ახალ ზელანდიაში 51 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

ახალ ზელანდიაში 51 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მარტში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი ბრენტონ ტარანტი ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი ედება 51 ადამიანის მკვლელობაში, 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში და ტერორიზმში. ეჭვმიტანილს ვიდეოჩართვით აჩვენებდნენ სასამართლოში. დარბაზში იმყოფებოდნენ დაღუპულების ოჯახის წევრები და ტერაქტს გადარჩენილები.

სასამართლოს წინა სხდომა აპრილში გაიმართა, სადაც ეჭვმიტანილს ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტიზა დაუნიშნეს და შემდეგ შერაცხადად ცნეს. წინა კვირას მოიხსნა აკრძალვა მისი სახის ჩვენებაზე. სასამართლოს შემდეგი სხდომა 16 აგვისტოს არის დანიშნული, საქმის არსებითი განხილვა კი მომავალი წლის 4 მაისს დაიწყება.

შეგახსენეთ, რომ 15 მარტის ტერაქტი ახალ ზელანდიაში მშვიდობიან დროს მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. ეჭვმიტანილმა ჯერ მეჩეთ "ალ-ნურში" გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი ლინვუდის მეჩეთთან გადაინაცვლა. ამ ყველაფერს თავზე დამაგრებული კამერით სოციალური ქსელით პირდაპირ გადასცემდა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"