რის სანაცვლოდ შეიძლება "დაუთმოს" აშშ-მა რუსეთს საქართველო და უკრაინა? - რას წერს ამერიკელი პოლიტოლოგი? - კვირის პალიტრა

რის სანაცვლოდ შეიძლება "დაუთმოს" აშშ-მა რუსეთს საქართველო და უკრაინა? - რას წერს ამერიკელი პოლიტოლოგი?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 14 მაისის საღამოს სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა 1,5 საათი გაგრძელდა, პუტინმა და პომპეომ იმსჯელეს სირიაზე, ლიბიაზე, ვენესუელაზე, ისევე როგორც რუსეთისა და აშშ-ის სარაკეტო ხელშეკრულებაზე.

შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს "სრული ფორმატით" აღადგინოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. მანვე "მთლიანობაში ობიექტური" უწოდა აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას, რომელმაც, როგორც პუტინმა გაიხსენა, ვერ მიაგნო მტკიცებულებებს რუსეთთან დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის შეთანხმების შესახებ.

თუმცა პუტინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მიულერმა მიაგნო აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელ მონაცემებს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა "სახელმწიფოს დონეზე".

პუტინთან შეხვედრამდე პომპეო სოჭშივე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავაც ბევრი საკითხი იწვევს აზრთა სხვაობას, მაგრამ 14 მაისს სოჭში გამართული შეხვედრა იყო ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებისაკენ.

საინტერესოა, რომ ამ პომპეოს ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე ამერიკულმა გამოცემამ «The National Interest» გამოაქვეყნა ამერიკელი პოლიტოლოგის, კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ტედ კარპენტერის სტატიას, სათაურით: "აშშ-მა რუსეთს გავლენის სფეროების შესახებ შეთანხმების გაფორმება უნდა შესთავაზოს".

"ტრადიციულად, ყველა დიდი სახელმწიფო ცდილობს თავისი პოზიციების განმტკიცებას მის მეზობლად და ახლო მდებარე ქვეყნებში. კონფლიქტები რომ თავიდან ავიცილოთ, ეს რეალობა უნდა გავაცნობიეროთ", - წერს ამერიკელი პოლიტოლოგი. ტედ კარპენტერი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი თაყვანისმცემლები შეშფოთებით ადევნებენ თვალს ვენესუელაში შექმნილ შიდაპოლიტიკურ უწესრიგობას და ხმამაღლა აცხადებენ - ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოებს ჩარევა ხდებაო. მათი აზრით, ნიკოლას მადუროს განსაკუთრებით მხარს უჭერენ რუსეთი, ჩინეთი, კუბა და დაჯგუფება "ჰეზბოლა". ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ გარედან დახმარების გარეშე ვენესუელის უკანონო პრეზიდენტი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებსო. უფრო მეტიც, ამასწინანდელი ანტისამთავრობო სამხედრო გამოსვლების დროს ნიკოლას მადურო გასაქცევად მზად იყო და მას კარაკასის აეროპორტში რუსეთის თვითმფრინავი ელოდებოდაო.

მაგრამ, როგორც სტატიის ავტორი თვლის, ამერიკელი პოლიტიკოსები რუსეთის გავლენას ვენესუელაში გადაჭარბებულად აფასებენ.

"თვითონ განსაჯეთ: ნიკოლას მადურო ყველა პროტესტის დროს უკომპრომისოდ მოქმედებდა და შესაბამისად, ის განცხადება, რომ თითქოსდა იგი ქვეყნიდან წასვლაზე დათანხმდა, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. არმია კვლავ პრეზიდენტის მხარეზეა, მისი ერთგულია და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ნიკოლას მადუროს ისევ მხარს უჭერს", - წერს ის.

ასე რომ, ავტორის აზრით, სწორედ ეს ფაქტორები უწყობენ ხელს პრეზიდენტის ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობას და არა რომელიმე უცხო ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა და მაინც უეჭველია, რომ რუსეთი ერეოდა და დღესაც ერევა ვენესუელაში შექმნილ სიტუაციაში.

როგორც ტედ კარპენტერი წერს, მოსკოვი ნიკოლას მადუროს ფინანსურადაც ეხმარება და სამხედრო თვალსაზრისითაც. უფრო მეტიც ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის სამხედრო ყოფნა ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდებაო, რამაც ვაშინგტონში აღშფოთება გამოიწვია.

"აშშ ფიქრობს, რომ დედამიწის დასავლეთ ნახევარსფერო მისი გავლენის სფეროს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან წარმოადგენს. პირველად ეს პრეზიდენტ ჯეიმს მონრომ 1823 წელს გააჟღერა და მას მოგვიანებით "მონროს დოქტრინა" ეწოდა [ევროპის ჩარევის დაუშვებლობა ამერიკის საკითხებში]. რუსეთის ყოფნა ვენესუელაში კი ამ დოქტრინის მიმართ პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.

ესე იგი, ამერიკამ რუსეთს უნდა გააგებინოს, რომ მოსკოვის ასეთი ქცევა უკიდურესად ნეგატიურ დაღს დაასვამს ორმხრივ ურთიერთობას. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ინტერესების გამტარებელს დასავლეთ ნახევარსფეროში კუბა წარმოადგენდა. "აშშ-ს არანაირი უფლება არ აქვს ვენესუელას უკარნახოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ იმას ვერ მოითმენს, როცა ხედავს, თუ როგორ ერევიან უცხო ქვეყნები ამერიკის კონტინენტზე მდებარე ვენესუელის საქმეებში", - წერს ავტორი.

ტედ კარპენტერი ურჩევს აშშ-ის ადმინისტრაციას, შეეცადოს რუსეთის დარწმუნებას იმაში, რომ მოსკოვმა "მონროს დოქტრინა" დაიცვას და თავისი ურთიერთობა ვენესუელასთან ნორმალური დიპლომატიური და ეკონომიკური მიმართულებით წარმართოს. მაგრამ იმავდროულად აშშ-მაც აუცილებლად უნდა აღიაროს, რომ ვაშინგტონმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უგულებელყვეს, არაფრად მიიჩნიეს რუსეთის ინტერესები, მისი გავლენის სფეროები აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც მოსკოვი თავისი უსაფრთხოების საკვანძო ზონად მიიჩნევს.

ავტორის მიერ სტატიაში ჩამოთვლილია "ვაშინგტონის პროვოკაციების რეესტრი": ნატოს შეუჩერებლად გაფართოება აღმოსავლეთისაკენ, როცა ალიანსის წევრები გახდნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, რომლებიც რუსეთის და სსრ კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. შემდეგ ნატომ გაწევრება აღუთქვა უკრაინას და საქართველოს. გარდა ამისა, ბოლო წლებში აშშ და მისი მოკავშირეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც თავიანთი სამხედრო ყოფნა გაზარდეს. გარდა ამისა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, ვაშინგტონი აშკარად ჩაერია უკრაინის საშინაო საქმეებში, დემოკრატიულად არჩეული (და თუნდაც პრორუსული) პრეზიდენტის დამხობის მიზნით. მას შემდეგ, უკრაინა აშშ-ის სამხედრო მოკავშირედ იქცა - ისინი ერთობლივ წრთვნებს ატარებენ, მიმდინარეობს იარაღით ვაჭრობა.

სტატიის ავტორის ვარაუდით, შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ასეთი პოლიტიკის გატარება ვენესუელაში რუსეთის ჩარევამ გამოიწვია, ამიტომაც პოლიტოლოგი ორივე მხარეს სთავაზობს სცენარს, თუ როგორ შეიძლება დიდ სახელმწიფოებს შორის თანხმობის მიღწევა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ის მეტად აღარ ცდილობს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრებას და წყვეტს კიევთან და თბილისთან ყოველგვარ სამხედრო კავშირებს, მათ შორის ერთობლივ წრთვნებს და იარაღის მიყიდვას. ვაშინგტონმა ასევე უნდა შეწყვიტოს ჯარების, ავიაციისა და ხომალდების გაგზავნა აღმოსავლეთ ევროპაში და შავი ზღვის აკვატორიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა რუსეთის გავლენის სფეროების მიმართ პატივისცემა უნდა გამოავლინოს.

თავისი დათმობების საკომპენსაციოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვს ვენესუელისა და კუბის საქმეებში ჩარევის შეწყვეტა უნდა მოსთხოვოს. თეთრმა სახლმა ასევე უნდა განუცხადოს კრემლს, რომ თავი დაანებოს ნიკარაგუის მემარცხენე მთავრობასთან პოლიტიკურ თამაშებს და საერთოდ, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში თავისი გავლენის განხორციელების ყოველგვარი მცდელობა.

რუსეთისათვის ასეთი წინადადების შესათავაზებლად ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკითხს რეალისტურად უნდა მიუდგეს. ამერიკის ისტებლიშმენტის თვალსაჩინო წარმომადგენელების მიერ გაკეთებული განცხადებების ["ცივი ომის შემდეგ გავლენის სფეროების არსებობა ამორალური მოვლენაა"] მიუხედავად, გავლენის სფეროები საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და ეს დღესაც ასეა. აშშ-ის წინა ადმინისტრაციები ამ პრინციპს მუდმივად არღვევდნენ და ამის სამაგიეროდ, რუსეთის საპასუხო მოქმედებას იღებდნენ. შედეგი - საერთაშორისო სიტუაციის დაძაბვა. დონალდ ტრამპს შეუძლია ეს სიტუაცია შეცვალოს - მან რუსეთს მტკიცედ უნდა მოსთხოვოს მონროს დოქტრინის დაცვა და უარი თქვას იმ თავისი "ქორი" მხარდამჭერების რჩევებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკამ თავისი გაბატონებული გავლენა უნდა გაავრცელოს უკრაინაზე და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებზე. ამერიკის ხელმძღვანელობისათვის მიზანშეწონილია ასეთი გარიგების შეთავაზება მოსკოვისათვის და რაც უფრო მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი იქნება", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