რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი იმდენია, რამდენიც ჩინეთის ერთ პროვინციას აქვს. მაშ, რატომ შედის რუსეთი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების სამეულში? - კვირის პალიტრა

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი იმდენია, რამდენიც ჩინეთის ერთ პროვინციას აქვს. მაშ, რატომ შედის რუსეთი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების სამეულში?

ჩინურმა ანალიტიკურმა გამოცემამ «Sina» გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც საკმაოდ საინტერესო კუთხითაა განხილული რუსეთის საგარეო პოლიტიკის სამხედრო კომპონენტი, ანუ როგორ იყენებს ეკონომიკურად შედარებით სუსტი მოსკოვი სამხედრო პოტენციალს საკუთარი მიზნების მისაღწევად და რატომ არ ახდენს დასავლეთი კრემლის აგრესიაზე მკვეთრ რეაგირებას. მასალაში ყურადღება ეთმობა რუსი ხალხის ხასიათს, რუსი ჯარისკაცის ფსიქოპორტრეტს. სტატიაში ლაპარაკია რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტზეც.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით (რუსულენოვანი ვერსიის მიხედვით):

"ახლახან, ცხრა მაისს რუსებმა წითელ მოედანზე ყოველწლიური სამხედრო აღლუმი კვლავ ხელგაშლილად ჩაატარეს. ბევრს ებადება კითხვა: ისევ აღლუმი? განა მის ჩატარებას დიდი ფული არ სჭირდება? რუსეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2018 წელს 1,64 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ანუ იმდენი, რამდენიც ჩინეთის მხოლოდ ერთ პროვინციას - გუანდუნს აქვს (1,47 ტრილიონი). მაშ, რატომ შედის რუსეთი, 140-მილიონი მცხოვრებითა და სუსტი ეკონომიკით, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების სამეულში?

როგორც ამბობენ ხოლმე, "აქლემი, თუნდაც ჩამღრვძალი იყოს, ცხენზე მაინც დიდიაო". თავისი სიღარიბის მიუხედავად, რუსეთი უკვე 20 წელია ცხოვრობს საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებულ მდიდრულ მემკვიდრეობაზე და რა დასამალია, ბევრ სფეროში ჩინეთზე უფრო ძლიერია, რომელმაც, თავის მხრივ II მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა. სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე

საბჭოთა კავშირში დიდი ყურადღება ეთმობოდა მოქალაქეთა განათლებას და აღზრდას, ამით მტკიცე საფუძველი ჩაეყარა ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას. ცივი ომის წლებში ამერიკას რომ დასწეოდა და გადაესწრო, მოსკოვი ფულს არ ზოგავდა სამხედრო და სამეცნიერო მიზნებისათვის, რამაც აღნიშნულ სფეროებში საბჭოური ტექნოლოგიების არნახული განვითარება გამოიწვია

რუსეთის ფედერაციის დაუმორჩილებლობა და ძლიერება განპირობებულია მისი უდიდესი ბირთვული არსენალით, რომელიც, 1990-იან წლებში შედარებითი დასუსტებისა და დღევანდელი კონკურენციის მიუხედავად, მსოფლიოში მაინც უდიდესად რჩება: სტრატეგიული კოსმოსური ჯარების განკარგულებაშია 286 რაკეტა, ხოლო 12 ატომურ წყალქვეშა ნავზე განლაგებულია 176 ბალისტიკური რაკეტა 1500 საბრძოლო ქობინით...

ბირთვულ ძლიერებას რომ თავი დავანებოთ, რუსეთს სხვა უდიდესი ბუნებრივი რესურსებიც აქვს: მას ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეედრება ტერიტორიის მოცულობით, სადაც ნავთობის, გაზის, რკინის მადნის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის უმდიდრესი საბადოებია. მეტსაც ვიტყვით, ციმბირის უკიდეგანო ტაიგაში აღმოჩენილი ბევრი საბადო წლების განმავლობაში გამოუყენებელი რჩება. რუს ხალხს შეუძლია ზღაპრულად მდიდარი იყოს მხოლოდ ბუნებრივი რესურსების გაყიდვით. და თუ ამ ფაქტებს გავითვალისწინებთ, რუსეთის ეკონომიკური ჩამორჩენა სიღარიბედ არ უნდა ჩავთვალოთ.

