"რუსეთს მუდმივად სჭირდება სადღაც "გაისროლოს" - როგორ გაგრძელდება "აზოვის ზღვის კრიზისი?"
"რუსეთს მუდმივად სჭირდება სადღაც "გაისროლოს" - როგორ გაგრძელდება "აზოვის ზღვის კრიზისი?"
ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. აღნიშნული 26 ნოემბერს გაეროში განიხილეს. აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება "უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო". მან მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ მოსკოვისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, რადგან ახალი შეზღუდვები მდგომარეობას უფრო გაართულებს.

უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი
ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია. დეპუტატები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც შეთანხმდნენ - ის 31 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის ელჩის გაერო-ში, დმიტრი პოლიანსკის თქმით,
უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ და მესაზღვრეების ბრძანებას არ ემორჩილებოდნენ. მან ინციდენტი წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა და დასძინა, რომ ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პეტრო პოროშენკოს რეიტინგის ამაღლებაზე იყო გათვლილი.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ მოსწონს, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება: "ევროპაშიც არ მოსწონთ ეს და ისინიც მუშაობენ ამ საკითხზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ამაზე. იმედია, სიტუაცია დარეგულირდება".

რუსეთის ელჩი გაერო-ში, დმიტრი პოლიანსკი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით კი, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის მხრიდან პროვოკაცია იყო.

"რუსეთის პრეზიდენტმა 25 ნოემბერს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი სახიფათო ინციდენტი განიხილა. ვლადიმირ პუტინმა უკრაინული მხარის ქმედებები პროვოკაციად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

  • 25 ნოემბერს დილას უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან მარიუპოლისკენ ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი გაგზავნეს.
  • მოგვიანებით, უკრიანის სამხედრო საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ რუსული კატარღები ცდილობოდნენ მათ ხელში ჩაგდებას.
  • რუსეთმა უკრაინა მათ ტერიტორიულ წყლებში არალეგალურად შესვლაში დაადანაშაულა.
  • საღამოს უკრაინამ განაცხადა, რომ მათ მხარეს რუსულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური.
  • რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მათ გამოიყენეს იარაღი უკრაინელების შესაჩერებლად და თქვეს, რომ დაიჭრა სამი უკრაინელი.
  • ოფიციალურმა კიევმა რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.
  • აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ორმა უკრაინულმა ხომალდმა ქერჩის სრუტე ყოველგვარი ინციდენტის გარეშე გაიარა.


რატომ ხდება ეს მოვლენები ახლა?

  • რეგიონში ორ მხარეს შორის დაძაბულობა მუდმივად იზრდება. ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიწყო ყველა იმ ხომალდის შემოწმება, რომელიც უკრაინიდან ან უკრაინაში აზოვის ზღვაში მოძრაობენ. მოსკოვის მხარე ამას უსაფრთხოების ზომების მიღებით ხსნის.
  • უკრაინა რუსეთს აზოვის ზღვის დაკავების მცდელობაში, უკრაინის ეკონომიკის დაზარალებასა და მის პორტებზე წვდომის დაბლოკვაში ადანაშაულებს.

რატომ არის რუსეთსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა?

უკრაინამ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა.

რუსეთი დასავლეთ უკრაინას მისი ინტერესების შემაფერხებლად მიიჩნევს.

2014 წელს მოსახლეობამ უკრაინაში პრორუს ლიდერის მმართველობა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ დაამხეს, ეს ყველაფერი კი მთავრობის გადაწყვეტილებამ - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უარყოფამ გამოიწვია.

