რუსეთი ვლადიმირ პუტინის შემდეგ: როგორია მოვლენების განვითარების სამი სცენარი - კვირის პალიტრა

რუსეთი ვლადიმირ პუტინის შემდეგ: როგორია მოვლენების განვითარების სამი სცენარი

რა მოხდება რუსეთში ვლადიმირ პუტინის შემდეგ? შეიძლება თუ არა ველოდოთ ყირიმული სცენარის გაგრძელებას? დადგება თუ არა ეკონომიკური კოლაფსი რუსეთში? ასეთი საკითხებია განხილული ინტერვიუში გერმანელ მეცნიერთან, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მკვლევართან, ბონის უნივერსიტეტის პროფესორთან მარტინ აუსტთან, რომელსაც "დოიჩე ველეს" კორესპონდენტი ეფიმ შუმანი ესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:

- მიუნხენის გამომცემლობამ ეს-ესაა დასტამბა თქვენი წიგნი "იმპერიის ჩრდილი", რომელიც პირველ რიგში გერმანელი მკითხველისთვისაა განკუთვნილი. წიგნის შესავალში თქვენ მკითხველს ხაზგასმით ასე მიმართავთ: "რუსეთის პოლიტიკა რომ გაიგოთ, საჭიროა მოერიდოთ მისი, როგორც "ბოროტების იმპერიის" დემონიზებას". ესე იგი, რა გამოდის - რუსეთი სიკეთის იმპერიაა?

- მე ვთვლი, რომ დღევანდელი რუსეთი იმპერია არ არის. ჩემი დასკვნა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გავაკეთე: 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ისეთ რუსეთს ვხედავთ, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი ისტორიული ფორმაციებისაგან - რუსეთის იმპერიისაგან და საბჭოთა კავშირისაგან. რუსეთმა 1991 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ტერიტორია დაკარგა, რომლებიც მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად რუსეთი, ჩემი აზრით, პოსტიმპერიულ ფაზაში იმყოფება. მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა შემორჩა, მასზე იმპერიული წარსული გავლენას ახდენს, მაგრამ თვითონ, როგორც სახელმწიფო, რუსეთი იმპერია აღარ არის.

- შეიძლება ასე ვთქვათ - "ჯერ-ჯერობით აღარ არის"? თუ იმპერია არ არის, მაშინ რას მივაწეროთ რუსეთის ხელისუფლების მცდელობები "დაკარგული მიწების" შეკრება-დასაბრუნებლად? მაგალითები ბევრია: აფხაზეთი, "სამხრეთ ოსეთი", დნესტრისპირეთი, ყირიმი... და ვერც იმაში ვერ ვართ დარწმუნებული, რომ რუსეთი ოდესმე შეჩერდება... - ჩვენ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ყველა ამ "დაბრუნებულ-მიერთებულ" ტერიტორიებს სხვადასხვა სტატუსი აქვთ. რუსეთმა მიიერთა ყირიმი - ჩვენ ამ ფაქტს ანექსიად ვაფასებთ, მაგრამ ძალიან რთულია ყირიმის სტატუსი მიუყენო დნესტრისპირეთს და "სამხრეთ ოსეთს", აფხაზეთს - იმიტომ, რომ ყირიმი, თავისი ისტორიული წარსულით რუსეთისათვის დიდ ემოციურ ფასეულობას წარმოადგენს, რასაც იგივე დნესტრისპირეთზე და სხვა დანარჩენზე ვერ ვიტყვით. აბა, წარმოიდგინეთ: რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დნესტრისპირეთის მიერთება... ისეთი პატრიოტული აღტკინება, როგორიც 2014 წელს ყირიმის მიერთებამ გამოიწვია, რუსეთის მოსახლეობაში ნამდვილად არ იქნება.

და საერთოდ, რთულია რუსეთის მოქმედებაში ტერიტორიების მიერთებასა და იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაც თანმიმდევრული სტრატეგია ან პროგრამა დაინახო, რაღაც ერთიანი გეგმა... რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჩემი აზრით, სიტუაციის მიხედვით მოქმედებს, შემთხვევიდან შემთხვევამდე, იმპროვიზაციას ახდენს. რასაკვირველია, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ კრემლი მოისურვებს რომელიმე სხვა ტერიტორიის მტკიცედ მიბმას რუსეთთან, ვთქვათ, ბელარუსთან მიმართებით, მაგრამ თანმიმდევრულ, წინასწარ გათვლილ პოლიტიკას მოსკოვი ამ მიმართულებით არ ატარებს. არა მგონია, ვლადიმირ პუტინმა თქვას - "საჭიროა რუსეთს ესა თუ ის დაკარგული ტერიტორია მივუერთოთო" მარტინ აუსტი

- მაგრამ იქნებ ვლადიმირ პუტინი უფრო წინდახედული გახდა? თქვენ თვითონ წერთ წიგნში, რომ იგი 2014 წელს შეცდა - მას არ ეგონა, რომ დასავლეთის რეაქცია მოსკოვის ნაბიჯზე ერთსულოვანი და მკვეთრი იქნებოდა, რომ ყირიმის მიერთებას და დონბასის ამბებს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ ანტირუსული სანქციები მოჰყვებოდაო... - დიახ, ვლადიმირ პუტინი ნამდვილად შეცდა. თუ ჩვენ სიტუაციას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თვალსაზრისით განვიხილავთ, რომლის შემადგენლობაში პუტინს სურდა უკრაინაც ყოფილიყო, მაშინ მან შეცდომა დაუშვა. თავის დროზე უკრაინის ლიდერების უმეტესობა აცნობიერებდა პუტინის მიზნებს და ამიტომ ისინი ლავირებას ეწეოდნენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის. 2014 წელს ყირიმის ექსპანსიამ კი ამ ყველაფერს ბოლო მოუღო - უკრაინამ დასავლური კურსი აირჩია, ევროპული არჩევანი გააკეთა. ანუ ვლადიმირ პუტინმა მიაღწია სწორედ იმას, რაც არ უნდოდა. რუსეთმა უკრაინა დაკარგა - შეიძლება ითქვას, საბოლოოდ.

- რუსეთის შიდაპოლიტიკური კონსოლიდაციის თვალსაზრისით კი როგორ შეაფასებდით - ეს პუტინის წარმატებაა? - მე ასე არ ვიტყოდი. პატრიოტული აღტაცების ტალღა თანდათან ჩაცხრა. 2014 წელს ვლადიმირ პუტინს ეროვნული მობილიზაცია გამოუვიდა, ის შესამჩნევი იყო ყირიმის ანექსიის პირველი წლისთავის დროსაც, 2015 წელს, მაგრამ ახლა... უფრო მეტიც: უკვე ხშირად გაისმის კრიტიკული ხმები, როცა საქმე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება - ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ რამდენი თანხა დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, რამდენ რუბლს შეადგენს ყირიმისათვის სპეციალური ფინანსური გადარიცხვები და რა თანხად უჯდება რუსეთს დონბასის კონფლიქტი.

- თქვენს წიგნში რუსეთის მომავალი გაქვთ ნაწინასწარმეტყველები... - მე ისტორიკოსი ვარ და უფრო მეტად წარსულის კვლევით ვარ დაკავებული, მაგრამ წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით, შეიძლება მომავალი ვიწინასწარმეტყველოთ. ჩემი აზრით, რუსეთში ვლადიმირ პუტინის შემდეგ შესაძლებელია სიტუაცია სამი სავარაუდო სცენარით განვითარდეს:

პირველი - ყირიმის მიერთების მსგავსი პროცესი შეიძლება გაგრძელდეს. ეს არ იქნება უწყვეტი პროცესი, მაგრამ როცა შესაძლებლობა ექნება, რუსეთი ცალკეულ მეზობელ რეგიონებს მიიერთებს. ამჟამად მიერთების ყველაზე რეალური "კანდიდატია" ბელარუსი.

მეორე - სრულიად საწინააღმდეგო სცენარი, რომელიც რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებით იქნება განპირობებული: რესურსების ნაკლებობა, ენერგოშემცველების ექსპორტის შემცირება და შესაბამისად, სავალუტო შემოსავლების დაკლება. ეს, თავის მხრივ, დეზინტეგრაციას ახალ ბიძგს მისცემს. პუტინის წასვლის შემდეგ ხელისუფლების ვერტიკალი დასუსტდება, მოსახლეობა სულ უფრო თამამად გამოვა მთავრობის წინააღმდეგ, გაძლიერდება ცენტრიდანული ტენდენციები და შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ რუსეთის ცალკეულ რეგიონებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სურვილი გაუჩნდეთ.

მესამე სავარაუდო სცენარის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის შემდეგ რუსეთის განვითარება შეიძლება შუალედურად მოხდეს, წინა ორის გათვალისწინებით, ანუ ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკმაყოფილება სამხედრო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს, შესაბამისად კი - საგარეოპოლიტიკური ამბიციების დაცხრომას. რუსეთის საგარეო ექსპანსია შეწყდება, ხელისუფლება უფრო მეტად შიდა პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული. მაგრამ ყველა შემთხვევაში იმპერიული წარსულის ტვირთი, იმპერიული მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს იქნება რუსეთის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. მოსკოვი ამას ვერსად ვერ გაექცევა.

რაც შეეხება ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული, მე ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებდი: რუსეთის ისტორიაში ძლიერი და ავტორიტარი მმართველების ბატონობის პერიოდები ძალიან ხშირად მოულოდნელად მთავრდებოდა ხოლმე, დგებოდა არასტაბილურობის ეპოქა. გნებავთ ავიღოთ ივანე მრისხანეს, პეტრე პირველის მმართველობა და ასე შემდეგ...

- იოსებ სტალინის შემდეგ იყო ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელსაც ე.წ. "დათბობა" მოჰყვა. ესე იგი, ვლადიმირ პუტინის შემდეგ ახალი ხრუშჩოვის მოსვლას უნდა ველოდოთ? - ერთი რამ ნათლად შეიძლება ითქვას: პუტინის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების სათავეში ძალიან ძლიერი და მწვავე კონკურენციაა მოსალოდნელი, რომლის შედეგის პროგნოზირება რთულია. დღეს ძნელია იმის განჭვრეტა, თუ ვინ შეიძლება მოექცეს სახელმწიფოს სათავეში, ამიტომაც სტალინის შემდგომი პერიოდის შედარება უადგილოა. იმ დროს "ახლო წრეში" სავარაუდო პრეტენდენტების რაოდენობა მცირე იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახით, ვლადიმირ პუტინის გარემოცვა კი უფრო დიდია, ვიდრე სტალინის, ან ელცინის დროს იყო. ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეუძლიათ ერთმანეთთან კომპრომისის მიღწევა პუტინთან ახლოს მდგომ დაახლოებით ას ადამიანს და მხოლოდ ერთი კანდიდატისადმი მხარდაჭერა... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