პუტინმა ე.წ. კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა - რა ემუქრებათ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" - კვირის პალიტრა

პუტინმა ე.წ. კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა - რა ემუქრებათ "კრიმინალურ ავტორიტეტებს"

რუსულ მედიაში, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესალმებიან ციხეში გადაყვანისას ე.წ. კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს პატიმრები, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს რამდენიმე წელს "ბოსების ბოსი" საპატიმროში გაატარებს, ციხის გარეთ რჩება სხვა რამდენიმე "ავტორიტეტი". თუმცა სულ მალე რუსეთში "კანონიერი ქურდები" შესაძლოა იმის გამო დასაჯონ, რომ მათ "კრიმინალურ იერარქიაში" მაღალი "თანამდებობა" უკავიათ. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ მათ დანაშაულის ფაქტზე ვერ დააკავებენ. აღნიშნული ინიციატივის ავტორი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელმაც სათათბიროში უკვე შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, ამგვარი და უფრო მკაცრი კანონი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შემოიღო, რამაც კრიმინალურ ქსელს დიდი დარტყმა მიაყენა. შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა წლების მერე მიშასთვის მიბაძვა გადაწყვიტა...

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას კრიმინალური დაჯგუფების ან ორგანიზაციის შექმნისა და ხელმძღვანელობისთვის.

როგორც რუსეთის სათათბიროში ამბობენ, იქედან გამომდინარე, რომ "კრიმინალური ავტორიტეტები" იკავებენ მაღალ "თანამდებობებს" და მათი დაჭერა არც ისე მარტივია, კანონის გამკაცრება აუცილებელია.

კანონპროექტის თანხმლებ დოკუმენტებში არცერთი ციფრი არ არის მოყვანილი, თუმცა რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს "უმაღლესი კრიმინალური იერარქიის" ვერცერთი ხელმძღვანელი ვერ დააკავეს, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი.

მდგომარეობის გამოსასწორებლად და "ლიდერების" დასაჭერად პუტინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს მუხლი, რომლის თანახმადაც მხოლოდ სტატუსის გამო 8-დან 15 წლამდე პატიმრობა დაწესდეს, რომელსაც დაემატება ჯარიმა 5 მილიონი რუბლის ოდენობით.

ამას გარდა, კანონპროექტი არ ითვალისწინებს "კრიმინალური ავტორიტეტებისთვის" შედარებით მსუბუქ სასჯელს თუნდაც პირობით მსჯავრს.

მოქალაქე, რომელიც საკუთარი სურვილით შეწყვეტს კავშირს კრიმინალურ ორგანიზაცაისთან და აქტიურად იქნება ჩართული დანაშაულის გახსნაში, გათავისუფლდება სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

როგორც რუსული მედია წერს,  სათათბიროში ეს კანონპროექტი პრიორიტეტულია, მას დროულად განიხილავენ და დაამტკიცებენ.

ანტონ ბელოცკი, რუსეთის შინაგანი ჯარების ყოფილი თანამშრომელი: "კრიმინალურ დაჯგუფებებში რეალურად ძალიან მკაცრი იერარქიაა. მაგალითად, როგორაა ციხეში - ე.წ. ბოეკვიკიბი, რომლებსაც "ტორპედოებსაც" ეძახიან, ავტორიტეტების ბრძანებით კლავენ სხვებს. "ლიდერი" კი ცდილობს მუდამ განზე დარჩეს. თუ მართლა განიხილება ეს კანონპროექტი საკანონმდებლო დონეზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიმინალური ავტორიტეტები მსოფლიოს მეორე კუთხეში იქნებიან, ეს პირდაპირ  მათ დაარტყამს. თუ გველს თავს წააცლი, ტანი იხტუნავებს, იხტუნავებს და დაწყნარდება". (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?

იხილეთ ასევე: ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" შაქარო კალაშოვი ციხეში გაუშვეს?

მოამზადა ნიკა გულუამ

იხილეთ ვიდეო - როგორ ესალმებიან ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს პატიმრები