"ზურაბიშვილი ბოლო დროს ემოციის კონტროლს კარგად ახერხებს... ტრამპი ამ შეხვედრაში გაცილებით არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე პუტინი" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილი ბოლო დროს ემოციის კონტროლს კარგად ახერხებს... ტრამპი ამ შეხვედრაში გაცილებით არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე პუტინი"

მსოფლიო ლიდერების სხეულის ენა ფსიქოლოგის "ლუპის" ქვეშ

ადამიანის სხეულის ენა - რაზე მეტყველებს ის, რა მინიშნებებს გვაძლევს და რატომ უნდა ვიყოთ უფრო დაკვირვებულები, თუკი ამა თუ იმ სიტუაციაში სიმართლის ამოცნობა ყალბი სიტყვების გარეშე გვინდა. ვინ არიან ის ფიგურები, რომლებიც საზოგადოების გამორჩეული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან და ექსპერტ-ფსიქოლოგები მათ "ლუპით" აკვირდებიან. ფსიქოლოგი სოფო ხარატი ფოტოების მიხედვით პრეზიდენტებს ახასიათებს.

"დააკვირდით. გააჩნია, როგორ გითხრა, როგორი მანერით" - ერთი ღიმილი ამბობს მეტს, ვიდრე ათასი სიტყვა, - ეს ის ფრაზაა, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ მის შინაარსზე ხშირად არ გვიფიქრია. რატომ მოქმედებს ადამიანზე უფრო მეტად სხეულის მოძრაობები, ვიდრე სიტყვები? ან საერთოდ, შეიძლება ვთქვათ და ნათქვამი არც დაგვიჯერონ. ადამიანები იღიმიან, იშმუშნებიან, იცინიან, თავს გააქნევენ და ჩვენ უკვე გარკვეულ შინაარს ვიგებთ მათგან, თუნდაც ფილმს ვუყურებდეთ უცხო ენაზე. ეს სხეულის სიგნალია, სხეული აგზავნის შეტყობინებას ჩვენს ქვეცნობიერში და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე. თუ ხშირად დააკვირდებით, თუ სხეულის ქცევას გამორიცხავთ, ადამიანის ნათქვამი ტექსტიდან, დაინახავთ, რომ საწყენიც არაფერი უთქვამს თურმე, მაგრამ გააჩნია, როგორ გითხრა, როგორი მანერით.

საზოგადოებამ საუკუნეების მანძილზე არ იცოდა იმის შესახებ, რომ სხეულს თავისი ენა ჰქონდა და ამის წაკითხვა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ეს შესაძლებელია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ არსებობს ზუსტი თარგმანი. როცა სხეულის ენის გაშიფვრაზე ლაპარაკობენ და მხოლოდ მიმიკას აღნიშნავენ, ეს უკვე მცდარი მოსაზრებაა. როცა კონკრეტულ ფაქტს და მოქმედებას განვიხილავთ, უნდა გაანალიზდეს: სხეულის მოძრაობა, ხმის ტემბრი, ტექსტის შინაარსი და მათი თანხვედრა. მხოლოდ თანხვედრის შემთხვევაშია შესაძლებელი გავიგოთ, კონკრეტული მომენტი რას წარმოადგენდა, მაგრამ ხშირად ჩქარობენ და რადგან ერთი შეუსაბამობა იქნა აღმოჩენილი, ვარაუდობენ, რომ ეს არ იქნებოდა უკანასკნელი და მუდმივ ეჭვში ამყოფებენ მოცემულ პერსონას.

"ტყუილია ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს საზოგადოებას" - ასევე რთულია წაიკითხო ადამიანის სხეულის ენა სინქრონში, ადრე მეცნიერები წერდნენ, რომ სახის არეში ხელის მოძრაობა, აუცილებლად ტყუილს ან ორჭოფობას ნიშნავდა, მაგრამ ეს მიმართულება დაიხვეწა და ახლა წერენ, რომ არ შეიძლება ამის ერთმნიშვნელოვნად დადასტურება. ფიქრი ან საკითხზე დაფიქრება არ ნიშნავს მომენტალურად ტყუილს ან პირიქით. ამიტომ ახლა მსოფლიო მედია აკვირდება იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სცენაზე დგანან, განსაკუთრებით კი იმ კატეგორიას, რომლებიც მსოფლიოს ბედს ცვლიან. პოლიტოკოსები პროფესიონალი მსახიობებიც არიან, მათ უნდა ითამაშონ და სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა. არ შეიძლება ემოციის ჩვენება, თუნდაც მას რაიმე პირადი პრობლემა აწუხებდეს ან შეხვედრის დროს რაიმე ასტკივდეს. სამწუხაროდ, ხშირად ავიწყდება მედიას და ადამიანებსაც, რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და ემოციების ქონის უფლება აქვთ. რისი უფლებაც ნამდვილად არ აქვთ, ეს მორალური ტყუილია, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს საზოგადოებას.

