"შეუძლია თუ არა ქალს ქვეყნის მართვა? რატომაც არა!" - ვინ არის ყაზახეთის ექსპრეზიდენტის გავლენიანი ქალიშვილი, რომელსაც ქვეყნის მმართველობას უწინასწარმეტყველებენ
"შეუძლია თუ არა ქალს ქვეყნის მართვა? რატომაც არა!" - ვინ არის ყაზახეთის ექსპრეზიდენტის გავლენიანი ქალიშვილი, რომელსაც ქვეყნის მმართველობას უწინასწარმეტყველებენ
ფოტო:დარიგა ნაზარბაევა მამასთან, ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად
ბოლო ხანს მსოფლიო მედიაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ყაზახეთის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ქვეყნის 19-წლიან მმართველობაზე უარის თქმა გახდა. ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა, მის მოვალეობას სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს. ამ მოვლენების შემდეგ კი ყაზახეთის ზედა პალატის, სენატის სპიკერი ნურსულთანის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა გახდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი ნაზარბაევა ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ფიგურა გახდა.


55 წლის დარიგა ნაზარბაევას საკმაოდ საინტერესო, ხმაურიანი და სკანდალური ბიოგრაფია აქვს.

ევრაზიის ყველაზე გავლენიანი
ქალბატონი - ასე უწოდებს ერთ-ერთი უცხორი გამოცემა დარიგა ნაზარბაევას. "შეუძლია თუ არა ქალს ქვეყნის მართვა? რატომაც არა! ყაზახეთში ბევრი ნიჭიერი, საინტერესო, წარმატებული ქალია - ბანკირები, ბიზნესმენები, მენეჯერები, რომელთაც მამაკაცებზე მაღალი თანამდებობა უკავიათ. რაც შეეხება პირადად ჩემს როლს, თუ მოვახერხე ქვეყნისთვის უფრო კარგის გაკეთება, უკვე ბედნიერი
ვიქნები", - ამბობს დარიგა.


ბავშვობა და კარიერული წინსვლის დასაწყისი


დარიგა 1963 წლის 7 მაისს ქალაქ თემირთაუში დაიბადა. მისი ბავშვობა უჩვეულო იყო, მამა, ნურსულთან ნაზარბაევი უკვე მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ. დარიგას დედა - სარა ალფისოვნა განათლებით ინჟინერ-ეკონომისტია. მოგვიანებით ის საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდა. დარიგა ნაზარბაევას 2 და ჰყავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ დარიგამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ისტორიის ფაკულტეტზე 2-წლიანი სწავლის შემდეგ მშობლიურ ყაზახეთში დაბრუნდა და სწავლა იქ განაგრძო.
დარიგა ნაზარბაევა
ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ "ბობეკთან" თანამშრომლობა გახდა დარიგას კარიერის დასაწყისი. ფონდის საქმიანობაში შედიოდა ავადმყოფი ბავშვების დახმარება, ბავშვებისა და მშობლების დაცვა, მათი მეურვეობა, სკოლების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მყოფი ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობა. სულ მალე დარიგა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მომდევნო რამდენიმე წელი გოგონამ მედიაში იმუშავა, ის ხელმძღვანელობდა რესპუბლიკურ კორპორაციას "ყახაზეთის ტელევიზიას და რადიოს", ასევე იყო მედია ჰოლდინგ "ხაბარის" დირექტორი.

პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში


2004 წელს დარიგამ გადაწყვიტა ძალები პოლიტიკაში მოესინჯა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში პარტია "ასარიდან" ის იყო ყაზახეთის ქვედა პალატაში. 2007 წელს დარიგა "პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ფონდს" ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012 წელს ის კვლავ გახდა სენატის წევრი და ფრაქცია "ნურ ოთანის" ლიდერი.
პარლამენტში დარიგა ნაზარბაევას მუდამ "მამის დამხმარის" პოზიცია ეკავა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში ქვედა პალატაში მან იმდენს მიაღწია, რაც იქამდე ბევრმა ვერ შეძლო - აღდგა ხანგრძლივად გაწყვეტილი კავშირი საზოგადოებასა და მთავრობას შორის.

