რუსეთი ოკუპანტია !
რა ტემპით ძლიერდება ულტრამემარჯვენეობა "ბებერ კონტინენტზე" და საით მიდის ევროპა?!
რა ტემპით ძლიერდება ულტრამემარჯვენეობა "ბებერ კონტინენტზე" და საით მიდის ევროპა?!
ფოტო:მატეო სალვინი, მარინ ლე პენი, ვიქტორ ორბანი
გასული საუკუნის 90-იან წლებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სჯეროდათ, რომ აღმოსავლეთით მდებარე პოსტსოციალისტური ქვეყნები მათ "ახალბედა" პროტოტიპს წარმოადგენდნენ და ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი, ვიდრე დასავლელი მეზობლების განვითარების დონეს მიაღწევდნენ. მათი კონკურენტუუნარო თავისუფალი ბაზარი და ჩამოუყალიბებელი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩეული გზის ადვილად შეცვლის საშიშროებას ქმნიდა.

თუმცა, 25 წლის შემდეგ, სწორედაც რომ დასავლეთ ევროპა უბრუნდება პოპულიზმის გზას, რასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მთელ რიგ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე ფრთის გაძლიერება მოწმობს.

მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც
მათ ქვეყნებში იმიგრაციის, უმუშევრობისა და კრიმინალური ფონის გაზრდითაა გამოწვეული, არჩევნებში ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების მნიშვნელოვან გამარჯვებებში აისახება და ევროპას სულ სხვაგვარ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ქვემოთ მოცემული რუკა ცალსახას ხდის ევროპაში ნაციონალიზმის გაძლიერების ტენდენციებს.


მემარჯვენე პარტიები ევროპაში

წარმოდგენილ ქვეყნებში ცალკეულმა პარტიებმა კიდეც აიღეს სახელმწიფო მართვის სადავეები ხელში, ზოგიერთმა კი წამყვანი ოპოზიციური
პარტიის როლი მოირგო და დღითი დღე იზრდება მათი პოპულარობა. არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დასუსტება მთელი რიგი სოციალური პრობლემების გარდა გლობალიზაციისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გაზრდითა და ნაციონალური იდენტობის დაკარგვის შიშითაა გამოწვეული. შესაბამისად, ულტრა-მემარჯვენეების დისკურსიც ანტი-იმიგრაციული, ანტი-ისლამური და ევროსკეპტიკური რიტორიკითაა განმსჭვალული.
მატეო სალვინი
იტალია
ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ მდგომარეობას, იტალიაში მემარჯვენე ფრთის გაძლიერება სწორედაც რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იწყება და კულმინაციას ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდის დროს აღწევს.

შედეგმაც არ დააყოვნა და იტალიას ამჯერად ორი პოპულისტური პარტიის - "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა" და "ლიგის" მიერ ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა მართავს. მათი ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი უდოკუმენტო მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია და მკაცრი ანტი -იმიგრაციული პოზიციის დაკავება იყო. სიცილიაში ვიზიტისას შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ისიც კი განაცხადა, რომ კუნძულმა უნდა შეწყვიტოს "ევროპის ლტოვილთა ბანაკის" როლის შესრულება.

გერმანია
გერმანიაში, მემარჯვენეთა პარტიამ - "ალტერნატივა გერმანიისთვის" - წლების განმავლობაში პირველად, 2017 წელს შეძლო ფედერალურ პარლამენტში შესვლა. პარტიის ლიდერებმა თავიდანვე დააფიქსირეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ევროსადმი და ანტი-იმიგრაციული პოლიტიკის გატარებას დაუჭირეს მხარი. მათი პოპულარობის გაზრდა გარკვეულწილად 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ საზღვრებზე კონტროლის შესუსტებას და მილიონობით მიგრანტის ქვეყანაში შესვლას უკავშირდებოდა. თუმცა, სწორედ პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაძლიერებამ განაპირობა ანგელა მერკელის მიერ გატარებული შემდგომი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკაც. მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ კანცლერმა მის პირველივე გამოსვლაში განაცხადა, რომ 2015 წლის "ჰუმანიტარული გამონაკლისი" აღარ განმეორდებოდა.

