მორწმუნეები სიკვდილით დასჯის ბრალდებით გათავისუფლებული ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ - რა ხდება პაკისტანში? - კვირის პალიტრა

მორწმუნეები სიკვდილით დასჯის ბრალდებით გათავისუფლებული ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ - რა ხდება პაკისტანში?

ქრისტიანი ქალი, რომელსაც ღმერთის გმობის ბრალდებით სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, პაკისტანიდან გაქცევას გეგმავს, ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.

ასია ბიბი, მისი ძმის თქმით, პაკისტანს გათავისუფლების ოფიციალური პროცედურების დასრულებისთანავე დატოვებს.

ქრისტიანი ქალი 2009 წელს დააკავეს. მისმა ბრალდებამ კი მსოფლიოს დიდი ნაწილი გააოგნა - ასია ბიბი მუსულმან ქალებთან ერთად მინდორში მუშაობდა. მას ჭიდან წყლის მოტანა სთხოვეს. ვიდრე ჭასთან ნაპოვნ ძველ მეტალის ჭიქას სხვებს გადააწოდებდა, ბიბიმ წყალი ჯერ თავად მოსვა. ასიას მეზობელმა, მუსარატმა, რომელიც ქრისტიანი ქალის ოჯახთან დაპირისპირებული იყო, დაინახა, როგორ დალია წყალი ბიბიმ და გაღიზიანებულმა უთხრა, რომ აკრძალული იყო ქრისტიანებისთვის დალევა იმავე ჭურჭლიდან, საიდანაც მუსულმანები სვამენ, მას სხვა ქალებიც დაეთანხმნენ.

როგორც ასია ბიბი იხსენებს, მუსარატმა ქრისტიანობისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა დაიწყო და მას მოსთხოვა, მუსულმანობა მიეღო.

"მე მჯერა ჩემი რელიგიის და იესო ქრისტესი, რომელიც ჯვარზე გარდაიცვალა ადამიანების ცოდვების გამო. მსგავსი რამ გაუკეთებია თქვენს წინასწარმეტყველს? იქნებ მე კი არ უნდა მივიღო ისლამი, თქვენ მიიღოთ ქრისტიანობა?" - უპასუხა მათ ბიბიმ.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსარატმა სხვა მეზობლებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასიას და ღმერთის გმობაში დაადანაშაულა. ადგილობრივმა იმამმა ბიბის მოუწოდა, რომ ან ისლამი მიეღო, ანდა - სასიკვდილო განაჩენისთვის მომზადებულიყო. ქალმა უპასუხა, რომ საკუთარი რელიგიის უარყოფას არ აპირებდა, თუმცა არც სასჯელს იმსახურებდა, რადგან უდანაშაულო იყო.

ასია ბიბი დააკავეს და 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, ქალი განაჩენის სისრულეში მოყვანას 8 წელი ელოდებოდა. გაგრძელება