"ბრიუსელში ან ბერლინში თუ ვინმე ფიქრობს, რომ იტალიაში მიგრანტებს ჩამოიყვანენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა აეროპორტს დავხურავთ" - კვირის პალიტრა

"ბრიუსელში ან ბერლინში თუ ვინმე ფიქრობს, რომ იტალიაში მიგრანტებს ჩამოიყვანენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა აეროპორტს დავხურავთ"

იტალიის შს მინისტრის მატეო სალვინის განცხადებით, იტალია ყველა აეროპორტს დახურავს გერმანიიდან დეპორტირებული მიგრანტების არასანქცირებული რეისებისთვის.

"თუ ვინმე ბრიუსელში ან ბერლინში ფიქრობს, რომ ასობით მიგრანტს ჩამოიყვანს იტალიაში არასანქცირებული ჩარტერული რეისების მეშვეობით, უნდა იცოდნენ, რომ მათთვის არცერთი აეროპორტი ხელმისაწვდომი არ იქნება. ჩვენ დავხურავთ ყველა აეროპორტს, როგორც პორტები დავხურეთ", - განაცხადა იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დევნილების საკითხზე გერმანულმა სააგენტომ მიგრანტებს წერილები დაუგზავნა მათი იტალიაში ტრანსფერის შესახებ.

თავის მხრივ, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მიუნხენის აეროპორტის პერსონალი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მიუნხენიდან იტალიის მიმართულებით მასშტაბური დეპორტაცია იგეგმება. საუბარია მიგრანტებზე, ვინც გერმანიაში ჩავიდნენ, თუმცა აქამდე იტალიაში იყვნენ დარეგისტრირებულნი.

"ინტერპრესნიუსი"