ჯულიან ასანჟის საქმე და საიდუმლო ინფორმაციები საქართველოზე, რომელიც"ვიკილიქსის" მასალებში მოხვდა
ჯულიან ასანჟის საქმე და საიდუმლო ინფორმაციები საქართველოზე, რომელიც"ვიკილიქსის" მასალებში მოხვდა
ფოტო:ჯულიან ასანჟი
ვინ არის ჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი ავსტრალიელი ჟურნალისტი, პროგრამისტი, "ვიკილიქსის" დამფუძნებელი და დირექტორია. ასანჟი საკუთარ თავს "საინფორმაციო გამჭვირვალობის ადვოკატს" უწოდებს. 2006 წელს მან "ვიკილიქსი", საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც ომის დანაშაულებების, ადამიანთა უფლებების დარღვევისა და კორუფციის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს. "ვიკილიქსი" მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2010 წელს მოექცა, როდესაც საიტზე ჩელსი მანინგის მიერ მიწოდებული მთელი რიგი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ჩელსი ამერიკული არმიის დაზვერვის ყოფილი სპეციალისტია, რომელმაც "ვიკილიქსს" თითქმის 750,000-ზე მეტი კლასიფიცირებული და არაკლასიფიცირებული
სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტები გადასცა. მენინგის სასამართლომ 35 წელი აგენტურის აქტის პირობების დარღვევისთვის მიუსაჯა, თუმცა, 2017 წელს იგი ბარაქ ობამამ შეიწყალა.

ყველაზე რეზონანსული მასალები
"ვიკილიქსის" პლატფორმაზე დადებულ მასალებს შორის ყველაზე მეტი გამოხმაურება ერაყში ერთ - ერთი ოპერაციის დროს გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელიც უჩვენებს თუ
როგორ გაუხსნეს ამერიკელმა სამხედროებმა ათობით ადამიანს ცეცხლი ერაყში, ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბანში, მათ შორის სამოქალაქო პირებს, რომელთაგან საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტიც იყო. მის დასახმარებლად მისული ორი ბავშვიც ასევე მძიმედ დაიჭრა. "როიტერის" მოთხოვნის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ შემთხვევაზე და დაადგინა, რომ სამხედროების ქმედებები შეიარაღებული კონფლიქტის კანონის შესაბამისი იყო.
ამას გარდა, რეზონანსული მასალები გამოქვეყნდა გუანტანამოს ციხის მართვის პროცედურებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, 238 გვერდიანი სახელმძღვანელო "სტანდარტული ოპერაციული პროცედურების" შესახებ, გუანტანამოს ყურეში მდებარე ციხის ფუნქციონირების დეტალებს ააშკარავებდა. ამ მასალებიდან გაირკვა, რომ არმიის ბრძანების შესაბამისად, პოლიციას რამდენიმე პატიმარი წითელი ჯვრის ინსპექტორებისგან ფარულად ჰყავდათ დაპატიმრებული (ორიგინალურ ვერსიაში წერია, რომ მალავდნენ მათგან და ქართულად თითქოს არ ჟღერს კარგად) და ასევე, ახლად მისულ პატიმრებს 2 კვირით იზოლატორში ამყოფებდნენ ხოლმე, რათა დაკითხვისთვის უფრო კარგად "შემზადებულიყვნენ".
ავღანეთის ომთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა 90,000 დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო პირების დაღუპვისა და "ალ-ქაიდას" ლიდერზე, ოსამა ბინ ლადენზე "ნადირობის" შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. ამასთან, გამოქვეყნდა მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომლებიც ამერიკელი დიპლომატების მიმოწერას ასახავდა. სწორედ ამ ჯგუფის მასალებში იყო ნახსენები საქართველოც, კერძოდ, ამერიკელი დიპლომატების წლიურ ანგარიშებში და სახელმწიფო დეპარტამენტისა თუ ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის განკუთვნილ გზავნილებში.