"პოლიტიკაში, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ სფეროში, აუცილებელია ადამიანი იყოს ის, ვინც სინამდვილეშია და არ მიბაძოს ან მოაჩვენს ხალხს თავი ვინმე სხვად".

პირადი ცხოვრება


მიუხედავად დატვირთული საქმიანი გრაფიკისა, დარიგამ მაინც მოახერხა რომანტიკული ურთიერთობებისთვისაც დაეთმო დრო. 1983 წელს ის ცოლად გაჰყვა რაჰიტ ალიევს, პოლიტიკოსსა და დიპლომატს. როგორც მოგვიანებით დარიგამ განაცხადა, მას სიყვარული ერთი ნახვით ეწვია. წყვილს 3 შვილი ეყოლა - 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ერთი შეხედვით, ძლიერი და მოსიყვარულე ოჯახის ისტორია, სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.
დარიგა ნაზარბაევა და რაჰიტ ალიევი
2007 წელს რაჰიტ ალიევი დაადანაშაულეს "ნურბანკის" ორი ტოპმენეჯერის გატაცებასა და მათთვის ფულის გამოძალვის ორგანიზებაში. მან მოახერხა ავსტრიაში გაქცევა, სადაც მანამდე ყაზახეთის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა და წარმოადგენდა ქვეყანას ეუთოშიც. ავსტრააში ალიევმა პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო. მალე ავსტრიამ ყაზახეთისგან ალიევის გადაცემის მოთხოვნა მიიღო, თუმცა მათ თავად გაასამართლეს რაჰიტ ალიევი და პატიმრობა მიუსაჯეს. ყაზახეთიდან გაქცევის შემდეგ, რამდენიმე წელში დარიგას ქორწინება დასრულდა, თუმცა მამაკაცისგან მას განქორწინებაზე თანხმობა არ მიუღია. ავსტრიაში რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ 2015 წელს რაჰიტ ალიევი საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, რაჰიტ ალიევი მოკლეს. უცხოურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ალიევი ყაზახ ჩინოვნიკებზე კომპრომატებს აგროვებდა, თუმცა ამ ვერსიის მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. აღნიშნულ პერიოდზე დარიგა ნაზარბაევა არასდროს ლაპარკობს, შოკიდან გამოსვლაში კი ქალს შვილები დაეხმარნენ.

დარიგა პოლიტიკის მიღმა


3 შვილის დედა, დარიგა ნაზარბაევა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, იტლიურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მუსიკალური ნიჭი ჯერ კიდევ სტუდენტობისას აღმოაჩინა, მაგრამ პრეზიდენტმა მამამ უფლება არ მისცა მუსიკა პროფესიად და ცხოვრების მიზნად ექცია, ამიტომ მუსიკა გოგონასთვის მხოლოდ ჰობის დონეზე დარჩა. დარიგა ხშირად მღერის საქველმოქმედო კონცერტებზე და თავისი ნიჭით საზოგადოებას ატყვევებს. საინტერესოა ისიც, რომ მისი რეპერტუარი ეროვნული ყაზახური სიმღერების  გარდა, მოიცავს არიებს ოპერებიდან და ჯო დასენის კომპოზიციებსაც.

"სიმღერით გატაცება ჩემი ცხოვრების მთავარი ჰობია, ხოლო ვოკალის გაკვეთილები რთული სამუშაო დღეებისგან განტვირთვა". დარიგა რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.

ექსპერტები ჯერ კიდევ ნურსულთან ნაზარბაევის პრეზიდენტობის დროს საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ ქალბატონი ნაზარბაევა სენატის სპიკერი გახდებოდა, მომავალში ყაზახეთს ქალი პრეზიდენტი ეყოლებოდა, თავად დარიგა ამ საკითხს უადგილოს უწოდებდა, თუმცა ახლა, როცა ის ქვეყანაში მეორე პირია, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტადაც ვიხილოთ.



მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?