"აშშ ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს" - კვირის პალიტრა

"აშშ ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს"

აშშ ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს. ევროპელების უსაფრთხოება ამგვარი პოლიტიკის მძევალი ხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პორტუგალიურ გამოცემა "პუბლიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, "უკრაინაში კრიზისი აშშ-ს გეოპოლიტიკური თამაშებისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის სიბრმავის შედეგია". მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისმა ძირი გამოუთხარა ნდობის ატმოსფეროს, რომლის შექმნისთვისაც რუსეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ბევრი წელი დახარჯეს.

"რუსეთისა და ევროკავშირის დიალოგის არქიტექტურა სერიოზულად დარღვეულია. ევროპელი მწარმოებლები მილიარდობით ზარალს განიცდიან. კიევის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომობს. ევროპაში ახალი კონფლიქტი გაჩნდა, ხოლო აშშ კი არანაირად არ ზარალდება"- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამ სიტუაციით სარგებლობს და ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს.

"ინტერპრესნიუსი"