20 წლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

20 წლის შემდეგ...

თავის დროზე მოსკოვმა ავღანეთში 20 წლის წინანდელი საკუთარი ომის გაკვეთილები გაითვალისწინა და ვერ გაბედა მონაწილეობა მიეღო მისიაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

მაგრამ 18 აგვისტოს სოჭში ჩატარებულმა სამიტმა ცხადი გახადა, რომ კრემლს სურს ავღანეთში თავისი გავლენის დაბრუნება. რუსეთი ყარზაის რეჟიმს იარაღს მიაწვდის, დაეხმარება საბჭოთა პერიოდის საირიგაციო სისტემების, ხიდებისა და ჰესების მოდერნიზებაში. მოსკოვი თალიბებთან ბრძოლაში ერთვება.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ავღანეთისთვის დაახლოებით 20 შვეულმფრენის მიწოდებაზე. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდება ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ავღანელ პოლიციელთა წვრთნის პროგრამების საჭიროებისათვის.

ადრე ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით ოპერაციების მხარდაჭერა რუსეთიდან შემოიფარგლებოდა იარაღისა და საბრძოლო მარაგის ჰაერით, ხოლო არასამხედრო ტვირთის - რუსეთის ტერიტორიაზე რკინიგზით გადაზიდვის ნებართვის გაცემით.

ლავროვის თქმით, რუსეთის გეგმით, შვეულმფრენების საფასურს ნატო გადაიხდის. სოჭში მედვედევმა და ყარზაიმ ეს იდეა განიხილეს ტაჯიკეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების თანდასწრებით, - წერს  The wall street Journal-ი.

რუსი ჯარისკაცების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 20 წლის შემდეგ მოსკოვი ფრთხილად ბრუნდება უკან - ქაბულთან დიპლომატიურ და საქმიან კავშირებს ამყარებს. კრემლი ეკონომიკური თანამშრომლობისათვისაც მზად არის, კონტრაქტების საერთო ღირებულებამ შეიძლება 1 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. ობამას ადმინისტრაცია კრემლის ავღანეთში დაბრუნებით კმაყოფილია, - შენიშნავს გაზეთი The new Iork times-ი.

რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში ჩატარებულმა სამიტმა ცხადყო მოსკოვის სურვილი - დაიბრუნოს გავლენა რეგიონულ პოლიტიკაზე და უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ავღანეთის სტაბილიზაციაში. მედვედევის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობის ბრძოლას ტერორიზმთან, - წერს ფრანგული Le Mounde.

"ინოპრესა", რუსეთი