"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ" - უკრაინის პატრიარქი რუსეთს მიმართავს - კვირის პალიტრა

"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ" - უკრაინის პატრიარქი რუსეთს მიმართავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" იუწყება.

უკრაინის პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა.

"უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ?" - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

მან ასევე მიმართა რუსებს და ისინი, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია.

"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!" - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"