ავსტრია
გერმანიისგან განსხვავებით, ულტრა მემარჯვენეთა ფრთამ ავსტრიაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და 2017 წელს "თავისუფლების პარტიამ" კოალიციურ მთავრობაში უმცროსი პარტნიორის სტატუსი მოირგო, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში კონსერვატიული პარტია ცენტრისტ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატებთან ერთად ინაწილებდა პოზიციებს.

შვედეთი
გასულ წელს ყველაზე მეტი რეზონანსი შვედეთის 2018 წლის არჩევნებში ანტი-იმიგრაციული გამოსვლებით ცნობილ პარტია "შვედი დემოკრატების" მიერ ხმების 18%-ის მიღებას მოჰყვა. პარტია სათავეს ნეო-ნაცისტური მოძრაობიდან იღებს, რომელმაც რებრენდინგი გაიარა და პირველად 2010 წელს შევიდა პარლამენტში. აღნიშნული პარტია მტკიცედ ეწინააღმდეგება მულტიკულტურალიზმს და მხარს უჭერს მკაცრ იმიგრაციულ კონტროლს. ეს მაშინ, როდესაც შვედეთი ევროპაში მიგრანტების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ტოლერანტულ სახელმწიფოდ ითვლება და ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, შვედეთმა ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო.
მარინ ლე პენი
საფრანგეთი
მიუხედავად იმისა რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა, ეროვნული ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ქვეყანაში ანტი-იმიგრაციული და ანტი-ევროპული განწყობა მაინც შესამჩნევია. ამას ემატება უკვე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ე.წ. "ყვითელ ჟილეტიანების" პერმანენტული გამოსვლები საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნა. ამ ფონზე, უკვე სახელ-შეცვლილი ეროვნული ფრონტი, ამჯერად ეროვნული ასამბლეა, ლე პენის მეთაურობით გეგმავს მოკავშირეებთან გაერთიანებას და კოალიციის ჩამოყალიბებას.

უნგრეთი
გასული წლის აპრილში, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მესამე ვადით დაიკავა ეს თანამდებობა და პირობა დადო, რომ დაიცავდა ევროპას და უნგრეთს მუსლიმი მიგრანტებისგან. იგი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება მიგრანტთა კვოტირებული გადანაწილების პრინციპს და ევროპას მოსახლოების აღრევისა და იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

პოლონეთი
პარტია რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკას, კერძოდ, "კონსერვატიული კანონი და სამართლი", 2015 წელს დამაჯერებელი გამარჯვებით მოვიდა ქვეყნის სათავეში და აქტიურად დაიწყო მედია საშუალებებზე კონტროლის დამყარება. მათ მიერ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობამ ასევე გამოიწვია ევროკავშირის გაღიზიანება და მათზე სანქციების დაკისრების საკითხიც კი დააყენა დღის წესრიგში. პოლონეთის მთავრობას უპირობო მხარდაჭერას და "სოლიდარობას" უცხადებს უნგრეთის მთავრობა.

მემარჯვენე ფრთის პოპულარობა დღითი დღე იზრდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ფინეთში 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენეთა "ფინელების" პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა. ამ ყველაფრის მიზეზი მოსახლეობაში მულტიკულტურალიზმის ლიბერალური მახასიათებლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გაზრდა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მცდელობაა. თუმცა, როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, აქაც სიფრთხილე და ზომიერების დაცვაა საჭირო. გასული საუკუნე სავსეა მაგალითებით სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი რადიკალური ნაციონალისტურობით და ასევე სახეზე ზედმეტი ლიბერალურობის უარყოფითი შედეგებიც.

წყარო


მოამზადა გვანცა კაკაურიძემ

გივი
14 მარტი 2019 17:24
ევროპა კუთხეში მიაყენეს და სხვა არჩევანი არც დაუტოვეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?