დიახ, ბუნებრივი რესურსები რუსეთის ძლიერების საფუძველია, მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი - საკუთარი თავისადმი რწმენა. როცა რუსეთი დაიპყრეს, მონღოლებმა რუსულ ხასიათს თავიანთიც დაუმატეს - სტეპის მგლების გაბედულობა და შეუპოვრობა, სიმამაცე, მიდრეკილება ექსპანსიისაკენ და სხვების დამორჩილებისაკენ. გავიხსენოთ, რომ რუსეთს მონღოლები 200 წელზე მეტ ხანს მართავდნენ.

რუსული ხასიათის განსახიერებაა მკვეთრი დიპლომატიური ფორმულირებები: პრეზიდენტის გამოსვლები, თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებები სავსეა ჯიუტი და ირონიული გამონათქვამებით. გასაგებია, რომ მოსკოვის ასეთი ხისტი პოლიტიკა "თევზის ფხასავით აქვთ ყელში გაჩხერილი" რუსეთის "ძველ პარტნიორებს" - ამერიკას, ინგლისს, გერმანიას... მაგალითად, 2018 წლის აპრილში ნატოს სამიტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთი ცოტა უპატივცემლოდ მოიხსენია, რის გამოც მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუ ფრაუ მინისტრს ასე გამოეხმაურა, - გაიხსენე, რა დღეში ჩავარდა პაპაშენი, რომელიც ჩვენ გვებრძოდაო.

მაგრამ საერთაშორისო არენაზე მხოლოდ დიპლომატიური ჯიუტობა საკმარისი არ არის, ის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია. ამიტომ ძირითადი დასაყრდენი მაინც არმია და შეირაღებული ძალებია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საბჭოთა კავშირი//რუსეთი ბევრ ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობდა, სადაც სისხლს სისხლით იხდიდა.

1990-იან წლებში რუსეთის ეკონომიკა ცუდ დღეში ჩავარდა, არმიის ძალა შესუსტდა, სამხედროებიც და სამოქალაქოებიც კორუფციაში ჩაიძირნენ. ბევრი ქვეყანა რუსეთს უკვე აბუჩად იგდებდა, განსაკუთრებით ნატოს წევრები...

1999 წლის ივნისში დასავლეთმა და ნატომ იუგოსლავიის რეჟიმი კოსოვოდან ჯარების გაყვანაზე აიძულა და "მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები" ჩამოაყალიბა, რაც რეგიონის გაკონტროლების გაძლიერებას გულისხმობდა. რუსეთმა სურვილი გამოხატა მასში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ნატომ კრემლს უარით უპასუხა. მაშინ მოსკოვმა გადაწყვიტა დასავლეთი ფაქტის წინაშე დაეყენებინა: 1999 წლის 11 ივნისს რუსეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მყოფ თავის 200 ქვეით მედესანტეს უბრძანა, რომ სასწრაფოდ დაეკავებინათ მათგან 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე კოსოვოს ადმინისტრაციული ცენტრის - პრიშტინას აეროპორტი "სლატინა". რუსმა ჯარისკაცებმა "დაიკიდეს" ნატოს პოსტები და დაუყოვნებლივ გაემართნენ დავალების შესასრულებლად. როცა ალიანსის მეთაურობა გამოფხიზლდა, რუსებს სწრაფად დაადევნეს უკან ინგლისელთა სამხედრო ქვედანაყოფი - "დაეწიეთ და შეაჩერეთო". იყო ასეთი დირექტივაც" - "თუ რუსები აეროპორტში მისვლას მოახერხებენ, იქიდან გააპანღურეთო", მაგრამ როგორ, ეს უკვე გაურკვეველი იყო, რადგან რუსი მედესანტეები საკუთარი ნებით იქიდან ნამდვილად არ წავიდოდნენ. მოკლედ, როცა ინგლისელები "სლატინას" აეროპორტში მივიდნენ, მათ იქ უკვე რუსები დახვდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთისადმი შიშის მომგვრელად, შეიძლება ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ნატო იძულებული გახდა კოსოვოში "სუსტი რუსეთის" სამხედრო ყოფნა მოეთმინა.

მას შემდეგ რუსეთმა მეტ-ნაკლებად აღიდგინა თავისი ძალები და პერიოდულად ხისტ მიდგომებს ავლენს თავის "პრობლემურ მეზობლებთან" უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის დროს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა თავისი არმია სადაო ტერიტორია "სამხრეთ ოსეთში" გაგზავნა და ამრიგად, მოსკოვი თავის საბჭოეთის დროინდელ ძმასთან - საქართველოსთან კონფლიქტში ჩაება, რომელიც იმავდროულად მორალურ და სამხედრო დახმარებას აშშ-საგან იღებდა. მთელი მსოფლიო მოწმე გახდა, თუ როგორ დაიპყრო რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 2/3 და როგორ გაანადგურა სულ რაღაც 5 დღეში მისი შეიარაღებული ძალები. რუსეთი მოქმედებდა ძალზე დაუნდობლად, რუსული ავიაცია ბარბაროსულად ბომბავდა საქართველოს, სახმელეთო ჯარები კი წინ მიიწევდნენ და მათ არა მხოლოდ "სამხრეთ ოსეთი" დაიპყრეს, არამედ სხვა ქართული მიწებიც. თბილისი ნატოსაგან დახმარებას ელოდა, მაგრამ ვერ მიიღო. საქართველო დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დასრულდა, რუსებმა ქართული არმიის ყაზარმის კედელზე დააწერეს: "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე წესიერად, ისევ მოვალთ და შეგამოწმებთ". ვერაფერს იტყვი - ხმამაღლაა ნათქვამი... რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს

პატარა საქართველოს გარდა რუსეთმა "ხელს გააყოლა" აღმოსავლეთევროპული დიდი სახელმწიფო უკრაინაც, რომელშიც 2014 წელს, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის გამო, შიდა კონფლიქტი დაიწყო. მწვავე მოვლენების შემდეგ კიევმა თვალი დასავლეთს მიაპყრო. რასაკვირველია, ამით რუსეთის ინტერესებს ზიანი მიადგებოდა, ამიტომ მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა - მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო დონბასში მხარი დაუჭირა იქაური რუსულენოვანი მოსახლეობის დაპირისპირებას კიევთან.

ყირიმს უკრაინისათვის და რუსეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: უკრაინა ყირიმით, ფაქტობრივად, შავ და აზოვის ზღვებს აკონტროლებდა, ხოლო რუსეთი - თავის სამხედრო-საზღვაო ფლოტს აძლიერებდა შავ ზღვაზე, მთავარი ბაზით სევასტოპოლში. (...)

დასავლეთი ძალიან შეშფოთდა, მაგრამ სიტუაციაში სამხედრო ჩარევის თავი არ ჰქონდა. ყირიმიც, შეიძლება ითქვას, რუსეთს შერჩა. რაც შეეხება თვით უკრაინას, კიევმა მოსკოვისადმი წყენა გულში ჩაიდო და 2018 წლის ნოემბერში სამი უკრაინული ხომალდი უკვე მათთვის დახურული ყირიმის აკვატორიაში შევიდა... სიტუაცია ისე განვითარდა, რომ რუსებმა უკრაინის გემები იოლად გაანეიტრალეს.

რუსეთის თვალსაზრისით, პრობლემური მეზობლები უნდა დააწყნარო, მაგრამ ცოტა შორსაც უნდა გაიხედო და საზღვარგარეთ პოზიციები არ უნდა დაკარგო. ბოლო წლებში გაამაყებულმა და "სულით გაძლიერებულმა" რუსეთმა საკმაოდ შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში - სირიისა და ვენესუელის ფრონტებზე... მართალია, რუსეთი სირიაში ცოცხალი ძალის მხრივ გარკვეულ დანაკარგებს განიცდის (ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ერთი გენერალიც), მაგრამ იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც საბრძოლო ყიჟინის პერიოდში იმყოფება, ბრძოლებში დანაკარგები ჩვეულებრივი ამბავია. ისტორიიდანაც ხომ ვიცით, რომ რუსეთი არაფერზე, არავითარ მსხვერპლზე უკან არ იხევდა და თავისი მიზნის მიღწევას ყოველთვის ცდილობდა. რუსული წინააღმდეგობის გაწევის უნარი სხვა ქვეყნებისათვის იმის მანიშნებელია, რომ "იცოდეთ, რუსეთის არმია წყენას არავის აპატიებს, ამიტომ ნურც მის პროვოცირებას ნუ შეეცდებით"...

მოკლედ, რუსი ხალხი დამსახურებულად ატარებს მებრძოლი ხალხის სახელს. სიღარიბის პირობებშიც კი ქვეყანა მსოფლიოში ზესახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებს. ამასთანავე, ისიც აშკარაა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მის სისასტიკეზეა დამყარებული. მაგრამ თუ ადრე ეს მეთოდი კარგად გამოიყენებოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად, დღეს მოსკოვისათვის ასეთი მოქმედება ჩვეულებად იქცა იმ მეზობლების მიმართაც, რომელთა პოლიტიკა კრემლს არ აწყობს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