ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი - კვირის პალიტრა

ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს საკითხი ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეიმ არაფორმალურ სამიტზე გამოიტანა განსახილველად.

"აქამდე ჩვენ გვყავდა სტრატეგიული პარტნიორები, ახლა უკვე სტრატეგიაც გვჭირდება", - თქვა ჰერმან ვან რომპეიმ. ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ "სტრატეგიული პარტნიორობა" პათოსურ პოლიტიკურ ლოზუნგად რჩება, რომელსაც არანაირი აზრობრივი დატვირთვა არ გააჩნია.

ევროკავშირსა და აშშ-ს პარტნიორობაზე ხელშეკრულება არ დაუდვიათ, მათი საგარეო პოლიტიკური კურსი განსხვავებულია, მაგრამ განა ვინმეს ეეჭვება, რომ ამერიკა ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

ევროკავშირი რუსეთთანაც წარმართავს მოლაპარაკებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თუმცა ბევრი წინააღმდეგობა ხვდება. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ არის, რაც აგრეთვე ართულებს მოლაპარაკების პროცესს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგიის აუცილებლობა ცხადი გახდა 2009 წლის დეკემბერში კლიმატთან დაკავშირებით კოპენჰაგენში გამართულ გაეროს კონფერენციაზე.

კონფერენციის შედეგი, მართალია, არც ისე სახარბიელო, ძირითადად განისაზღვრა აშშ-ის, ჩინეთის და ინდოეთის ლიდერების შეხვედრაზე, ევროკავშირი კი, რომელიც მანამდე ამ თემატიკის წამყვანად ითვლებოდა, განზე გადგა. ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს აგრეთვე ბრაზილიასთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, მექსიკასთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი