უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - კვირის პალიტრა

უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა პეტრო ციგიკალმა განაცხადა.

მისი თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის ზომებია გაძლიერებული, შეზღუდულია უცხოელების შემოსვლა, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა, რათა რუსეთმა უკრაინაში „კერძო არმიების შექმნა ვერ განახორციელოს“.

მან ასევე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, გაამკაცრონ რუსეთის მოქალაქეების რეგისტრაციის მოთხოვნები უკრაინის იმ 10 ოლქში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 30-დღიანი საომარი მდგომარეობა მოქმედებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს.

"ინტერპრესნიუსი"