"აქ შიშს ვე­რა­ვის ვა­ტყობ" - ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის ახალი ფაზა და საფრთხე ქართველებისთვის - კვირის პალიტრა

"აქ შიშს ვე­რა­ვის ვა­ტყობ" - ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის ახალი ფაზა და საფრთხე ქართველებისთვის

ისრაელ - პალესტინის კონფლიქტი ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტად მიიჩნევა და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. აქედან გამომდინარე, მშვიდობა და სტაბილურობა ამ რეგიონში ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის ნათელი დასტურია ღაზას სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კერძოდ, 11 ნოემბერს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 100-მდე ობიექტზე.

ღაზას სექტორი დაბომბვის შემდეგ

მდგომარეობის ესაკალაცია ისრაელის სპეციალური ძალების მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაციის გამოაშკარავებას მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით ისრაელის სპეციალური სამხედრო დანაყოფი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო შესული ფარული ოპერაციის ჩასატარებლად, როდესაც აღნიშნული ჯგუფი შემოწმების მიზნით გააჩერა ჰამასის ადგილობრივმა ლიდერმა. სწორედ ამ შეხვედრისას, ორმხრივი სროლის დროს, დაიღუპა ჰამასის ადგილობრივი მეთაური და ებრაელი სამხედრო. ორმხრივ სროლებს ამ მომენტისთვის უკვე რვა ადამიანი ემსხვერპლა.

სამშაბათ საღამოს ჰამასმა და პალესტინის სხვა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ თანახმანი იყვნენ მიეღოთ ეგვიპტის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ლიბერმანმა განაცხადა რომ ის მხარს არ უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მთავრობაც სერიოზულ შეცდომას უშვებდა ჰამასთან რაიმე სახის შეთანხმების დადებით. ახლანდელი ინფორმაციით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა ამ შემთხვევაშიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში. საქმე იმაშია რომ უკვე წლებია ვერ ხერხდება რეალური შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის.

ყველაფერი, რაც ამ კონფლიქტზე უნდა ვიცოდეთ:

რა არის ღაზას სექტორი?

ღაზას სექტორი პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელზე თვითმმართველობის უფლებაც ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას 1994 წელს გადასცა. ღაზა ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებში გამარჯვებისა და 2007 წელს ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ჰამასი მოქმედებდა როგორც ღაზას სექტორის დე-ფაქტო მმართველი და პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პალესტინელ ხალხს.

რა არის ჰამასი?

ჰამასი, რაც პირდაპირი მნიშვნელობით "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას" ნიშნავს, პალესტინის სუნიტურ-ისლამისტური ფუნდამენტალური მოძრაობაა და მისი მიზანია პალესტინის განთავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან და დასავლეთ სანაპიროზე ისლამური რესპუბლიკის შექმნა. alt ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და "ჰუმან რაითს ვოჩის" მიერ.

დაპირისპირებები ღაზას სექტორში?

ჯერ კიდევ "ჰამასის" მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ დააწესა ისრაელმა ბლოკადა ღაზას სექტორზე და შეზღუდა პროდუქტისა და მოსახლეობის გადადგილება საზღვრებს შიგნით და გარეთ, რამაც განსაკუთრებით დაამძიმა ტერიტორიის მოსახლეობის მდგომარეობა. 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე რამდენჯერმე განახლდა შეარაღებული დაპირისპირებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და "ჰამასის" მებრძოლებს შორის. მათ შორის იყო 2008, 2009, 2012 და 2014 წლის საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმები.

საფრთხე ქართველებისთვის მოგეხსენებათ, ისრაელში ათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მათი ნაწილი სახიფათო ზონაშია. AMBEBI.GE-მ გამოაქვეყნა სტატია, თუ როგორ ცხოვრობენ მუდმივი საომარი მდგომარეობის პირობებში ადამიანები, არის თუ არა პანიკა და რა ხდება ავიადაბომბვების დროს. გამოცემასთან ისრაელში მცხოვრებ ქართველები საუბრობენ:

ისრაელის ქალაქი აშდოდი

მათე, 26 წლის:

"მეორე წელია ისრაელის უდიდეს საპორტო ქალაქ აშდოდში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ეს ადგილი თავისი მნიშვნელობით ძალიან საინტერესოა “ჰამასისთვის,” მაგრამ ძალიან საიმედოდ არის დაცული... ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პალესტინელები გააქტიურდნენ, ძალიან შემეშინდა, მშენებლობაზე ვმუშაობ და ვიფიქრე, ყველაფერი ხომ არ მივატოვო-მეთქი.

უფროსმა მითხრა - ასე ვართ ჩვენ დაარსების დღიდან, არაფერი გემუქრებაო. თავიდან ძალიან ემოციური იყო შავი წერტილებივით გამოფრენილი ბომბების ყურება, რომლებიც შემდეგ იისფრად ნათდებიან და ქრებიან... თუმცა, აქაურები ძალიან მშვიდად არიან. შიშს ვერავის ვატყობ". იხილეთ სრულად ისრაელის ჯარისკაცები

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრაელშიც: "რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად" - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მიმართავს

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)