სამხრეთ კავკასიის ჟანდარმი - კვირის პალიტრა

სამხრეთ კავკასიის ჟანდარმი

სომხეთის მოკავშირე რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანთან  და მის ნავთობთან დაახლოებას ცდილობს. რუსეთი, რომელიც სომხეთს თავისი სამხედრო ბაზისთვის 24 წლით ვადის გახანგრძლივებაზე მოელაპარაკა, აზერბაიჯანს (სომხეთის მოწინააღმდეგე მეზობელი) საზენიტო-სარაკეტო სისტემა შ-300-ს აწვდის.

აი, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვი ჟანდარმის როლს კისრულობს. "ჩვენი, როგორც რეგიონის უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის ამოცანა აქ მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფაა", - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა ბაქოში ვიზიტის დროს.

მეორე დღეს თითქოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის გაბატონებული არასტაბილურობის ხაზგასასმელად, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში, რომლის კონტროლსაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ეცილებიან, ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი, შეიარაღებული შეტაკებების ადგილი გახდა, რამაც საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ ათობით ათასი სიცოცხლე შეიწირა. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობა უუნარობას ავლენს.

ბაქოში მოსკოვის და ერევნის გადამეტებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მტკივნეულად რეაგირებენ, რაც აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი რეგიონში დაუბალანსებელ პოლიტიკას აწარმოებს, ებრძვის რა ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიაში და იმავდროულად, ამიერკავკასიაში სომხურ სეპარატიზმს აქეზებს. "ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს სტაბილურობას.

რუსეთმა რეგიონში ერთიანი, თანამიმდევრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს", - მიაჩნიათ ბაქოელ პოლიტოლოგებს. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანს ირანის საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთს ასევე სჭირდება აზერბაიჯანის ნავთობის მნიშვნელოვანი რესურსები, რომლის დამუშავებაშიც წამყვანი ამერიკული კორპორაციებიც მონაწილეობენ.

რუსეთს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სჭირდება ასევე ირანის მიმართულებით ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში. კასპიის ზღვის გასწვრივ ის შეძლებდა დაახლოებით 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვას. რუსეთისთვის აზერბაიჯანი გლობალურ გეოსტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მთავარია, ქვეყანამ კურსი დასავლეთისკენ არ აიღოს, რასაც საქართველო უკვე აკეთებს. სწორედ ამიტომ, რუსეთი სისტემატიურად ცდილობს აქ მისი სომხეთთან ძალიან ახლო კავშირის დაბალანსებას.

ნიუზუიქი, აშშ