ტრამპი პუტინს: "თუ შეიძლება არჩევნებში არ ჩაერიო" - კვირის პალიტრა

ტრამპი პუტინს: "თუ შეიძლება არჩევნებში არ ჩაერიო"

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ოსაკაში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საათნახევარი გრძელდებოდა. მისი დამთავრების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს სიტუაცია ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში.

თეთრი სახლის განცხადებით, ორივე პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე სახელმწიფოს და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. გარდა ამისა, განიხილეს XXI საუკუნის იარაღზე კონტროლის საკითხი.

კრემლში შეხვედრის შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ორმხრივ შეხვედრაში პრეზიდენტების გარდა მონაწილეობდნენ: ამერიკის მხრიდან - სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი, ასევე ტრამპის ქალიშვილი ივანკა და სიძე ჯარედ კუშნერი. რუსეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველი ვიცე-პრემიერი ანტონ სილუანოვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

შეხვედრის წინ, პროტოკოლით გათვალისწინებული სურათის გადაღების დროს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აპირებს თუ არა პუტინთან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხის განხილვას. აშშ-ს პრეზიდენტს გაეცინა და პუტინს იქვე მიმართა: "თუ შეიძლება არ ჩაერიო არჩევნებში".

ეს პუტინის და ტრამპის მესამე შეხვედრა იყო. ბოლო შეხვედრა 2018 წლის 16 ივლისს სამიტზე ჰელსინკში შედგა. მას შემდეგ ურთიერთობები ორ სუპერსახელმწიფოს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა და რამდენიმე დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"