"ვფიქრობ, კარგ მეგობრებად დავრჩებით" - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი? - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, კარგ მეგობრებად დავრჩებით" - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი?

ჩრდილოეთ კორეას სურს სანქციები გავაუქმოთ, თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, ჩვენ კიმ ჩენ ინთან კარგ მეგობრებად დავრჩებით. მათ აქვთ უდიდესი პოტენციალი, თუმცა, საუბარი იყო სანქციებზე", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ტრამპის განცხადებით, კიმ ჩენ ინი მოუმზადებელი იყო გაეკეთებინა მეტი, რათა შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ.

"ჩვენ ვთხოვეთ მას გაეკეთებინა მეტი, თუმცა, ამისთვის იგი არ იყო მზად", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, როგორც "ბიბისი" წერს, ჩრდილოეთ კორეას და აშშ-ის ბირთვული განიარაღების შესახებ განსხვავებული შეხედულება აქვთ. კიმ ჩენ ინისთვის, ანალიტიკოსების თქმით, ეს ტერმინი ნიშნავს მთლიანად კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვულ განიარაღებას, რაც აშშ-ის ჯარების გაყვანასაც მოიცავს, რომელიც სამხრეთ კორეის დასაცავადაა განთავსებული. ტრამპის თქმით კი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას.

"ინტერპრესნიუსი"