განსაკუთრებით იმ საზოგადოებას სადაც უყვართ პრეზიდენტი ან რომელიმე მინისტრი. სად გაგონილა პოლიტიკოსის სიყვარული? ან უბრალოდ რა ფენომენია? ეს კიდევ სხვა თემაა.

"პატრიარქთან შეხვედრის დროს იგი მომზადებული, მორჩილი, მაგრამ საკმაოდ აღელვებულია"

- ჩვენს პრეზიდენტზე თუ ვისაუბრებთ და ფოტოებზე რომელთაც ვუყურებთ, მივხვდებით, რომ ქალბატონი სალომე ნელ-ნელა ეგუება პრეზიდენტის პასუხისმგებლობებს, რაც მასში საკმაოდ მოჭარბებულადაც კია. ერთადერთი, რასაც მას ვერასდროს დასწამებენ, ეს უპასუხისმგებლობაა. მის ვიზუალურ მხარეს, სახის მიმიკებს თუ დააკვირდებით, იგი საკმაოდ მკაცრი და ემოციურია, მაგრამ ემოციის კონტროლს იგი ბოლო დროს კარგად ახერხებს. რთულია ემოცია აკონტროლო ისეთ პირობებში, როცა პრობლემა ბევრია, მაგრამ უფლებები იმდენად შეზღუდული, რომ ფაქტობრივად პარალიზებული.

პატრიარქთან შეხვედრის დროს იგი მომზადებული, მორჩილი, მაგრამ საკმაოდ აღელვებულია. მისი ხასიათის მკაცრი შტრიხები არის ის ნაწილი, რომელიც მასვე აყენებს ზიანს, როგორც ქალს. იგი ვერასდროს აძლევს თავს მოდუნების უფლებას და ეს მოცემულ მომენტში ეხმარება კიდეც, მაგრამ მის პირად ცხოვრებაში რამდენად კომფორტულია, ეს უკვე ინდივიდუალურია. პატრიარქი მისდამი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი და ეს მას როგორც დალოცვის დროს ეტყობა, ასევე სავარძელში ყოფნისასაც. ქალბატონი სალომე არ თამაშობს როლს ამ შემთხვევაში, იგი მთელი თავისი ემოციით და შეგნებით იჩოქება პატრიარქის წინაშე და მისი სახის მიმიკები სიყვარულს და პატივისცემას ფამოხატავენ.

სალომე ზურაბიშვილს არ აწევს იმ დონის პასუხისმგებლობები, რაც სხვა ქვეყნის ლიდერებს. იგი ცდილობს დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად შეასრულოს და კარგ პრეზიდენტად დარჩეს. იგი არ იწვევს აგრესიას ადამიანებში.

"ტრამპი ამ შეხვედრაში გაცილებით არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე პუტინი"

- ექსპერტები აფასებენ, რომ ამ შეხვედრის დროს, არცერთი მხარე არ ცდილობდა დომინანტობის დამტკიცებას, მათი შეხვედრა ერთი შეხედვით ძალიან პროდუქტიულად და შაინაარსიანად გამოიყურებოდა, ისინი ცდილობდნენ პრესისთვის იმის დამტკიცებას, რომ შეხვედრამ ძალიან მშვდობიანად ჩაიარა და ისინი ძალიან მშვიდად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ტრამპი ამ შეხვედრაში გაცილებით არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე პუტინი.

ტრამპის და პუტინის ხელის ჩამორთმევაში ერთი დეტალი შეიმჩნეოდა, რომელიც არცთუ ისე ხშირად გვხვდებოდა ტრამპის პოლიტიკურ ჟესტიკულაციაში, მაგალითად, ტრამპის ხელის ჩამორთმევის მანერა ხშირად დომინანტურია და იგი მუდმივად ცდილობს მისკენ მოქაჩოს მოპირდაპირე მხარე, ან გამოაცხადოს, რომ ამ შეხვედრაში თვითონაა დომინანტი. პუტინთან შეხვედრის დროს იგი აშკარად ცდილობდა, პუტინისთვის თავი მოეწონებინა, ცდილობდა, მისთვის შეხვედრა არასასიამოვნო არ ყოფილიყო.

