პროვინციელი ბიჭი, რომელიც მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა - ვინ არის "ვენესუელელი ობამა", რომელმაც პუტინს შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას
პროვინციელი ბიჭი, რომელიც მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა - ვინ არის "ვენესუელელი ობამა", რომელმაც პუტინს შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას
ფოტო:ხუან გუაიდო
დახურული მაღაზიები, გაზრდილი ფასები, გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქუჩაში გამოსული მოსახლეობა - უკვე ორ კვირაზე მეტია ვენესუელაში ურთულესი ვითარებაა.

ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, რომელიც საკუთარ თავს სტალინსა და სადამ ჰუსეინს ამგვანებს და რომლის გადადგომასაც მოსახლეობა ითხოვს, პოზიციებს არ თმობს.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციონერმა ლიდერმა ხუან გუაიდომ საპროტესტო აქციაზე საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების პარარალელურად მსოფლიო მასმედიის ყურადღება ხუან გუაიდომ მიიპყრო.


ვინ არის ხუან გუაიდო?
ხუან გუაიდო 1983 წლის 28 ივლისს, ქალაქ ლა გუიარაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მომავალი პოლიტიკოსის მამა პილოტი გახლდათ, დედა კი - მასწავლებელი.  1999 წელს, გუაიდოს ოჯახი სტიქიურ უბედურებას გადაურჩა, როდესაც ვენესუელაში საუკუნის ტრაგედია დატრიალდა - ღვარცოფმა და მეწყერმა 30 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. გუაიდოს ოჯახი სწორედ უბედურების
ზონაში ცხოვრობდა, მათი სახლი სასწაულებრივად გადარჩა და მხოლოდ სახურავი დაუზიანდა.

"გუაიდო საკუთარ თავს საშუალო ფენის ვენესუელელად წარმოაჩენს - პროვინციელია, არ დაბადებულა მდიდარ ოჯახში, დიდი წვალებით მოხვდა უნივერსიტეტში, მის მშობლებს კი სწავლის საფასურის გადახდა უჭირდათ" - ამბობს პოლიტიკოსის ყოფილი თანაკურსელი. მისივე თქმით, "ის გულღია პიროვნებაა და სწამს, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტებმა სამართლის ჩარჩოებში უნდა იმუშაონ".

მან უკვე სტუდენტური წლებისას დაიწყო პოლიტიკური აქტივისტობა, მონაწილეობდა უგო ჩავესის მმართველობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

"ხუანი ყველაფერს გეგმავს, მას არ უყვარს იმპროვიზაცია", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ხუანის მეგობარი.

2007 წელს გუაიდომ ანდერს ბელეს სახელობის უნივერსიტეტში სამრეწველო ინჟინერიის განხრით დიპლომი აიღო, მაგისტრატურა კი საჯარო ადმინისტრირების განხრით აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიარა.

2009 წელს გუაიდომ ოპოზიციის ლიდერთან ლეოპოლდო ლოპესთან ერთად დააარსა პარტია "ხალხი ნება". მოგვიანებით ლოპესი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით ლოპესს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

დეპუტატობიდან ლიდერობამდე
ახალგაზრდა ინჟინერი დიდ პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა, როდესაც ის ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს პარტიიდან "ხალხის ნება". პარლამენტის თავმჯდომარე ის სრულიად მოულოდნელად გახდა. 2015 წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვების შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ყოველ წელს ფრაქციის ლიდერები დაიკავებდნენ. ამ წელს სწორედ პარტია "ხალხის ნების" ჯერი დადგა, თუმცა პარტიის ხელმძღვანელები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ლიდერი ლეოპოლდო ლოპესი შინაპატიმრობაში გახლდათ, კიდევ ერთი პოლიტიკოსი კარლოს ვეკიო აშშ-ში გაიქცა, ხოლო მის შემცვლელს ფრედი გევარას 2017 წელს ანტისამთავრობო დემონტსრაციებში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა თავშესაფარი ჩილეში მოეთხოვა. ამის შედეგად ჯერი ხუან გუიდოზე მიდგა.
ლეოპოლდო ლოპესი
"ვენესუელელი ობამა"?
ზოგიერთები დიდ მსგავსებას ხედავენ ხუან გუაიდოსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის. ვენესუელელმა პოლიტიკოსმა საარჩევნო კამპანიის დროს ობამას ლოზუნგიც კი გამოიყენა - "დიახ, ეს შესაძლებელია!".
გახდება თუ არა გუაიდო მოქმედი პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია. ვენესუელას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ უარი განაცხადა აღიაროს გუაიდო და სატელევიზო გამოსვლის დროს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. მან გუაიდოს ქმედებებს "შოუ" უწოდა და განაცხადა, რომ "ბიჭუნების ჯგუფმა" ხელთ აიღო ოპოზიციის სადავეები. "ხალხი იკითხავს თუ ვინ არის ეს გუაიდო?", - დაამატა მადურომ.
გუაიდო ამტკიცებს, რომ მისი ქმედებები კონსტიტუციურია და აპირებს ქვეყანა დემოკრატიულ წყობაზე მშვიდობიანად გადაიყვანოს.
ხუან გუაიდოს მხარდამჭერ ქვეყნებს შორისაა - აშშ, კოლუმბია, ეკავდორი, პერუ, ჩილე, არგენტინა, პარაგვაი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საქართველო, უკრაინა, ალბანეთი, ხოლო ნიკოლას მადუროს მხარს უჭერს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ურუგვაი, ბოლივია და კუბა.

ჯერჯეობით ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ ესპანეთი, პორტუგალია, ბელარუსი, მექსიკა.

პირველი, ვინც გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა აშშ და მისი პრეზიდენტი ტრამპია. გავრცელებული ინფორმაცით, მას ზურგს აშშ-სთან ერთად, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა უმაგრებს.
თავის მხრივ მარტო არ არის მისი ოპონენტი მადუროც, რომლის "მეგობარიც" რუსეთის პრეზიდენტი პუტინია. კრემლს  გუაიდოს პოლიტიკურმა აქტიურობამ აშკარად პრობლემები შეუქმნა.

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელაში უკვე ჩავიდნენ რუსი სამხედრო კონტრაქტორები, კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" მებრძოლები (ამ ორგანიზაციაში შედიან ყოფილი რუსი სამხედროები). ამ ორგანიზაციის წევრები იბრძვიან სირიაში და იბრძოდნენ უკრაინაშიც.

სააგენტო ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ვენესუელაში დახლოებით 400 რუსია, რომელთა უპირველესი მოვალეობა ნიკოლას მადუროს, ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ პროცესებშიც იქნება ჩართული, როგორც სამხედრო კონსულტანტი მოვლენების დაძაბვის შემთხვევაში...
ხუან გუაიდო ცოლთან ერთად
რუსეთი რამდენჯერმე დაეხმარა ვენესუელას ფინანსურად - "როსნეფტმა" ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას, PDVSA-ს 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო 2017 წელს კომპანიის მიერ წამოწყებულ 5 მასშტაბურ პროექტში წილების სანაცვლოდ. ვალის დანარჩენი ნაწილი კი ნავთობის მიწოდებით დაიფარებოდა. გარდა ამისა, მოსკოვიდან კარაკასში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში 11 მილიარდი დოლარის ტრანზაქცია განხორციელდა სესხების სახით, რათა ვენესუელას რუსული სამხედრო იარაღი შეეძინა.

ეს თანხები არაფერს წარმოადგენს იმასთან შედარებით, რა შედეგიც შეიძლება ჰქონდეს ვენესუელას ნავთობის მარაგების გამოყენებას მსოფლიო ბაზარზე. ექსპერტების ანალიზით, ვენესუელაში ნავთობის იმაზე დიდი მარაგებია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში. ბოლო 20 წლის განმავლობაში უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო ნავთობის ინდუსტრიამ დიდი ზარალი განიცადა და მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა.

ახალი მთავრობა, ბუნებრივია, მეტ ყურადღებას მიაქცევს ნავთობის ინდუსტრიას. არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში ვენესუელამ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდებაც გაზარდოს შეერთებული შტატების მოთხოვნით, ამას კი ძალიან დიდი უკუშედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ამიტომაც არის, რომ რუსეთისთვის ვენესუელაში რეჟიმის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - სირიაში გავლენის შენარჩუნებაზე არანაკლები. იხილეთ სრულად

პირადი ცხოვრება
ხუან გუაიდო დაქორწინებულია ჟურნალისტ ფაბიანა როზალესზე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, მირანდა. აღსანიშნავია, რომ გუაიდოს სასიყვარულო ისოტრიების შესახებ არაფერი იძებნება მედიაში, როგორც ამბობენ, ის ერთგული მეუღლე და მეტად ყურადღებიანი მამაა.



მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

aburjga
29 იანვარი 2019 19:39
სტატიის ავტორს,
მადურო ე.წ. პრეზიდენტი არაა! არჩეული პრეზიდენტია! ხოლო გუეიდო ჯერ ჯერობით არის ამერიკის დასმული თვითგამოცხადებული (თვითმარქვია) პრეზიდენტი. ეს რაც ვთქვი არ ნიშნავს, რომ მადურო მომწონს და ვაქებ, ან გუეიდო მეჯავრება?! არამც და არამც, უბრალოდ სიმართლე არის ის რაც მე დავწერე! ახლა არ დამიწყოთ მადურომ არჩევნები გააყალბაო?! არჩევნები ვენესუელაში მთლიანად ელექტრონული ხმის მიცემით ტარდება, უკვე დიდი ხანია! ჯერ კიდევ ჩავესის თხოვნით აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა კარტერმა!!! შეიმუშავა ვენესუელას საარჩევნო სისტემა და ხმის მიცემის ელექტრონული მეანიზმები!
g55
29 იანვარი 2019 15:07
ობამა კი არა, ვენესუელელი სააკაშვილია. გადადექი-გადადექი... )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?