაო.

როგორც ჩანს, რამზან კადიროვს მხარდამჭერები არ მოაკლდება. ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა არსენ კანოკოვმა მაშინვე მხარი აუბა - ჩვენი პარლამენტიც მიიღებს სახელის შეცვლის გადაწყვეტილებასო. ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის მეთაურმა ბორის ებზეევმაც იგივე გაიმეორა, - რა მნიშვნელობა აქვს, რა გვერქმევა, მთავარია, როგორ ვიმუშავებთო.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი