ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელსაც ოჯახი ეძებს, ჩინეთში იმყოფება? - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელსაც ოჯახი ეძებს, ჩინეთში იმყოფება? - რას წერს უცხოური მედია?

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი, რომელიც კავშირზე 29 სექტემბრის შემდეგ არ გამოსულა, ჩინეთში იმყოფება, სადაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა South China Morning Post წერს.

"64 წლის ჰუნვეი, რომელიც პარალელურად ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გასულ კვირას, საფრანგეთიდან ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გადაიყვანეს", - წერს გამოცემა.

კონკრეტულად რას ეხება გამოძიება და სად იმყოფება ახლა ინტერპოლის პრეზიდენტი, ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც რადიო Europe 1 იუწყებოდა, ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

64 წლის მენ ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა. მისი განცხადებით, ჰუნვეი კავშირზე 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ არ გამოდის. აღსანიშნავია, რომ მენ ჰუნვეის ჩინეთში მივლინების მიზნების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"