"ნაბუკო" - ევროპას: "ჩვენ ვცოცხლობთ!" - კვირის პალიტრა

"ნაბუკო" - ევროპას: "ჩვენ ვცოცხლობთ!"

"ნაბუკოს" კონსორციუმმა (ექვსი ენერგეტიკული კომპანია, რომელმაც კასპიის გაზის ევროპისთვის მისაწოდებლად ეს 3 300-კმ-იანი და 7.9 მლრდ ევროს ღირებულების

გაზსადენის მშენებლობა დაგეგმა) ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებობს) ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა.

ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, კრედიტორები პროექტს შეისწავლიან და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ის 4 მლრდ ევროს მოცულობის კრედიტს.

სამივე ორგანიზაცია "ნაბუკოს" დეტალურ შემოწმებას შეუდგება - ეს არის ბანკებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც ისინი მსგავსი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ. რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ფულს მიიღებენ.

"ნაბუკოს" პროექტის ხელმძღვანელებმა გამართეს პრეს-კონფერენცია და უამრავი ჟურნალისტი მიიწვიეს. ბრიუსელში თავი მოიყარა როგორც პროექტის ხელმძღვანელობამ, ასევე კრედიტორებმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტის განვითარების პროცესში გარდამტეხი მომენტი დადგა.

რა საჭიროა ასეთი მონდომება? პასუხი მარტივია. "ნაბუკო" სხვა მილსადენებს კონკურენციას უწევს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და ამით იმის თქმა სურს, რომ ფარ-ხმალს არ ყრის.

ვლადიმირ პუტინიც განცხადებით, "ნაბუკოს" მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს გარანტია, ამ ვირტუალურ მილსადენში რაიმე თუ გაივლის.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთს არა აქვს.

ევროკავშირში ამბობენ, რომ პროექტს 200 მლნ ევროთი დააფინანსებენ ბლოკის იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც კონტინენტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განმტკიცებას და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, მაგრამ ფულის მისაღებად "ნაბუკომ" უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფულის ათვისებას წლის ბოლომდე დაიწყებს.

ეს არც ისე იოლია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მილები გაზით მხოლოდ 2015 წელს დაიტვირთება.

მეორეც, იმ კომპანიებმა, რომლებიც“კასპიის აუზის აზერბაიჯანული მხრიდან საბადო შაჰ-დენიზი-2-ში გაზს მოიპოვებენ, მოლაპარაკებები დაიწყეს პოტენციურ მყიდველებთან, რადგან გაზის გაყიდვას ჩქარობენ.

ფუნქციონირების დასაწყებად "ნაბუკოს" სჭირდება, რომ მილსადენი 8 მლრდ კუბმეტრი გაზით მაინც დაიტვირთოს, მაგრამ კონკურენცია სასტიკია და იმავე გაზზე პრეტენზიას კიდევ ორი პროექტი აცხადებს. იმ კომპანიების დასარწმუნებლად, რომლებიც გაზს შაჰ-დენიზში მოიპოვებენ, "ნაბუკომ" საკუთარი თავი სანდო პარტნიორად უნდა წარმოაჩინოს და მაშინ მილსადენი გაზით დაიტვირთება.

"უოლ სტრიტ ჯურნალი", აშშ