რუსეთი ოკუპანტია !
"რუსეთი აგრესორია, რუსული ენა კი - კარგი" - ვინ არის და რას ამბობს ლიეტუვას ახალი პრეზიდენტი?
30-05-2019
"რუსეთი აგრესორია, რუსული ენა კი - კარგი" - ვინ არის და რას ამბობს ლიეტუვას ახალი პრეზიდენტი?
ფოტო:გიტანას ნაუსედა, ლიეტუვა
ლიეტუვას ახლად არჩეული პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა არჩევნებში მიღწეული წარმატებით ეროვნულ რეკორდს მიუახლოვდა - მან მეორე ტურში ამორჩეველთა ხმების ორი მესამედი მიიღო. ქვეყნის ახალი მეთაური სოციალური თანასწორობის, ხელისუფლებაში ქალების მონაწილეობის გაფართოების, რუსეთის აგრესიის აღიარების და... რუს ხალხთან მეგობრობის ლოზუნგებით გამოდის.

გიტანას ნაუსედა პოლიტიკაში კერძო საბანკო სექტორიდან მოვიდა. იგი თავის თავს დამოუკიდებელ კანდიდატს უწოდებდა, მას მხარს არცერთი პარტია არ უჭერდა, ხოლო საარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის შეწირულობა - 130 ათასი ევრო მან კერძო პირებისაგან
მიიღო. ნაუსედას ერთადერთი კავშირი პოლიტიკასთან ის იყო, რომ იგი ლიეტუვას ექსპრეზიდენტთან, ვალდას ადამკუსთან მუშაობდა. მათ ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, საპრეზიდენტო წინსაარჩევნო კამპანიის დროს. დღევანდელი პრეზიდენტი იმდროინდელი პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლის რანგში მსახურობდა. გიტანას ნეუსედა არ მალავს და თავისი წინამორბედის გავლენას აღიარებს: "მთელი ეს წლები ჩვენ ერთმანეთთან
თბილ, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ის მე ზოგიერთ რჩევას მაძლევს ხოლმე. როგორც ადამიანი, იგი ჩემთვის ძალიან სიმპათიურია. მის მიერ პოლიტიკაში შემოტანილი პრინციპები - ურთიერთპატივისცემა, კომპრომისების ძიება - ჩემთვისაც მისაღებია",
- ამბობს გიტანას ნაუსედა "ბი-ბი-სი"-ს რუსულ სამსახურთან საუბრისას.

ვალდას ადამკუსმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა, შემდეგ კი ლიეტუვაში დაბრუნდა და ქვეყნის პრეზიდენტი ორჯერ გახდა (1998-2003 და 2004-2009 წლებში), იგი მონაწილეობდა უკრაინაში 2004 წელს მომხდარი კრიზისის მოგვარებაში და ისეთი პოლიტიკოსის რეპუტაცია დაიმსახურა, რომელიც აქტიურად ნერგავდა დასავლური დემოკრატიის პრინციპებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
თუმცა თვითონ გიტანას ნეუსედა პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური პრინციპების ექსპორტს არ აპირებს: "მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა თვით უკრაინელმა და სხვა ქვეყნების ხალხებმა უნდა მოაგვარონ. საეჭვოა, რომ რომელიმე დემოკრატიის ექსპორტი საუკეთესო ალტერნატივა იყოს. მაგრამ იმ შენაძენს, იმ დასავლურ ღირებულებებს, რომელიც ლიეტუვამ ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღო, რასაკვირველია, ყველას გავუზიარებთ, საბოლოოდ კი თვით ხალხი გადაწყვეტს".

"რუსეთი აგრესორია"
ლიეტუვის არჩეული პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთი აგრესორია - ყირიმისა და უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ანექსიის გამო: "ეს მიუღებელია. ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არა მგონია, რომ შეიცვლება", - ამბობს გიტანას ნეუსედა, - შეუძლებელია თბილი ურთიერთობები გქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის მიმართ აგრესორია".

იმავდროულად პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუსეთის მოსახლეობა ლიეტუვას მტრად არ უნდა მიიჩნევდეს. "არ მსურს ისეთი ტერმინებით სარგებლობა, რაც არასასიამოვნო იქნებოდა რუსი ხალხისათვის, რუსეთის მოსახლეობისათვის. ჩვენ თუ მკვეთრ შეფასებებს გავაკეთებთ, მკვეთრ ტერმინებს გამოვიყენებთ, რომლებიც შემდეგ ასეთი სახით მასმედიით გავრცელდება, ამით ლიეტუვას მტრის იმიჯი ჩამოუყალიბდება... ვფიქრობ, ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტები, ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა... მინდა, რომ ლიეტუველებმა ცნობილი რუსული თეატრების უფრო მეტი სპექტაკლები ნახონ, მოუსმინონ კლასიკურ მუსიკას"...

გიტანას ნეუსედა რუსული ენით სარგებლობას პოლიტიკის ნაწილად არ თვლის, პირიქით - მას "შენაძენად" მიიჩნევს და მზადაა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსულადაც ილაპარაკოს, თუმცა ბევრი ბალტიელი პოლიტიკოსი ასე არ აკეთებს, პრინციპული მოსაზრების გამო. "ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა ენის დაკავშირება გეოპოლიტიკასთან. თუ ჩემთან რუსულ ენაზე საუბარი და ურთიერთობა სურთ, მეც ვცდილობ ასე გავაკეთო. მართალია, ცოტა გადავეჩვიე კიდეც - ყოველთვის არ მაქვს ხოლმე რუსულად საუბრის შემთხვევა, - ამბობს ლიეტუვას არჩეული პრეზიდენტი, - თუმცა როცა ზოგიერთები მეუბნებიან, რომ უმჯობესია ინგლისურად ილაპარაკოო, მე მათ ვეკითხები: თქვენ დოსტოევსკი ინგლისურ ენაზე გაქვთ წაკითხული, მაგრამ განა უფრო კარგი არ არის, როცა ორივე ენას ფლობ, დოსტოევსკი რუსულად წაიკითხო?"

ლიბერალური თანასწორობა
გიტანას ნეუსედას საარჩევნო კამპანიის ცენტრში საგარეოპოლიტიკური საკითხები არ ყოფილა. ლიეტუვაში იგი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომისტის სახელით არის ცნობილი: 1990-იან წლებში იგი ერთ-ერთ გაზეთში ეკონომიკურ სტატიებს წერდა, მუშაობდა კონკურენციის საბჭოში, იყო ლიეტუვის ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი, SEB-ბანკის მთავარი ეკონომისტი, აქტიურად კომენტირებდა მასმედიაში ეკონომიკურ საკითხებს.

1990-იანი წლების დასაწყისში გიტანას ნეუსედა გერმანიაში სწავლობდა, სწორედ იქ "დაავადმყოფდა" თავისუფალი ბაზრის და ლიბერალური ეკონომიკის იდეებით. "იქ მივხვდი, რომ დასავლური ცხოვრების წესი და საბაზრო ეკონომიკა არის ის გზა, რომელიც მცირე ეჭვსაც კი არ იწვევს. ლაპარაკი რომელიღაც შუალედზე თუ მესამე გზაზე - სრული აბსურდია. ჩემი დასავლური ხედვები დღეს მხოლოდ ძლიერდება", - ასე განუცხადა გიტანას ნეუსედამ Delfi-ს, ლიეტოვურ გამოცემას.

არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იგი კერძო საკუთრებასთან მიმართებით ლიბერალური ეკონომისტია: მისი აზრით, სახელმწიფო საკუთრება მხოლოდ იქ უნდა იყოს, სადაც მონოპოლიაა. "რაც შეეხება რეგულირებას, მე ამ საკითხში უფრო კონსერვატიული ვარ, ვიდრე ლიბერალი. მე ვხედავ, რომ ლიეტუვაში სოციალური დიფერენციაცია, ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, მაინც არ ქრება. მხარს ვუჭერ სახელმწიფოს აქტიურ როლს რეგულაციის საკითხში, მხარს ვუჭერ პროგრესირებად გადასახადებს, რითაც მე, შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებს ვემსგავსები", - ამბობს გიტანას ნეუსედა "ბი-ბი-სი"-სთან საუბრის დროს.

ბრძოლა სოციალურ უთანასწორობასთან და ქვეყნის რეგიონებში ცხოვრების დონის განსხვავებასთან გიტანას ნეუსედას წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალური ნაწილი გახდა.

კათოლიკეები, გეები და ქალები
სოციალურ საკითხებში პრეზიდენტი უფრო მეტად კონსერვატიულია - იგი მხარს არ უჭერს ერთსქესიან ქორწინებებს და თვლის, რომ ჯერ-ჯერობით უმჯობესია გეებს ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეთ: "მე ადამიანის უფლებების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენი კათოლიკური საზოგადოება ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებისათვის ჯერ მზად არის. არ მინდა, რომ ეს პროცესი ხელოვნურად გააქტიურდეს, რათა შემდეგ ისე არ მოხდეს, რომ ასეთ ადამიანებს ცხოვრება უფრო არ გაურთულდეთ იმასთან შედარებით, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდათ", - განმარტავს ლიეტუვის არჩეული პრეზიდენტი.

რაც შეეხება ქალების როლის გაფართოებას ხელისუფლებაში, იგი ამ იდეას მხარს უჭერს და ამბობს, რომ მისი ასეთი პოზიცია სკანდინავიურ ბანკებში მუშაობის გავლენის შედეგია, სადაც მან 19 წელი იმუშავა: "არანორმალურია, როცა ჩვენს მთავრობაში მხოლოდ მამაკაცები არიან". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ

sdfffff
30 მაისი 2019 16:13
ეგ მაგათთვის შეიძლება ეგრე ჯობდეს.
ლია
30 მაისი 2019 15:58
30 წლის წინ იმავეს არ ამბობდნენ. მახსოვს 200 წელს ჰოლანდიაში სასწავლო კურსზე ვიყავი და ლიტუვას (მაშინ ლიტვის) წარმომადგენლებმა სიტყვაც კი არ დაძრეს რუსულად. უკვე მოიპოვეს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროკვშირიც და ნატოც და რატომ არ იტყვიან. მივესალმები მათ სიმტკიცეს. ახლა ლატვიის აეროპორტში რუსული უფრო გამოგადგება ინგლისურზე მეტად. უკვე რუსეთი აღარ არის მათთვის საშიში.
/
30 მაისი 2019 13:11
აი ნამდვილი ადამიანი . უნდა ისწავლონ მისგან ყველამ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?