ვინ არის კომიკოსი მსახიობი, რომელიც შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი გახდეს? - უკრაინა არჩევნების მოლოდინში - კვირის პალიტრა

ვინ არის კომიკოსი მსახიობი, რომელიც შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი გახდეს? - უკრაინა არჩევნების მოლოდინში

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართება, ბიულეტენში კი სახელმწიფოს მეთაურობის მსურველი 39 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, უკვე ახალი გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატთა ის ვიწრო წრე, რომლებსაც სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი შანსი აქვთ. წარმოგიდგენთ მოკლე ბიოგრაფიულ და პროგრამულ ინფორმაციას იმ 5 კანდიდატზე, რომლებიც გამოკითხვების შედეგად ლიდერობენ.

ვლადიმერ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც კომედიური ჟანრის ფილმებში ნაპოლეონისა და უკრაინის პრეზიდენტის როლები შეასრულა. ახლა კი შესაძლოა, ის უკრაინის ნამდვილი პრეზიდენტი გახდეს და ეს ხუმრობა სულაც არ არის, რადგან წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გამოკითხვების შედეგად, ის პირველ ადგილს იკავებს. გამოკითხვა ჩატარებულია კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტისა და სოციალური მონიტორინგის მიერ.

კანდიდატს იურიდიული განათლება აქვს, თუმცა ამ პროფესიით არც ერთი დღე არ უმუშავია. მონაწილეობდა იუმორისტულ კონკურს КВН-ში. მოგვიანებით კი საკუთარი სტუდია შექმნა, რომელიც იუმორისტულ შოუებს უშვებდა. ამბობს, რომ პრეზიდენტად კენჭს მხოლოდ ერთი ვადით იყრის. მიიჩნევს, რომ უკრაინის საზოგადოებამ ხელისუფლებას დავალებები რეფერენდუმის გზით უნდა მისცეს. მიზნად ისახავს, რომ უკრაინა გახდეს მსოფლიო ეკოლოგიური სასურსათო სუპერმარკეტი.

ამ არჩევნებში მას ახალი, პოლიტიკურად შეულახავი იმიჯი ეხმარება. თუმცა ხელს არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და რუსეთში არსებულ ბიზნესზე მოსიარულე ჭორები უშლის.

პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი 53 წლის პეტრო პოროშენკოა, რომელიც საკუთარ თავს პუტინისთვის ყველაზე არასასურველ კანდიდატს უწოდებს. პოროშენკოს საკმაოდ მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს - ის სხვადასხვა დროს იკავებდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების თანამდებობებს. ამასთანავე, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი უკრაინელი. "ჩვენი მისია ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა",- ამბობს კანდიდატი. მისი ერთ-ერთი დაპირების თანახმად, ის დაასრულებს დაწყებულ რეფორმებს, ასევე ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანას ზარალის ანაზღაურებას აიძულებს. "ჩვენ რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია დავიცავით",- ამბობს პოროშენკო. ამ არჩევნებში მას მერებისა და გუბერნატორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ეხმარება, ხელისშემშლელი ფაქტორი კი მოქმედი ხელისუფლებით იმედგაცრუებული ამომრჩეველია.

იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო

მესამე ადგილზეა იულია ტიმოშენკო, რომელსაც  უკრაინის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციონერს უწოდებენ. საპრეზიდენტო არჩევნებზე აქამდე ორჯერ იყარა კენჭი და ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი. პოლიტიკაში 1997 წელს ბუნებრივი აირის ბიზნესიდან მივიდა - მას დღემდე ეძახიან "გაზის პრინცესას". ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ორჯერ აღმოჩნდა საპატიმროში ეკონომიკური მუხლებით, თუმცა თავად ამ პატიმრობას პოლიტიკურს უწოდებს. თითქმის ყველა პრეზიდენტის წინააღმდეგ იბრძოდა და ოთხი მათგანის იმპიჩმენტის საკითხი აქვს დაყენებული. ვლადიმერ ზელენსკის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლება რეფერენდუმის გზით უნდა მართოს და ცვალოს. ისიც პირდება ამომრჩეველს, რომ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. ამასთანავე, ამბობს, რომ ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდეგ გაზი 2-ჯერ გაიაფდება. მას მრავალწლიანი გამოცდილება და უკვე მობილიზებული ამომრჩეველი ეხმარება, რომელიც უკვე მრავალია წელია უჭერს მხარს.

იური ბოიკა

იური ბოიკა

იური ბოიკას მოსკოვის ქიმიურ- ტექნოლოგიური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და წარმოებაზე მუშაობდა. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

შეიარაღებული კონფლიქტის თემა ამ კანდიდატის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილსაც იკავებს, რომელიც ამბობს, რომ კიევი კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან მოლაპარაკებაზე წავა და კონფლიქტს მშვიდობიანი გზით მოაგვარებს. საინტერესოა ისიც, რომ ის თავის ამომრჩეველს დაბლოკილ რუსულ სოციალურ ქსელებთან წვდომის აღდგენასაც ჰპირდება. გარდა ამისა, მის გეგმაში შედის უკრაინის რეგიონების ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, აპირებს საპენსიო და სამედიცინო რეფორმის გაუქმებას. მოსწავლეებს 10 წლიანი სწავლების დაბრუნებასა და მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ჰპირდება. "უკრაინა იქნება ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც არც ერთ ბლოკში არ გაერთიანდება", - ამბობს კანდიდატი.

ანატოლი გრიცენკო

ანატოლი გრიცენკო

ანატოლი გრიცენკო, რომელიც კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეხუთე ადგილს იკავებს, ყოფილი სამხედრო და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის პროდასავლელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული და ახლა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობს. ამომრჩეველს დონბასის დაბრუნებას, მაღალჩინოსნების რაოდენობის შემცირებასა და დარჩენილთათვის ხელფასის გაზრდას ჰპირდება. ამბობს, რომ მაღალჩინოსნებს სიცრუის დეტექტორზე გაატარებენ და ქრთამის აღებისადმი მათ მდგრადობას შეამოწმებენ. გარდა ამისა, კანდიდატი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მედიკამენტების ფასი ორჯერ დაიკლებს. გრიცენკოს ხელისუფლება ახალგაზრდებს პირველი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას ჰპირდება. კანდიდატი ამბობს, რომ ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად 5 წელი ეყოფა. ის რუსეთს მსოფლიოში ყველაზე დიდ საფრთხედ და დესტაბილიზაციის ყველაზე დიდ ფაქტორად მიიჩნევს.

უკრაინელ ექსპერტთა თქმით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტური გახდეს საჭირო, რომელშიც ერთმანეთს,  სავარაუდოდ, ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა