რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გადატვირთვა - კვირის პალიტრა

რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გადატვირთვა

ვიდრე ობამას ადმინისტრაცია "რბილ ძალას" ანიჭებს უპირატესობას, მოსკოვი კვლავ იარაღის ენით საუბრობს. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ევრაზია რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად“გამოაცხადა.

მოსკოვმა საკუთარი სიტყვები დაადასტურა თავის არსენალში არსებული ყველა საგარეო პოლიტიკური საშუალებით: დიპლომატიით (მათ შორის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით), იარაღის მიწოდებით, სამხედრო ხელშეკრულებებით, ბაზების მშენებლობით და რეჟიმების შეცვლითაც კი.

ამ თვეში შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის ორი წელი. ამ კონფლიქტმა შეაჩერა თბილისის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ასევე საბოლოოდ მოსწყვიტა საქართველოს პრორუსული სეპარატისტული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რეგიონში გაბატონებული პოზიციის განმტკიცებით რუსეთმა აქტიურად შეუწყო ხელი აპრილში ყირგიზეთის პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის დამხობას. ეს გახლდათ საპასუხო ნაბიჯი ბაკიევის ქმედებაზე, რომელმაც "მანასის" აეროპორტში”ამერიკელების სამხედრო-საჰაერო ბაზის დახურვაზე უარი განაცხადა, ასევე გაკვეთილი მათთვის, ვინც რეგიონში რუსეთის დიქტატს არ დაემორჩილება.

რუსეთი ზეწოლას ახდენს ბელორუსიაზეც. მოითხოვს, ქვეყანამ უარი თქვას ალექსანდრ ლუკაშენკოზე და დიქტატორი შეცვალოს უფრო დამყოლი, პრომოსკოვური, მაგრამ არა აუცილებლად დემოკრატიული ხელმძღვანელით. გასულ კვირას რუსეთმა ხელი მოუჭირა საქართველოს და მოლდავეთს: თავის საბაჟო პარტნიორებს - ყაზახეთს და ბელორუსიას უბრძანა, შეწყვიტონ ქართული მინერალური წყლის, ქართული და მოლდავური ღვინოების იმპორტი.

ამ ყველაფერზე აშშ-ის რეაქცია, საუკეთესო შემთხვევაში, დაბნეულია. კავკასიაში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნას, როგორც იქნა, უწოდა ქართული ტერიტორიების "ოკუპაცია", მაგრამ კლინტონმა დროის დიდი ნაწილი "რბილი ძალის" მნიშვნელობასა და სამხედრო ძალასთან შედარებით მის უპირატესობაზე საუბარს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალა ამ რეგიონში დღემდე საკვანძო როლს თამაშობს.

რუსეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთი სამხედრო ბაზა ააშენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ თვეში პრეზიდენტ მედვედევის ერევანში დაგეგმილი ვიზიტის დროს, მოსკოვი სომხეთს სამხედრო გარანტიებს მისცემს და საკუთარ თავზე აიღებს აზერბაიჯანისა და თურქეთისგან ამ ქვეყნის საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობას.

პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მოამზადა და მედვედევს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად სომხურ ქალაქ გიუმრის სამხედრო ბაზაში დისლოცირებული რუსული არმიის გამოყენებას, ასევე ერევნისთვის შეიარაღების მოწინავე სისტემების მიწოდებას გულისხმობს. ბაქო და ანკარა ძალიან უნდა იყვნენ გაბრაზებულნი.

წინა შეთანხმება გიუმრის ბაზის 2015 წელს გაუქმებას ითვალისწინებდა, ახალი დოკუმენტი კი რუსეთს იქ 2049 წლამდე დარჩენის ნებას აძლევს. ეს შეთანხმება უკრაინის სევასტოპოლში რუსული ფლოტის იჯარის 2042 წლამდე გაგრძელებას ჰგავს - ორივე ხელშეკრულება ამ ქვეყნების ნატოში გაწევრებას უშლის ხელს.

რუსეთის ვალდებულება, დაიცვას სომხეთი, აზერბაიჯანს არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს. ეს აშკარა გაფრთხილებაა - აზერბაიჯანმა არ უნდა გაბედოს მთიანი ყარაბაღის ან სომხების მიერ ოკუპირებული მისი შვიდი რაიონის დაბრუნებაზე ფიქრიც კი.

ასევე ცხადია ამ ყველაფრის ქვეტექსტიც: თუ აზერბაიჯანი არ შეამცირებს დასავლეთთან თანამშრომლობის ხარისხს, თავის თავს დააბრალოს. რუსულ-სომხური შეთანხმება რუსეთს ამიერკავკასიაში დომინანტ ძალად აქცევს, რადგან აშშ და ნატო უარს ამბობენ ამ რეგიონში ხანგრძლივ სამხედრო ყოფნაზე.

გიუმრის სამხედრო ბაზის იჯარის გაზრდაში, როგორც ჩანს, თავისი როლი ითამაშა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულმა დაძაბულობამ. "ცხელი" კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში რუსეთი შეძლებს წინ აღუდგეს კავკასიაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარების განთავსებას, იქაური ავიაბაზების გამოყენებას.

ამიერკავკასიის საჰაერო სივრცის კონტროლით სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საკუთარი ბაზებიდან, რუსეთს შეუძლია, ხელისუფლების ნებართვის გარეშე წაართვას იქ აშშ-ის ავიაციას მოქმედების შესაძლებლობა. იმავდროულად, როგორც ჩანს, ვაშინგტონი კმაყოფილია "რბილი ძალის" მნიშვნელობაზე ქადაგებით. მისი ფსევდოპრაგმატული მიდგომა -„ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, მოსკოვს უბიძგებს საკუთარი ჰეგემონიის გაძლიერებისკენ.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