საქართველო "ვიკილიქსის" ობიექტივში
თავდაპირველად, საქართველოზე გამოქვეყნებული მასალები მოიცავდა 2006 წელს თბილისში, აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილ დიპლომატიურ ტელეგრამას, რომელიც ეხებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს და საქართველოს მოთხოვნებს. აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით, საქართველო მოითხოვდა რუსეთთან სეპარატისტულ რეგიონების გასწვრივ არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას და ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლის მექანიზმის შემოღებას.
ჯონ ტეფტი
2007 წლით დათარიღებულ წერილებში, რომელიც ასევე ტეფტის მიერ იყო გაგზავნილი, საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ პროვოკაციებზე და პროპაგანდისტულ ქმედებებზე. ელჩის თქმით, კრემლის მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის გარდა, სახელმწიფოს ევროპული კურსის შეცვლა და რუსულ სივრცეში დაბრუნების სურვილი იყო.
"ვიკილიქსის" საშუალებით ასევე გაჟონა ინფორმაციამ აშშ-ის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში საფრანგეთის მიერ შუამავლის როლის შესრულების თაობაზე არსებულ შეხედულებებზე. წერილიდან, რომელიც 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკის საელჩოებში კონდოლიზა რაისმა (მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა) დაგზავნა, ჩანს, რომ აშშ-ის მიერ საფრანგეთისთვის დიპლომატიური ინიციატივის გადაცემა ამ საკითხში პირველხარისხოვანი როლის ევროკავშირისთვის მინიჭებას ემსახურებოდა, რათა მოსკოვს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ კრიზისი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსულ-ამერიკულ კონფრონტაციად წარმოეჩინა.

2010 წლით დათარიღებულ მიმოწერებში კი მაშინდელი აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობდა. ერთ-ერთი გზავნილის ადრესატი ავღანეთსა და პაკისტანში ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი იყო. საიდუმლო მასალებში ბასი ჰოლბრუკს საქართველოში ჩამოსვლას და სააკაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სთხოვს.
"სააკაშვილი უნდა დავარწმუნოთ, რომ შესაძლოა, ის უსაზღვრო კეთილგანწყობა დაკარგოს, რომელიც ავღანურ მისიაში საქართველოს ექსტრაორდინალური წვლილის გამო დაიმსახურა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ვერ შეძლებს საქართველოში გლობალური დემოკრატიული პროცესების ერთი ბიძგით გაძლიერებას. თქვენი ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, საქართველოს მადლობა გადავუხადოთ გაწეული დახმარებისთვის. ამასთან, დავარწმუნოთ ჩვენს მხარდაჭერაში და შესაბამისად, სწორი ნაბიჯებისთვის სააკაშვილს სივრცე შევუქმნათ", - წერს ჯობ ბასი.
ორმხრივი მიმოწერის გარდა, ამერიკელი დიპლომატების გზავნილებში ასევე დომინირებს ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ მომზადებული ანგარიშები საქართველოში არსებულ მაშინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ასანჟის ექსტრადირების საქმე
"ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ დაიწყო კრიმინალური გამოძიება და ამ საქმეში მოკავშირეებსაც სთხოვა დახმარება.
ჯულიან ასანჟის დაკავება
2010 წლის ნოემბერში, შვედეთმა ჯულიან ასანჟის დაკავების საერთაშორისო ორდენი გამოსცა, მას შემდეგ რაც იგი სექსუალური შევიწროების ფაქტზე ეჭვიმიტანილად გამოცხადდა. ასანჟმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ბრალდების მიზანი მისი აშშ-ში ექსტრადირება იყო.
2010 წლის 7 დეკემბერს ასანჟი ჩაბარდა ბრიტანეთის პოლიციას, თუმცა, 10 დღეში იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც წინ წამოიწია მისი აშშ-ში ექსტრადირების საკითხის, ასანჟმა უარი თქვა გირაოს გადახდაზე და 2012 წლის ივნისში ეკვადორს სთხოვა თავშესაფარი. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული იგი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა. თუმცა, მიმდინარე წელს, მთელი რიგი განხილვების შემდეგ, ეკვადორმა მოუხსნა ასანჟის თავშესაფარი და ლოდონის პოლიციამ იგი 11 აპრილს თავდების პირობის დარღვევისთვის დააკავა. გასულ ამ ცოტა ხნის წინ კი ლონდონის სასამართლომ მას 50 კვირით პატიმრობა შეუფარდა.

ამ მომენტისთვის, აშშ-მა უკვე დაიწყო ასანჟის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა. 2010 წელს ჩელსი მენინგის მიერ "ვიკილიქსისთვის" მიწოდებული დოკუმენტების გარდა, ამერიკის ასანჟით დაინტერესება, 2016 წელს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხსაც უკავშირდება. კერძოდ, საბრალდებო ოქმი, რომელიც რუსებს ჰაკერობაში დებს ბრალს, მათი "ვიკილიქსთანაც" შესაძლო თანამშრომლობაზეც საუბრობს. თუმცა, აღნიშნულ ბრალდებას ასანჟი კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, 47 წლის ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ აპირებს აშშ-ში ექსტრადირებაზე დათანხმებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის მზადაა. ანალიტიკოსების განცხადებით, წინ ექსტრადირების საქმის დაუსრულებელი პროცესი გველოდება.

მოამზადა გვანცა კაკაურიძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა