გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა - კვირის პალიტრა

გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

ღაზას სექტორთან შეიარაღებული დაპირისპირებები შეჩერებულია. BBC-ს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მედიატორი ეგვიპტე იყო.

ორდღიანი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 4 ისრაელელი და 23 პალესტინელია დაღუპული. დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური იყო.

ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა კომენტარს ისრაელი ჯერ არ აკეთებს. ისრაელის ხელისუფლებასა და ჰამასს სიმშვიდისკენ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, მათ შორის გაერომ.

გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი რაკეტა ჩავარდა, საპასუხოდ კი ღაზას მიმართულებით 320 რაკეტა ისროლეს.

გუშინ ღამე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო, ყატარი და ეგვიპტე ცდილობდნენ, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღოთ. დღეს დილით პალესტინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

ინფორმაცია AFP-სთან ჰამასისა და ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაავალა შეიარაღებულ ძალებს, ღაზაში ტერორისტულ ელემენტებზე დარტყმები გაეგრძელებინა.

ღაზას სექტორიდან 40 კმ-ის რადიუსში მდებარე სკოლები ისრაელში დაკეტილია, ფუნქციონირებს თავშესაფრები.

დარტყმებს ოთხი ისრაელელი ემსხვერპლა - 58 წლის მამაკაცი, რომლის სახლსაც აშქელონში რაკეტა დაეცა; მუშა, რომელიც ასევე აშქელონში, ფაბრიკაში მუშაობის დროს ემსხვერპლა დარტყმას; 67 წლის მამაკაცი რაკეტას საკუთარ მანქანაში ემსხვერპლა; მეოთხე გარდაცვლილი კი 25 წლამდე აშდოდელი ბიჭია.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ შაბათ-კვირას ისრაელის დატყმების შედეგად 23 პალესტინელია გარდაცვლილი, მათი უმეტესობა კვირას დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არის 12 წლის ბავშვი და 2 ორსული ქალი.

გუშინ ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ჰამასის საველე მეთაური ჰამედ ჰამდან ალ-კუდარი მოკლეს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც სავარაუდოდ ქუდარის ავტომობილი ჩანს, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა. იხილეთ სრულად