"გვემუქრებოდა, რომ თუ არ დავუჯერებდით, ავტობუსს ჩვენთან ერთად გადაწვავდა. ამბობდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მისი შვილები დაიღუპნენ" - კვირის პალიტრა

"გვემუქრებოდა, რომ თუ არ დავუჯერებდით, ავტობუსს ჩვენთან ერთად გადაწვავდა. ამბობდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მისი შვილები დაიღუპნენ"

იტალიაში, მილანთან ახლოს, სკოლის ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდა, ავტობუსის მძღოლმა გაიტაცა.

"დღეს ვერავინ გადარჩება, ავტობუსიდან ვერავინ გავა! ან დაასრულეთ ზღვაში მიგრანტების სიკვდილი, ან ხოცვა-ჟლეტას მოვაწყობ", -  ამ ფრაზით მიმართა ავტობუსში მყოფთ 47 წლის, წარმოშობით სენეგალელმა მძღოლმა უსეინუ საიმ, რომელიც იტალიის მოქალაქეა. შემდეგ კი მასწავლებელებს უბრძანა ბავშვებისთვის ხელები შეეკრათ, მაგრამ ერთ-ერთმა მოხერხებულმა მასწავლებელმა მხოლოდ რამდენიმეს შეუკრა ხელი, რათა ბავშვებს შესაძლებლობის შემთხვევაში შემდეგ ადვილად დაეღწიათ თავი.

გამტაცებელმა ბავშვებს მობილური ტელეფონებიც წაართვა, თუმცა ერთ-ერთმა ტელეფონი გადამალა.

უსეინუ საიმ ქალაქი კრემონას გზიდან დიდი სიჩქარით მილანის აეროპორტისკენ სცადა გადახვევა, მან გზად რამდენიმე ავტომობილიც დააზიანა.

ამ აურზაურში პატარა იტალიელმა ბიჭმა შეძლო და მშობლებს დაუკავშრდა, მშობლებმა კი სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ აცნობეს.

შეშინებული ბავშვების ყვირილმა სხვა მძღოლების ყურადღებაც მიიქცია. იტალიელი სამართალდამცავები ცდილობდნენ მძღოლი შეეჩერებინათ, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდა, უსეინუ საიმ მოასწრო, ავტობუსს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პოლიციელებმა ავტობუსის გვერდითი ფანჯრები სწრაფად ჩაამტვრიეს და ბავშვებმა ხანძარს თავი დააღწიეს.

ბავშვები სიკვდილს გადაურჩენენ, თუმცა 14 მათგანი დაკვამლიანების გამო მოიწამლა.

როგორც ცნობილია, სენეგალელმა გამტაცებელმა იტალიის მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო. მას აქვს კრიმინალური წარსულიც. მასწავლებლის განცხადებით, ისინი გამტაცებელს იცნობდნენ.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ მძღოლს ბავშვები ავტობუსით გადაჰყავდა. ჩვენ მას ვიცნობდით", - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ბავშების თქმით, გამტაცებელი წუხდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში უამრავი მიგრანტი იღუპება და ეს შემთხვევები საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

"სამი შვილი დამეღუპა ზღვაში, იქ უამრავი ბავშვი გარდაიცვალა და ამიტომაც, თქვენ აქ უნდა მოკვდეთ", - ყვიროდა გამტაცებელი.

"მძღოლი გვემუქრებოდა და გვიყვიროდა, თუ არ დავუჯერებდით, ავტობუსს ჩვენთან ერთად გადაწვავდა. მუქარასთან ერთად, ის აგრძელებდა ლაპარაკს, რომ აფრიკიდან უამრავი მიგრანტი წამოვიდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა, მათ შორის მისი შვილები და ეს ყველაფერი მთავრობის ბრალი იყო", - ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა.

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილს, რომელიც დაკავებულია, ბრალს ბავშვების გატაცებაში, მასობრივი მკვლელობის მცდელობაში და ხანძრის გაჩენაში დასდებენ. სამართალდამცველები ჯერ კიდევ ფიქრობენ, წაუყენონ თუ არა მძღოლს ტერორიზმის მუხლი.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

იხილეთ ვიდეო, როგორ გაიტაცა უსეინუ საიმ სკოლის ავტობუსი