რა ეშველება ყირგიზეთს? - კვირის პალიტრა

რა ეშველება ყირგიზეთს?

ყირგიზეთს 1,2 მლრდ დოლარი დაუჯდება არეულობის დროს დანგრეული ეკონომიკის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა. ქალაქ ოშში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტიდან

ორი თვის შემდეგ მთავრობამ ზარალი დაიანგარიშა და ანტიკრიზისული პროგრამა მოამზადა. ფაქტობრივად, დოკუმენტის ავტორები აღიარებენ, რომ აპრილში ხელისუფლების ძალისმიერმა შეცვლამ, რასაც შეტაკებები და ქაოსი მოჰყვა, ქვეყანა სიღატაკის ზღვრამდე მიიყვანა;

ეროვნული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა, ათასობით მეწარმემ ქვეყნიდან გაიტანა თავისი ბიზნესი. რესპუბლიკის ბიუჯეტის დეფიციტი ევროპული სტანდარტებით დაშვებული 2-3+%-ის ნაცვლად 30%-ია. სახელმწიფოს არა აქვს ფული პენსიების, ხელფასის გასაცემად, საავადმყოფოებისა და ციხეების შესანახად. აპრილის შემდეგ მიღებული კრედიტები დახარჯულია. თუ ქვეყანა არ მიიღებს დიდ დახმარებას, მას ელის შიმშილი და მასობრივი მღელვარება.

ყირგიზეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, დოკუმენტში ნათქვამია, - საჭიროა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოვემზადოთო, შემოდგომა კი უკვე კარს არის მომდგარი, დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რა გზას დაადგება ქვეყანა, თუ დონორებისგან ფულს ვერ მიიღებს, დონორები კი მაინცდამაინც თავს არ იკლავენ იმისთვის, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას მილიონები ჩაუჯიბონ.

პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ დახმარების დიდ ნაწილს ადგილობრივი მოხელეები ითვისებენ. ნახევრად დანგრეული ქვეყანა, რომელმაც მოსავლის 30%-იც ვერ მოიწია, სახელმწიფო მმართველობის პარალიზებული სისტემა, ასობით ათასი უჭეროდ დარჩენილი კაცი, ცარიელი ხაზინა, სამოქალაქო ომის საფრთხე - ასეთია ყირგიზეთის 19-წლიანი დამოუკიდებლობის შედეგი. ოდესღაც აყვავებული ქვეყანა ახლა "მეორე ავღანეთის" სტატუსისაკენ მზარდი ნაბიჯით მიემართება.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი