როგორ ავარიდოთ თავი ახალ ომს სამხრეთ კავკასიაში - კვირის პალიტრა

როგორ ავარიდოთ თავი ახალ ომს სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირი არაადეკვატურად რეაგირებს აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე.

იმ დროს, როდესაც ევროპული მთავრობების უმრავლესობა საკუთარი ბიუჯეტების დასაბალანსებლად თავდაცვით ხარჯებს ამცირებს, კონტინენტზე სულ ცოტა, ორი ისეთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც საპირისპიროდ მოქმედებენ:

აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ორი ქვეყანა თავდაცვაზე ხარჯებს ზრდის და ამას ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აკეთებენ. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი-ყარაბახის გაყინული კონფლიქტის გამო ჩიხში არიან მოქცეული და თუკი დანარჩენი ევროპის ლიდერები ამ საკითხს სერიოზულად არ მიუდგებიან, ისინი, შესაძლოა, მორიგი ცხელი კონფლიქტის მოწმენი გახდნენ.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის პროვინციაა, მაგრამ ბაქომ მასზე კონტროლი 1993 წელს სომხეთთან ომის დროს დაკარგა.

თავდაჯერებული, მდიდარი და 3 მილიარდდოლარიანი სამხედრო ბიუჯეტის მქონე აზერბაიჯანი დღეს იმ კონდიციაშია, რომ მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალით გათავისუფლება ნორმალურ ნაბიჯად მიაჩნია.

ომის მხარდამჭერი აზერბაიჯანელი ჩინოსნების მოწოდებების კვალად ევროკავშირი არაადეკვატურად რეაგირებს როგორც აზერბაიჯანის ახალაღმოცენებულ თავდაჯერებულობაზე, ასევე რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე. ამის ფესვები კი იქიდან მოდის, რომ ევროკავშირი უარს ამბობს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე სერიოზული პასუხისმგებლობის აღებაზე. შედეგად, ბევრი ევროპული დედაქალაქი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს ამჯობინებს.

ეს არ გახლავთ ახალი პრობლემა. 2008 წელს ბრიუსელმა ყური არ დაუგდო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილებას და როდესაც რუსეთმა ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო, ევროპას პასუხის გაცემა გაუჭირდა (ორი წლის შემდეგ კვლავ იმავე სიტუაციაში ვართ).

2008 წლის პრობლემა ნაწილობრივ ისაა, რომ კონფლიქტების პრევენციასთან დაკავშირებული ევროპული მექანიზმები დამარცხდა. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა მოწყვლადი მანამ იქნება, სანამ რეგიონში გაყინული კონფლიქტები არ მოგვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპამ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი რეალობა უნდა აღიაროს, რეგიონში, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ევროპის ნაწილია და სადაც ის მთავარი ენერგეტიკული მილსადენები გადის, რომელიც ევროპას კასპიის ნავთობსა და გაზთან აკავშირებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროპელებს სიგნალს უგზავნის: აღიარეთ ვალდებულებები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და არ გავხდებით იძულებულნი, ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ამდენი ფული დავხარჯოთ. მაშინ, როდესაც ბაქოსთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე საუბარი აუცილებლობადაა მიჩნეული, აზერბაიჯანელების თვალში ევროპის მიდგომა დაბალანსებულ პარტნიორობას არ ასახავს.

ეს უნდა შეიცვალოს, რაც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე მთელი კონტინენტისთვის. ევროკავშირის ლიდერები სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს და აზერბაიჯანის გაფრთხილებებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ევროპის პირდაპირი და აქტიური ქმედებები რეგიონში დაძაბულობას განმუხტავდა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების რეჟიმში დააბრუნებდა. თუკი ბრიუსელი დამარცხდება და კავკასიაში ახალი ომი დაიწყება, ევროკავშირის უსაფრთხოება სერიოზული საშიშროება მიადგება.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