"უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს" - პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, დასასვენებლად საქართველოში გაემგზავრონ - კვირის პალიტრა

"უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს" - პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, დასასვენებლად საქართველოში გაემგზავრონ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშენკო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს, ხოლო უკრაინის საგარეო უწყებას მიმართავს, დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად საქართველო ეწოდოს. როგორც პოროშენკომ "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ იმპერიალიზმს და ებრძვის ოკუპაციას.

"ახლა მოსკოვს კვლავ სურს ეკონომიკურად შეასუსტოს საქართველო იმით, რომ შეზღუდოს ავიამიმოსვლა და საქართველოს ტურიზმის სექტორს დაარტყას. უკრაინელებმა არ უნდა დატოვონ გაჭირვებაში ქართველი ძმები. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელებს, რომ დაისვენონ უკრაინაში, თუმცა მათ, ვინც აპირებს საზღვრებს გარეთ დაისვენონ, რეკომენდაციას ვაძლევ, საქართველოში წავიდნენ. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ამ პერიოდში გააიაფონ მოსაკრებლები უკრაინა-საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე", - განაცხადა პოროშენკომ.

ამასთან, პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელში ქართულად დაწერა: "უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს".