რუსეთი ევროპული უტოპიის ნაწილი უნდა გახდეს - კვირის პალიტრა

რუსეთი ევროპული უტოპიის ნაწილი უნდა გახდეს

ევროკავშირი მოიგებს ყოფილ საბჭოთა კავშირთან და მის მეზობლებთან აქტიური და ხელშესახები თანამშრომლობით.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ორი წელი გავიდა და შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დროა, გააცნობიერონ, რომ დასავლეთისთვის ეს გარდამტეხი მომენტი იყო. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ომი კატასტროფად იქცა, მაგრამ მისმა გამოძახილმა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეს გადაუარა. მან ასევე ამხილა რუსეთის სისუსტეებიც და რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკაც შელახა.

ყველაზე ნაკლებად იმ ფაქტის აღიარება ხდება, რომ ეს ომი დასავლეთისთვის გადამწყვეტი იყო. რაც მოხდა, ეს უფრო აშშ-ის და დასავლეთის ბრალია. არასწორ ამერიკულ პოლიტიკას ევროპაც არაფრით ჩამორჩებოდა, რომელსაც პოლიტიკა, როგორც ასეთი, საერთოდ არ ჰქონდა, რაც უპასუხისმგებლობის ტოლფასია. დღემდე ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც ევროპამ შეძლეს ერთიანი შეთანხმებული მიდგომის შემუშავება აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის მიმართ, რაც აუცილებელია.

დასავლეთმა თავის აღმოსავლეთევროპულ პოლიტიკაში სამი ახალი რეალობა უნდა გაითვალისწინოს: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რუსეთის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და ლისაბონის შეთანხმების ამოქმედება.

თავდაპირველად ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვაზე" იყო ფოკუსირებული. აღმოსავლეთი ევროპა მისთვის მეორეული პრიორიტეტი იყო. არაოფიციალურად დიპლომატიური მრჩევლები ამბობდნენ: დროა ევროპამ შინ წესრიგის დამყარებაზე თავად იზრუნოსო.

ახლახან სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღმოსავლეთ ევროპის კრიტიკის საპასუხოდ კურსი შეცვალა. მან ნათლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონის დემოკრატიულ მისწრაფებებს და სახელმწიფოთა უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები. თუმცა აშშ-ის პოლიტიკა თანამშრომლობის საკითხებში კვლავ ძალიან ფრთხილი და შერჩევითია. ბუშის ადმინისტრაციის ჰიპერაქტიურ პოზიციასთან შედარებით ის ჯერ კიდევ უკან დახევის პოზიციაზეა.

ეკონომიკურმა კრიზისმა და ენერგორესურსებზე ფასების ვარდნამ რუსეთი ცალსახად აიძულა, გადაეხედა საკუთარი პოლიტიკის მიმართულებებისთვის. მოსკოვი აშშ-თან ირანის და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში თანამშრომლობს, ფლირტი აქვს უკრაინასთან და პოლონეთთან, ხელი მოაწერა "მოდერნიზაციის შეთანხმებას" ევროკავშირთან.

აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. მოსკოვს აკვიატებული აქვს მე-19 საუკუნის მსოფლმხედველობა, თავი ზესახელმწიფო ჰგონია და ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც ის კვლავ საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად მიიჩნევს, ბატონობისკენ მიისწრაფვის.

ევროპულ ქვეყნებს რუსეთი უფრო და უფრო უცრუებს იმედს. გერმანიამ და საფრანგეთმაც კი, რომლებიც ევროპაში უფრო პრორუსულები არიან, როგორც ჩანს, მტკიცედ გადაწყვიტეს, მოსკოვს არ მისცენ ევროკავშირში "დაყავი და იბატონეს" პრინციპით თამაშის საშუალება.

აშშ-სა და ევროპას შორის კოორდინაციას აღმოსავლეთ პოლიტიკაში, ამ პოლიტიკის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ ერთმანეთი სჭირდებათ და დაზარალდებიან, თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. კოორდინაციის გაუმჯობესება თავად ევროპისთვისაც აუცილებელია, ბერლინი და პარიზი დამარცხდებიან, თუკი ევროკავშირის მართვას ისე შეეცდებიან, რომ საკუთარ სიმართლეში სხვა ევროპელებს არ დაარწმუნებენ.

გარდაქმნა, ლიბერალიზაცია, დემოკრატია ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს, ბევრი ამისთვის შესაძლოა მზად არ არის, მაგრამ ჩვენი გამოცდილება დემოკრატიული გარდაქმნების განხორციელებაში, ყველაფრის მიუხედავად, იმას ნიშნავს, რომ უნდა დავეხმაროთ ამ რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი