მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა ზრდიდა - "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" ცხოვრება, რომელიც ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს - კვირის პალიტრა

მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა ზრდიდა - "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" ცხოვრება, რომელიც ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს

"ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" - ხშირად ასე მოიხსენიებს მსოფლიო თანამეგობრობა და დასავლური მედია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს. ევროპული სახელმწიფოებისა და მედიისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი ავტორიტეტად მიიჩნევს და "ბატუშკას" ეძახის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანამ მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება მოახერხა, თუმცა დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია.

ფოტოგალერეა

ადრეული წლები და განათლება ალექსანდრე ლუკაშენკო 1954 წლის 30 აგვისტოს ვიტებსკის რაიონში, საქალაქო დასახლება კოპისში დაიბადა. მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა, ეკატერინა ტროფიმოვნა ზრდიდა, რომელიც ფერმაში მუშაობდა. მამაზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი მეტყევე იყო. აღსაზრდელად რთული ბავშვი, სკოლაში ცუდად სწავლობდა. ბავშვობა სოფელ ალექსანდრიაში გაატარა, სადაც ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დადიოდა სკოლაში. მოგვიანებით, მოგილევსკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ, ქალაქ შკლოვში საშუალო სკოლაში, კომკავშირის კომიტეტის მდივნად დაინიშნა. სკოლაში რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, ლუკაშენკო ჯარში გამოიძახეს, მომდევნო ორი წელი ის კე-გე-ბეს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა.

1980 წელს ის მეორედ წავიდა არმიაში, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატანკო საკითხების პოლიტიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

1985 წელს, ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის დასრულების შემდეგ, მომავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეკონომიკურ საკითხებში დიპლომი აიღო, ამავდროულად, წარმატებით ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სასოფლო- სამეურნეო საწარმო "გოროდეცს", სადაც ახალგაზრდა სპეცილისტის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი.

პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში

ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები "გოროდეცის" საწარმოში მისი წარმატებული საქმიანობით დაიწყო. ალექსანდრე გრიგორიევიჩი მოსკოვში ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლუკაშენოს კარიერის აღმავლობის ხანა დაიწყო. ალექსანდრე ლუკაშენკო

"კორუმპირებული" ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლმა ლუკაშენკომ ელექტორატის ნდობა მალევე მოიპოვა. ინტრიგების მიუხედავად, მან შეძლო ძალაუფლებამდე მიღწევა. ბელარუსის მომავალი პრეზიდენტის გეგმების განხორციელების დაწყების შემდეგ, მისი გუნდის წევრებმა ოპოზიციაში გადასვლა დაიწყეს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს ნაბიჯი პოლიტიკური ბიოგრაფიის ფინალიც გახდა. ვინაიდან, მხოლოდ ისინი დარჩნენ ბელარუსის ხელისუფლებაში, ვინც ლუკაშენკოს ბოლომდე გვერდით ედგნენ.

ალექსანდრე ლუკაშენკოს საარჩევნო პროგრამა დაფუძნებული იყო კოლაფსის ზღვარზე მისული ეკონომიკის "გადარჩენაზე". ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა სიტუაცია რამდენიმე მიმართულებით გამოესწორებინა - ის ხალხს დაჰპირდა, რომ სიღარიბისგან გადაარჩენდა, გაანადგურებდა მაფიას, შეამცირებდა ინფლაციას და აღადგენდა კავშირს რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. 1994 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის მოპოვების შედეგად, ის ბელარუსის პირველი პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტობის პირველი წლები... ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის გადარჩენისთვის დასახული გეგმების განხორციელება დაიწყო. პირველივე დღეებში მან ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდა. ასევე შეიქმნა დროშა და გერბი და დაიწყო რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია.

1995 წელს ბელარუსსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

2001 წელს დაიწყო ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მეორე ვადა, მან ხმების 75% აიღო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეუთომ განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებული, ამის მიუხედავად ვლადიმირ პუტინმა პირადად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს.

ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთანავე ლუკაშენკომ რუსეთთან კამათი დაიწყო, ორმა ქვეყანამ ვერ გამონახა საერთო ენა მმართველობის საკითხებსა და ერთიანი ვალუტის შემოღებაზე. ამას გარდა, რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა გაზის სკანდალმაც გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკოს მმართველობა არ მოსწონდა დასავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მას თავისი პოლიტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია და როგორც განაცახდა, ქვეყნაში არ იქნებოდა "ფერადი რევოლუციები" და "არ დაუშვებდა, რომ დასავლელ ბანდიტებს მის ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინათ".

2006 და 2010 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ლუკაშენკოს ხვდა გამარჯვება, 2010 წლის არჩევნები ტრადიციულად "გაყალბებულად" ჩათვალა აშშ-მ, თუმცა ეუთომ აღნიშნა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართა. 2011 წელს ქვეყანაში მძიმე სავალუტო კრიზისი დადგა, ამის ფონზე ლუკაშენკო არ ცნობდა ეკონომიკურ კრიზისს და არჩეული მიმართულებით აგრძელებდა მოღვაწეობას. 2015 წელს ის მეხუთედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 2018 წლის აგვისტოში კორუფციის სკანდალის გამო ლუკაშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი და სხვა თანამდებობის პირები გაათავისუფლა.

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო და პუტინი

ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, ინტერვიუებსა და გამოსვლებში, რომ რუსეთთან აქვს არა მარტო პარტნიორული ურთიერთობა, არამედ მეზობლური და მეგობრული. მიუხედავად ამისა, 2016 წლიდან ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებში ოდნავ ცვლილება დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით ლუკაშენკომ განაცხადა, ჩვენ ვართ ძმები, მაგრამ არ ვიქნებით რუსეთის ხელის ბიჭებიო.

2017 წელს მედიასთან ტრადიციულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ რუსეთი გააკრიტიკა და წლების წინ დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

პირადი ცხოვრება

ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი ცხოვრება მისი პოლიტიკური ცხოვრების მსგავსად მუდმივი არ არის. 1975 წელს ბელარუსის ლიდერი სკოლის მეგობარ გალინა ჟელნეროვიჩზე დაქორწინდა, რომელმაც მას ორი ვაჟი გაუჩინა - ვიქტორი და დმიტრი. ლუკაშენკოს უფროსი ვაჟი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში მუშაობს, დმიტრი კი - პრეზიდენტის სპორტული კლუბის ცენტრალურ საბჭოს ხელმძღვანელობს.

როგორც ერთ-ერთი ტაბლოიდი წერს, ლუკაშენკომ უფროსი ვაჟი, ვიქტორი საჯაროდ დაახასიათა, როგორც "უსარგებლო სუსტი ადამიანი, რომელიც უფრო და უფრო სუსტდება".

ბელარუსის მედიაში ბოლო წლებში იწერებოდა, რომ ქვეყნის პირველი პირი ცოლთან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა არც განქორწინებას აპირებს. ლუკაშენკოს ცოლი ქმრისგან განცალკევებით, სოფელ რიჟკოვიჩში ცხოვრობს, თუმცა მეუღლის მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება და მეუღლესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წელს ლუკაშენკოს ოჯახის ექიმმა, ირინა აბელსკაიამ ვაჟი გაუჩინა. ნიკოლაის, მამა მოფერებით კოლიას ეძახის. ალექსანდრე ლუკაშენკო უმცროს ვაჟთან, ნიკოლაისთან ერთად

ბელარუსის პრეზიდენტს ჰყავს 7 შვილიშვილი - ორი ბიჭი და 5 გოგონა, რომელთან დროის გატარებსაც ქვეყნის პირველი პირი მუდამ ცდილობს. შვილიშვილებთან ყოფნის გარდა, თავისუფალ დროს ლუკაშენოკო უთმობს ყინულის ჰოკეის, რომლითაც ის ბავშვობიდანაა გატაცებული. ის მუდმივად ვარჯიშობს, უფრთხილდება ფორმას და ატარებს სათხილამურო შეჯიბრებებს, სადაც თავად ადგენს წესებს.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ტურნირებზე ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად, ლუკაშენკოსთვის პარტნიორობა გაუწევიათ ვლადიმირ პუტინს, დიმიტრი მედვედევს და ნურსულთან ნაზარბაევს.

უფროსი ლუკაშენკოს გარდა, ადგილობრივი მედიასაშუალებები უკვე ინტერესდებიან უმცროსი ლუკაშენკოს პირადი ცხოვრებითაც. ის ხშირად დაჰყვება მამას სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტებზე, შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. მედიაში აქტიურად განხილავენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უმცროს ვაჟს საპრეზიდენტო სკამს უმზადებს, თუმცა ამ კითხვაზე მან განაცხადა, რომ თავისი შვილისთვის საპრეზიდენტო ბედს არ ისურვებს.

ლუკაშენკო თავს მართლმადიდებელ ათეისტს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს კონსერვატიული ადამიანი და არ უნდა გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა "აიპადი", აიფონი". გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო და საქართველო ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რამდენჯერმე იმყოფებოდა. ბოლოს ის 2018 წლის მარტში ჩამოვიდა უმცროს ვაჟთან ერთად. ალბათ ყველას ახსოვს ლუკაშენკოს ვიზიტი ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, როდესაც ბელარუსის პირველმა პირმა მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა, ასევე აჩუქა კარტოფილიც, რომლის დათესვის შედეგად ექსპრეზიდენტმა მშვენიერი მოსავალი მიიღო...

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა