ორბანი და სალვინი მაკრონისა და მერკელის წინააღმდეგ, "ბრექსიტი" და ულტრამემარჯვენეობა - 2019 წლის ევროპული პოლიტიკის ტენდენციები - კვირის პალიტრა

ორბანი და სალვინი მაკრონისა და მერკელის წინააღმდეგ, "ბრექსიტი" და ულტრამემარჯვენეობა - 2019 წლის ევროპული პოლიტიკის ტენდენციები

ახალი, 2019 წელი შესაძლოა, ევროპისთვის პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდეს. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს "ბებერ კონტინენტზე" 2019 წელს? - ყველაფრის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა წლის დასაწყისში მაინც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია მოსალოდნელი გადამწყვეტი მოვლენების შესახებ. ასე რომ, შეიძლება, გამოვყოთ ევროპული 2019 წლის რამდენიმე მთავარი მომენტი:

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "ბრექსიტია" - ბრიტანეთის გამოყოფა ევროკავშირისგან. "არისტოკრატებმა" გადაწყვეტილება, რომ ევროპასთან შერწყმას იზოლაციონისტური პოლიტიკა სჯობდა, 2017 წელს მიიღეს, მაგრამ ევროკავშირის წესებით, ამას გარკვეული დრო სჭირდება. მიუხედავად იმისა, ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ვის მოსწონს და ვის - არცთუ ისე ეპიტნავება (ევროპის უმეტესი ნაწილი უკანასკნელ პოზიციას ემხრობა), "ბრექსიტი" 2019 წლის პირველი თვეების მთავარი ამბავი იქნება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მაგრამ მის გარშემო კვლავ არსებობს კითხვის ნიშანი, როგორიცაა, ნამდვილად გამოეყოფა ბრიტანეთი ევროკავშირს, თუ ბოლო მომენტში „გადაიფიქრებს" ან ბრიტანეთში იმავე საკითხზე მეორე რეფერენდუმი ხომ არ ჩატარდება?..

Financial Times-ის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, "ბრექსიტი" არ მოხდება და ბრიტანეთი თვითდაზიანების აქტისგან საკუთარ თავს ბოლო წამებში იხსნის. "პრემიერმა, ტერეზა მეიმ 2016 წელს თქვა: "ბრექსიტი ნიშნავს ბრექსიტს", მაგრამ 2 წლის შემდეგ მისი პარტიაც კი ვერ თანხმდება, ამიტომ, პარლამენტის შეუთანხმებლობა "ბრექსიტთან" დაკავშირებით საკითხს ელექტორატს დაუბრუნებს, მეორე რეფერენდუმზე კი ხალხი ქვეყნის ისეთი რეპუტაციის აღდგენას მისცემს ხმას, რომელიც უბრალო აკვიატების გამო ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას არ დათმობს", - ვკითხულობთ გამოცემაში.

შემდეგი ორი მოვლენა ნაწილობრივ ერთმანეთს კვეთს - ერთი პოპულისტური ულტრამემარჯვენეობის აყვავებაა, მეორე - არჩევნები ევროპარლამენტში. ბოლო ხანს ვხედავთ ულტრამემარჯვენე ფრთის გააქტიურებას და თუ პოპულისტური პარტიები წელს წინ წაწევას შეძლებენ, ევროპაში პარტიების მხრივ საკმაოდ არაჰომოგენური სიტუაცია შეიქმნება და რადიკალური მემარჯვენე ფრთა მეტ წარმატებას მიაღწევს.

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი

პროგნოზირებენ, რომ დღევანდელ სახელისუფლებო პარტიებში თანხმობა დაიკარგება: მაგალითად, ფინეთის მწვანეთა და საბერძნეთის სირიზას პარტიებში. მხარდაჭერას მცირედ დაკარგავს დანიის სახალხო პარტიაც, რომელიც მხარს უჭერს უმცირესობის ლიბერალ მთავრობას. თანაც, სხვა რადიკალური, პოპულისტური მემარჯვენე პარტიები, ამჟამად ოპოზიციაში მყოფნი (მაგალითად, პარტია „ვლაამს ბელანგი" ბელგიაში), მშვენიერ შედეგებს მიაღწევენ.

