ბრძოლა არქტიკისთვის - აშშ-რუსეთ-ჩინეთის "ბერმუდის სამკუთხედი" - კვირის პალიტრა

ბრძოლა არქტიკისთვის - აშშ-რუსეთ-ჩინეთის "ბერმუდის სამკუთხედი"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არქტიკაში ჩინეთის ამბიციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთის მხარდაჭერას ეძებს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Time-ის მიმომხილველი როჯერ ბოიესა წერს.

სტატიის ავტორმა აშშ-ის სახელმიწფო მდივნის ფინეთში სიტყვით გამოსვლა გაიხსენა, სადაც მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოკეანის ყინულოვანი საფარის პერმანენტული ლღობა ახალი სავაჭრო გზების გახსნის პერსპექტივას შექმნის. პომპეომ ეს განცხადება იმის ფონზე გააკეთა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ უარყოფს კლიმატის ცვლილების ფაქტს.

თუმცა Time-ის მიმომხილველი ამბობს, რომ აშშ თავის ვარაუდებში სწორია, როდესაც უკიდურეს ჩრდილოეთში კონკრეტილ ცვლილებებს ელის. მისი თქმით, ახლა ძლიერი სახელმწიფოები უკიდურესად დაინტერესებულები არიან იმით, რაც არქტიკაზე ხდება, რადგან მათ ესმით, რომ ყინულოვანი საფარის ლღობის პარალელურად, იქ არსებული რესურსები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავის ჩრდილოეთ სანაპიროს სტრატეგიული მნიშვნელობისად მიიჩნევს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაინც იმით არის შეშფოთებული, რომ ჩინეთი საკუთარ თავს არქტიკასთან ახლომდებარე სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

რუსეთმა აღნიშნულ რეგიონში თავისი სამხედრო ბაზების გამაგრება უკვე დაიწყო თავისი ეკონომიკური ზონის დაცვის მიზნით. სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამ დროისთვის ჩრდილოეთის საზღვაო გზის მხოლოდ ეკონომიკური შემადგენლით არის დაინტერესებული, ეჭვი არ არის, რომ დროთა განმავლობაში ის მილიტარიზაციის გზასაც დაადგება.

იმის გთვალისწინებით, რომ ჩინეთი სულ მალე ააშენებს თავის რეაქტიული ძრავის მქონე ყინულმჭრელს, რომელიც ნებისმიერი მსგავსი სახის რუსულ ხომალდზე დიდი იქნება, ახლა არქტიკა აშშ - ჩინეთის ურთიერთობაში ახალი ფრონტი ხდება. ჩინეთის სამხედრო სტრატეგები შიშობენ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში აშშ მალაკის სრუტეს ჩაკეტავს, რომელზეც ჩინეთის მიერ იმპორტირებული ნავთობის 80% გადის.

აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ საზღვაო გზისადმი პეკინის ინტერესი მხოლოდ კომერციული კი არა, სტრატეგიულიც არის, რადგან ის ცდილობს ქვეყნისთვის აუცილებელი მასალების შეტანის ალტერნატიული გზა უზრუნველყოს, იმ შემთხვევაში თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტი გამწვავდება.

რუსეთი ჯერჯერობით მშვიდად უყურებს ჩინეთის ამბიციებს, რადგან დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფს მას უფრო ლოგიკურად ეჩვენება პეკინთან თანამშრომლობა. თუმცა ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთს ჩინეთის ამ მიმართულებით წინსვლა არ გაუხარდება.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფინეთში რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ჩავიდა - წერს Time-ის მიმომხილველი და ვაშინგტონის ამ სწრაფვას მხოლოდ არქტიკაზე არსებული ვითარებით არ ხსნის. როჯერ ბოიესის თქმით, ვენესუელაში პირდაპირი შეტაკებისთვის თავის ასარიდებლად ვაშინგტონს მოსკოვთან ურთიერთობის დალაგება სჭირდება, გარდა ამისა, იმისთვის, რომ სირიაში ირანის მზარდი გავლენა შესუსტდეს, აშშ-ს სჭირდება, რომ ზუსტად რუსეთი და არა თეირანი იყოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავარი მოკავშირე. უფრო მეტიც, არქტიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ვაშინგტონი დაინტერესებულია იმით, რომ რუსეთმა კვლად დასავლეთის მიმართულებით იყუროს და არ გახდეს პეკინის უმცროსი პარტნიორი.

"ვიდრე პლანეტა ხურდება ახალი ცივი ომი იწყება და ამერიკას ყველა შესაძლო მოკავშირეები სჭირდება", - წერს Time-ის მიმომხილველი. წყარო

მოამზადა სალომე აბულაშვილმა