ჯამალ ხაშოგის სხეული შესაძლოა საკონსულოს რეზიდენციაში, დიდი ზომის ღუმელში დაწვეს
ჯამალ ხაშოგის სხეული შესაძლოა საკონსულოს რეზიდენციაში, დიდი ზომის ღუმელში დაწვეს
ფოტო:ჯამალ ხაშოგი საცოლესთან ერთად
თურქეთში მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სხეული შესაძლოა სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს რეზიდენციაში, დიდი ზომის ღუმელში დაეწვათ - ნათქვამია Al Jazeera-ს საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ეთერში უკვე გავიდა.

როგორც ირკვევა, სამართალდამცავებმა შეამოწმეს საკონსულოს სიახლოვეს, შენობის გარეთ მდგარი ღუმელი. ცნობილია ისიც, რომ  მას მერე, რაც ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, დაანაწევრეს და კონსულის სახლში, რომელიც რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ჩანთით გადაიტანეს.

Al Jazeera-მ იმ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა შეძლო, რომელმაც ღუმელი გააკეთა. ხელოსანმა
ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ღუმელი კონსულის ინსტრუქციების მიხედვით გაკეთდა. მითითებების თანახმად, ღუმელი საკმარისად ღრმა უნდა ყოფილიყო და 1000 ცელსიუსზე მეტი ტემპერატურისთვის გაეძლო, რაც საკმარისია მეტალის დასადნობად.
თურქეთის ოფიციალური პირების ანგარიშის თანახმად, მკვლელობის შემდეგ ბარბექიუს დიდი რაოდენობით ხორცი იწვოდა გრილზე, რათა საუდელი მწერლის კრემაცია გადაეფარათ. მათივე განმარტებით,
ხაშოგის სხეულის დაწვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თურქმა გამომძიებლებმა ხაშოგის სისხლის კვალი კონსულის ოფისის კედლებზეც იპოვეს, მას შემდეგ, რაც ის საღებავი მოაშორეს, რომელიც მკვლელობის შემდეგ კედლებს გადაუსვეს.

Al Jazeera-ს დოკუმენტური ფილმი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკოსებთან და ასევე ხაშოგის ზოგიერთ თურქ მეგობართან ინტერვიუებს ეფუძნება.

პირველი კონტაქტი
ფილმის თანახმად, თურქეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელიც საუდის არაბეთს ხაშოგის ადგილმდებარეობის გასაგებად დაუკავშირდა.

საუდის არაბეთის დე ფაქტო ლიდერთან სატელეფონო საუბარში, როგორც ცნობილია, ფიდანმა მოითხოვა, რომ ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს, მოეყოლა თუ რა მოუვიდა და სად გაუჩინარდა ჟურნალისტი. სატელეფონო კავშირი ძალიან მალე, მას შემდეგ შეწყდა, რაც ტახტის მემკვიდრემ მის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, მოჰამედ ბინ სალმანმა სატელეფონო ზარი „მუქარად“ აღიქვა.

საუდის არაბეთის ძლევამოსილი პრინცის კრიტიკოსი ჟურნალისტი, ხაშოგი, სტამბოლში მდებარე საკონსულოში საბუთების მოსაწესრიგებლად შევიდა, რათა თურქ საცოლეზე ჰათიჯე ჯენგიზზე დაქორწინება შეძლებოდა, რომელიც ამ დროს მას შენობის გარეთ უცდიდა.

ოფიციალური ერ-რიადი თავიდან ამტკიცებდა, რომ ხაშოგიმ საკონსულო ცოცხალმა დატოვა. დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ანგარიშის თანახმად კი, ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ტახტის მემკვიდრის ბრძანებით მოკლეს, საუდის არაბეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ხაშოგის მკვლელობისთვის საუდის არაბეთმა ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა, თუმცა თურქეთში ბრალდებულთა ექსტრადირებაზე უარი გამოძიების მიზეზით თქვა.

საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება იანვრის ბოლოს დაწყო, ოფიციალური ანგარიში კი ივნისში იქნება წარდგენილი. წყარო

თარგმნა სალომე აბულაშვილმა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თვის კითხვადი სტატიები