ევროპარლამენტის არჩევნები, რომელზეც, ევროპული პოპულიზმის აღმავლობა, წესით, გავლენას მოახდენს, მაისში გაიმართება. აქ მნიშვნელოვანი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და პარტიის შედეგები კი არა, მათი შემადგენლობა უფროა. თუ ბრიტანელები ევროკავშირიდან გავლენ, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი დარჩება რთული გამოწვევების წინაშე. შესაძლებელია, გამოიყოს ორი ჯგუფი: "რბილი ევროსკეპტიკოსები" და "მძიმე ევროსკეპტიკოსები". ევროპაში პროგნოზირებენ, რომ "რბილებიდან" რომელიმე პარტია შეიძლება დაიშალოს, ხოლო "მძიმეებიდან" რომელიმემ ბევრი ყოფილი წევრი კვლავ შემოიერთოს და მეტად ორიენტირდეს ექსტრემალური მემარჯვენე ფრთისკენ, ითანამშრომლოს ან საერთოდ, შეუერთდეს მარინ ლე პენის პარტიას, „ეროვნულ გაერთიანებას".

Financial Times-ის პროგნოზით, ევროპულ პარლამენტში პოპულისტები წარმატებას მიაღწევენ. "მსგავსი არჩევნები პოპულისტებისა და ნაციონალისტების სავარაუდო წარმატებაზეა მორგებული. რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყნების უმეტესობაში იმიგრაცია უმთავრესი თემაა. ნაციონალისტური პარტიები, მაგალითად, სალვინის "ლიგა" იტალიაში, დიდ წარმატებას მიაღწევენ".

ევროპაში იდეებისა და იდეალების შეჯახება უკვე დაწყებულია. პროტექციონიზმზე კონცენტრირებული ქრისტიანული სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან მათთვის ზედმეტად ინტეგრირებულ, თუ ინტეგრაციის გზაზე მდგარ ევროპას, რომელიც იმიგრაციასა და გლობალიზაციას ხელგაშლილი ეგებება. ამის ფონზე პოპულისტური ფიგურები ადიან სცენაზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა (რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ტანდემი არ ცდება, როდესაც მას მთავარ ოპონენტად ხედავენ) და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წინააღმდეგ მხედრდებიან. მაკრონი და უფრო ნაკლებად, მერკელი "კარჩაკეტილ" ორბანსა და სალვინის ბრძოლას გამოუცხადებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ისლამის როლი ევროპელ საზოგადოებაში, მიგრაცია, სამართლის უზენაესობა და ევროპული ინტეგრაციის მომავალი.

მაგრამ Economist ვარაუდობს, რომ მიუხედავად პოპულისტების წარმატებისა, არც ფეხმოკიდებული პოლიტიკური ჯგუფები დაკარგავენ ძალას, ასე რომ, გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.

'ყვითელი ჟილეტების" აქცია საფრანგეთში

დაბოლოს, უკანასკნელი ფაქტორი - საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მას პრობლემებს ე.წ. "ყვითელჟილეტიანები" ქუჩაში უქმნიან სწორედ მაშინ, როდესაც ის და მისი მოძრაობა En Marche საფრანგეთსა და ევროპაშიც პოპულარობას კარგავს. რას იზამს პრეზიდენტი - უკან წაიღებს რეფორმებს, რომ "ყვითელჟილეტიანები" შეაჩეროს? ამაზე პასუხს Financial Times-ის ექსპერტები სცემენ: "დიახ, რადგან მას არჩევანი არ აქვს. დაუყოვნებლივ დათმობებზე წასვლა პოლიტიკური არსებობის შეწყვეტას გაუტოლდებოდა, ამიტომ ახლა ტაქტიკური პაუზის პერიოდია, რომლის დროსაც ხალხს საშუალება მიეცემა, ბრაზისგან დაიცალონ; სიტუაციის ჩაწყნარების მერე მაკრონი საწვავის ფასის ზრდაზე პოზიციას დათმობს. სამაგიეროდ, სხვა სფეროებში ეცდება რეფორმების გატარებას: პენსიები, ბიზნესის რეგულირება და ა.შ. ამჯერად უკეთესი შედეგის მისაღებად მას მოუწევს, ხალხის თანადგომა უფრო მარჯვედ მოიპოვოს".

ყველა თემა უპირველესად, ევროპას უკავშირდება, თუმცა საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობისაა. როდესაც სახელმწიფო ევროკავშირის წევრობისკენ მიილტვის, ამჟამინდელი ევროპული ტენდენციები - პოპულიზმისა და უკიდურესად მემარჯვენე ფრთის მზარდი წარმატება - უსიამოვნო წინათგრძნობებს ქმნის, რამაც შეიძლება, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი, სულ ცოტა, შეანელოს. თუმცა იმედია, რომ Financial Times-ის პროგნოზი, რომ ბრიტანელები „ბრექსიტისგან "თავს ბოლო წამებში იხსნიან", ევროპელებზე სხვა მხრივ გავრცელდება და ისინი რადიკალურად მემარჯვენე ფრთის აყვავების ხელშეწყობას არ გააგრძელებენ.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)