რა გახდა "მის ერაყი 2015"-ის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, რომელიც ავტომობილში ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

რა გახდა "მის ერაყი 2015"-ის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, რომელიც ავტომობილში ჩაცხრილეს

28 სექტემბერს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 2015 წლის "მის ერაყის" გამარჯვებული 22 წლის ტარა ფარესი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ტარა ერაყის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ვარკვლავად დაასახელეს.

როგორც გამოცემა "ალ-არაბია" წერს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გოგონა საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც უცნობი პირები თავს დაესხნენ და სამი ტყვია ესროლეს. თვითმხილველებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოდელსა და ჟურნალისტს სოციალურ ქსელებში ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, მაგალითად, "ინსტაგრამში" მას 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. "ინსტაგრამში" მისი ბოლო პოსტი თავად გოგონას შავ-თეთრი ფოტო იყო, რომელზეც დამწუხრებული ტარაა ასახული.

ერთ-ერთი ვერსიით, "მის ერაყის" ტიტულის აღების შემდეგ ტარა ფარესს დევნიდნენ და ემუქრებოდნენ, რის გამოც ის ქუჩაში პრაქტიკულად არ გამოდიოდა. მუქარის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მისი ქმედება შარიათის კანონებს ეწინააღმდეგებოდა.

2015 წელს, კონკურსში გამარჯვების შემდეგ ტარა ევროპაში გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა. "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებდა თამამ ფოტოებს, რაც ზოგიერთი ერაყელისთვის მიუღებელი იყო.

ბოლო პერიოდში ერაყში მოდის ინდუსტრიის კიდევ ორი ქალი წარმომადგენელი გაურკვეველი მიზეზის გამო მოკლეს.