ამის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, ხოლო რუსეთისგან მხარდაჭერილმა უკრაინელმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, მთავრობას განუდგნენ. კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. (წყარო)

ცნობისთვის: ქერჩის ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს დაუკავშირდა, ოფიციალურად 2018 წლის მაისში გაიხსნა. მისი მშენებლობა რუსეთმა 2015 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს გაიხსნა ხიდის საავტომობილო ნაწილი, ხოლო 2019 წელს სარკინიგზო ნაწილის გახსნა იგეგმება. აღნიშნული ხიდის საერთო სიგრძე 19 კილომეტრია და ყირიმის ნახევარკუნძული კრასნოდართან დააკავშირა.
ქერჩის ხიდი
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ვანო მაჭავარიანის განცხადებით რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა, რომელიც შეეხება ზღვაზე გადაადგილებას, მათ შორის ის სამხედრო აგრესია და პროვოკაცია, რომელიც მოაწყო უკრაინული საზღვაო ძალების წინააღმდეგ.

როგორც მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა, მნიშვნელოვანია დასავლეთმა დროული და სწორი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.

"რუსეთს უნდა აკონტროლოს აზოვის ზღვა, ამას წინ უძღოდა ხიდის მშენებლობა, რომელმაც რუსეთი დააკავშირა ყირიმთან. არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელსაც რუსეთისთვის როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მას უნდა, რომ თავიდან ბოლომდე დაეპატრონოს აზოვის ზღვას. უკრაინამ, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით სუსტია, განსაკუთრებით ზღვაზე, სადაც რუსეთი დომინირებს თურქეთთან ერთად, გარანტია უნდა მიიღოს. ფაქტია, რომ ამას დასჭირდება საერთაშორისო მექანიზმები, რუსეთი, რა თქმა უნდა, ამას ეწინააღმდეგება ყველა მიმართულებით. ამ თვალსაზრისით დასავლეთის პოზიცია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აზოვის ზღვა და არ შეეხება შავ ზღვას ან ევროპულ უსაფრთხოებას, მგონი, უკვე მოძველებულია და დასავლეთი უბრალოდ ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს საერთაშორისო დიპლომატიური, ეკონომიკური თუ ფინანსური მეთოდებით იმისათვის, რომ რუსეთი შეაკავოს და უფრო აგრესიულად არ მოიქცეს მეზობლებს".

კითხვაზე, როგორი და რა სახის მხარდაჭერა უნდა იყოს საქართველოს მხრიდან, მაჭავარიანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული იმ ე.წ. მოკავშირე ქვეყნებიდან, რომელიც დაკავშირებულნი არიან დასავლეთთან.

"რუსეთი ყოველთვის ტესტავს სუსტ წერტილებს, როგორიც არის, მაგალითად, უკრაინა, საქართველო და ა.შ., რათა ნახოს რამდენად მზად არის დასავლეთი ან ნებისმიერი სხვა ოპონენტი რამე ტიპის წინააღმდეგობისთვის, ვგულისხმობ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ თუ სხვა მიმართულებებს, რაც პრობლემატურია რუსეთისთვის.

რუსეთს სჭირდება სადღაც  "გაისროლოს" იმიტომ, რომ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი პუტინისგან მოითხოვს თავის მოსახლეობას აჩვენოს ძალა, რათა ამით გადაფაროს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები, რაც ამ ქვეყნის წინაშე დგას. ხალხს უნდა როგორმე დაანახოს, რომ მას არ სცალია ქვეყნის შიგა პრობლემებისთვის, რადგან უწევს დიდი გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელება და ამაში ხელს უშლის უკრაინა თუ სხვა ქვეყანა.

თუ დააკვირდებით, რუსეთი "თავის ტერიტორიაზე" მოქმედებს, მან გადაწყვიტა, რომ ეს ხიდი არის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც რაღაც ფორმებით უკრაინამ უნდა მიიღოს, რადგან სხვა შემთხვევაში ის ამ გასასვლელს ჩაკეტავს...

რაღაცა ფორმით რუსეთისთვის ყოველთვის მოიძებნება საბაბი, რომ არ გაატაროს უკრაინის სამხედრო, კომერციული, სავაჭრო თუ სამოქალაქო გემები და რეალურად ჩაკეტოს აზოვის ზღვა უკრაინისთვის, რათა ეს ქვეყანა ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს".

(სპეციალურად საიტისთვის)

maia
28 ნოემბერი 2018 11:27
რუსეთი მაგარია ბრავო რუსეთს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
დღის კითხვადი სტატიები