"19 წლის გოგონას, რომელმაც სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, ცეცხლი წაუკიდეს" - კვირის პალიტრა

"19 წლის გოგონას, რომელმაც სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, ცეცხლი წაუკიდეს"

ბანგლადეშის ერთ-ერთ კოლეჯში 19 წლის გოგო, ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

არსებული ინფორმაციით, ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე მან მისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ქვეყნის დედაქალაქიდან 160 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ფენში ცხოვრობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში გამოიძახა, სადაც არასათანადოდ ექცეოდა და ეხებოდა.

როგორც ირკვევა, გოგონამ პოლიციასაც მიმართა დახმარებისთვის. პოლიციამ დირექტორი დააკავა, თუმცა იმავე დღეს ქალაქის მცხოვრებლების ჯგუფმა საპროტესტო აქცია მოაწყო დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ნუსრათ ჯაჰან რაფის სდებდნენ ბრალს.

მიუხედავად ამისა, 6 აპრილს გოგონა სკოლაში წავიდა გამოცდების ჩასაბარებლად. სკოლაში ყოფნისას ერთ-ერთმა მოსწავლემ ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, თითქოსდა მის მეგობარს სცემდნენ. სკოლის სახურავზე ასვლისას მას ხუთი ადამიანი შემოეხვია, რომლებმაც დირექტორის მიმართ საქმის შეწყვეტა სთხოვეს. უარის თქმის შემდეგ, გოგონას ცეცხლი წაუკიდეს.

საავადმყოფოში გადაყვანისას მას სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ გოგონამ გარდაცვალებამდე ჩვენების მიცემა მოახერხა.