ამ შეხვედრაში აგრეთვე ხშირად დაფიქსირდა ტრამპის წინ წამოწეული ნიკაპი, რაც თითქმის ყოველთვის როგორც იმედგაცრუება ისე განიმარტება. ჩვენც რომ იგივე გავიმეოროთ, მივხვდებით, რომ ეს ემოცია მაშინ მოგვდის, როცა რაღაც ისე არ არის, როგორადაც წარმოგვედგინა, მაგრამ ამავე დროს, მცირედი უკან დახევის სიგნალებიც იგრძნობოდა.

პუტინი ტრამპის შეხვედრას მთელი მსოფლიოს პრესა ელოდებოდა, მაგრამ ტრამპის არაბუნებრივი მოქმედებები მოულოდნელი იყო, იგი პუტინის გვერდით თავს არაკომფორტულად გრძობდა. მისი სხეული მთლიანად პრესის მხარესაა მიმართული, წინ წამოწეულია, ამავე დროს, მხრები დაბლა ჩამოწეული, ნიკაპი წინ გაწეული, თვალები კი საკმაოდ ღიად და არადამაჯერებლად გამოიყურება. ეს იმ ადამიანის სხეულის მოქმედებებია, რომელიც თავს იცავს და ცდილობს, ეს სხვამ არ შეამჩნიოს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კარგადაა და ეჭვი არ შეეპაროს ამაში.

როგორ მიაღწია პუტინმა იმას, რომ ტრამპი ასე დაურწმუნებელი და შეშინებული ჩანდა ექსპერტების თვალში? ეს არავინ იცის. ფაქტი კი სახეზეა - პუტინი ძალიან მშვიდად და ლაღად გამოვიდა ჰელსინკის შეხვედრაზე პრესასთან.

- მაკრონის და ტრამპის შეხვედრა განსხვავებული და საინტერესო იყო. იგი დაიწყო პრესკონფერენციით, ცოტა სასაცილო ხელის ჩამორთმევით და კოცნით ლოყაზე, რამაც მთელი პრესის ყურადღება მიიქცია. სიგნალი ტრამპის მხრიდან ასეთი იყო - მე ის ძალიან მომწონს.

როგორც კი პრეზიდენტებმა ოთახი დატოვეს, მაკრონმა ხელი დაადო ბეჭზე ტრამპს და ესეც ყველასთვის გასაკვირი იყო, ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახალგაზრდა ადამიანი მოხუც ბატონს მიაცილებს კიბეებზე...

ასაკით საკმაოდ ახალგაზრდა მაკრონზე ექსპერტები ხშირად მიანიშნებენ, რომ იგი ხშირად თითქოს რაღაცის დამტკიცებას ცდილობს სხვა კოლეგების წინაშე...

მაკრონის ჟესტიკულაცია ხასიათდება როგორც ძალიან ელეგანტური და ინტელიგენტური. მიუხედავად მისი უფროსი კოლეგის არასერიოზული მანერებისა, იგი მაინც ინარჩნუებს სერიოზულ დამოკიდებულებას და ცდილობს მას არ შეეტყოს არც სიბრაზე და ამავე დროს, არ დაწიოს ტრამპის გავლენიანობა.

ზოგადად ტრამპისა და მაკრონის შეხვედრაში ერთმნიშვნეოვნად გამოიხატება მათი მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ტრამპს მაკრონთან არ აქვს პრობლემები, მით უფრო მაკრონი არის ადამიანი, რომელიც უჯერებს ტრამპს, მაგრამ არ კარგავს კომპეტენტურობას და ინტელიგენტურ პოზიციას.

დონალდ ტრამპის უცნაური ჟესტიკულაცია ერთმნიშვნელოვნად გასაკვირი იყო ყველა ექსპერტისთვის, იგი თითქოს არც ითვალისწინებს პროტოკოლებს და არ აინტერესებს სხვები რას იტყვიან მის ემოციურ დამოკიდებულებებზე, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური ემოციები, იგი ჩვეულებრივზე მეტად გამოხატავს მის დამოკიდებულებებს და თითქოს არც ისე რთულია იმის გაგება, თუ რას ფიქრობს და რას განიცდის ტრამპი...

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)