ვივიან რედინგი - სარკოზის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ვივიან რედინგი - სარკოზის წინააღმდეგ

ევროკავშირის კომისარმა იუსტიციისა და სამოქალაქო უფლებათა დარგში ვივიან რედინგმა საფრანგეთს მოსთხოვა "უახლოეს დროში" წარმოადგინოს ახსნა-განმარტება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოშებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების თაობაზე.

ლაპარაკია იმ დადგენილებაზე, რომელშიც მინისტრი პოლიციის პრეფექტებისგან მოითხოვს სამასი არალეგალური სადგომის - "უპირველესად ბოშათა სადგომების" ლიკვიდაციას. კომისარმა ვივიან რედინგმა სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ადმინისტრაციას შეუძლია თავის მოხელეებს მოსთხოვოს ხალხის გასახლება ეთნიკური ნიშნით.

ევროკომისარმა თავის გამოსვლაში განაცხადა - "არ მეგონა, რომ ევროპა შეიძლებოდა გამხდარიყო მსგავსი ვითარების მოწმე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ". ევროკავშირის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კომისარ ვივიან რედინგს. ევროკომისიის პრესმდივნის განცხადებით ვივიან რედინგი მთელი ევროპული კომისიის სახელით გამოვიდა. პარიზში ელისეს სასახლემ გამოუშვა კომუნიკე, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკომისრის გამოსვლა "მიუღებლად" მიაჩნია.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს - დიალოგი არსებით საკითხზე უნდა ვაწარმოოთ, უაზრო პოლემიკა უშედეგოაო. ნიკოლა სარკოზის განცხადებით საფრანგეთს არანაირი ევროპული წესი არ დაურღვევია და ვივიან რედინგმა, რომელიც საფრანგეთიდან ბოშების გასახლებას აკრიტიკებს, შეუძლია საკუთარ სახლში, ლუქსემბურგში მიიღოს ისინიო.

"ფიგარო", საფრანგეთი