პუტინი: "სირიაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდი" - კვირის პალიტრა

პუტინი: "სირიაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდი"

სირიაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "დიდი ოცეულის" სამიტის წინ განაცხადა. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ "ფაინენშიალ ტაიმსს", რომლის დროსაც საერთაშორისო ურთიერთობების თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მას კითხვები დაუსვეს "დიდი ოცეულის" როლზე, უცხოელ კოლეგებზე, აშშ-ზე, ბრიტანეთზე, ჩინეთზე ევროპაზე, ვენესუელაზე, თუმცა არ შეხებიან რუსეთის პოლიტიკას მის სამეზობლოში - კონკრეტულად უკრაინას და საქართველოს.

სირიაში რუსეთის მოქმედებების თაობაზე პასუხისას პუტინმა მიღწეული შედეგით თავისი კმაყოფილება არ დამალა.

"ჩვენ მივაღწიეთ იმაზე მეტს, ვიდრე მოველოდი. უპირველესად - გავანადგურეთ ბევრი მებრძოლი, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას აპირებდა. საქმე ეხება ათასობით ადამიანს, რომლებიც უნდა დაბრუნებულიყვნენ ან რუსეთში ან ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რომლებთანაც რუსეთს სავიზო რეჟიმი არ აქვს. ერთიც და მეორეც ჩვენთვის ძალიან საშიში იყო, მეორე - ჩვენ მივაღწიეთ იმ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას, რომელიც ჩვენთან გეოგრაფიულად ახლოს არის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ჩვენ პირდაპირი გავლენა მოვახდინეთ რუსეთის უსაფრთხოებაზე ქვეყნის შიგნით. ჩვენ დავამყარეთ საკმაოდ კარგი, საქმიანი ურთიერთობები რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან და ჩვენი პოზიციები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უფრო სტაბილური გახდა. ნამდვილად ავაწყვეთ კეთილმეზობლური, საქმიანი, პარტნიორული, შიგადაშიგ სამოკავშირეო ურთიერთობის ელემენტებით, რეგიონის ბევრ სახელმწიფოსთან. არა მხოლოდ ირანთან და თურქეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც", - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტ პუტინის ინტერვიუს სრული ვერსია განთავსებულია კრემლის საიტზე.

"ინტერპრესნიუსი"