შეიქმნა ახალი ანტანტა... ურუსეთოდ - კვირის პალიტრა

შეიქმნა ახალი ანტანტა... ურუსეთოდ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ლონდონის სამიტზე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თავისი განწყობით შეესაბამება 1904 წელს ანტანტის სახელწოდებით დადებულ ცნობილ  Antante-Cordial-ის - "გულითადი შეთანხმების" ხელშეკრულებას.

მოგვიანებით მას რუსეთიც შეუერთდა. ამჯერად კი რუსეთის მონაწილეობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. დევიდ კემერონმა და ნიკოლა სარკოზიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განაპირობებენ ამ ორი ზესახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობას სამხედრო დარგში.

ფაქტობრივად, ხელშეკრულება იმის დასტურია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით ახალი ალიანსი დაიბადა.

სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულების ცენტრალურ პუნქტად იქცა ერთობლივი საექსპედიციო ძალების შექმნა 6500 ჯარისკაცის რიცხოვნებით. მათ შემადგენლობაში შევა საპარაშუტო, სპეცდანიშნულებისა და საზღვაო ქვეითთა ჯარის ნაწილები. ფრანგები და ინგლისელები ერთად გაივლიან წრთვნას, მაგრამ დისლოცირებულები იქნებიან ცალცალკე, თავიანთი ქვეყნის სამხედრო ბაზებში. წვრთნის ან სამხედრო ოპერაციის დროს მათ უხელმძღვანელებს ბრიტანელი ან ფრანგი სარდალი, შემდეგ კი ლონდონში ან პარიზში მინისტრების დაქვემდებარებაში მყოფ გაერთიანებულ შტაბს მოახსენებს.

დაზღვევისათვის ინგლისსა და საფრანგეთს მუშა მდგომარეობაში თითო ავიამზიდი რჩებათ, ამიტომაც ლონდონი და პარიზი ერთმანეთს შეუთანხმებენ გემების შეკეთების ვადებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი ოპერაციისათვის ერთი მათგანი მაინც გამოიყენონ.

ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება ორი სახელმწიფოს ბირთულ პოტენციალს - ინგლისელი მეცნიერები იმუშავებენ საფრანგეთის ლაბორატორიებში, რათა გამოსცადონ, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა ორივე მხარის ქობინები. ფრანგი სწავლულები კი ბრიტანეთის ოლდერმასტონის სამეცნიერო ცენტრში იმუშავებენ ბირთვული იარაღის დარგში ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე.

ჯერჯერობით, ლონდონი და პარიზი არ აპირებენ ერთმანეთისთვის თავიანთი ბირთვული საიდუმლოებების გამჟღავნებას.

ლონდონი ყოველთვის უფრთხილდებოდა თავის "განსაკუთრებულ ურთიერთობას" ვაშინგტონთან. ამერიკელები კი, თავის მხრივ, ბრიტანელებს იყენებდნენ ევროკავშირის ჩარჩოებში შეიარაღებულ ძალთა შექმნისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან შიშობენ, რომ ეს შეასუსტებს აშშ-ის ხელმძღვანელ როლს ევროპაში.

როგორ აღიქვა აშშ-მა ინგლის-საფრანგეთის შეთანხმება? თეთრი სახლი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ ევროპელები გამუდმებით ამცირებენ თავიანთ სამხედრო ხარჯებს. საფრანგეთ-ბრიტანეთის გარიგებამ შესაძლოა ნატოს ორ წევრს მათი ჯარების საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო თანხების დაზოგვის საშუალება მისცეს, ამიტომაც ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა მოიწონეს "გულითადი შეთანმხება".

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი