"საკმაოდ ეჭვიანიც ვარ, თუმცა ლენა ამის მიზეზს არ მაძლევს" - "ხალხის მსახურის" კარიერა, სიყვარული და კავშირი საქართველოსთან - კვირის პალიტრა

"საკმაოდ ეჭვიანიც ვარ, თუმცა ლენა ამის მიზეზს არ მაძლევს" - "ხალხის მსახურის" კარიერა, სიყვარული და კავშირი საქართველოსთან

21 ივლისს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური", რომელმაც ხმების 42.44% დააგროვა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტია "ხალხის მსახური" უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა, მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. თავის მხრივ, ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია "ოპოზიციის პლატფორმასთან" კოალიციას.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს. ორტურიან საარჩევნო ბრძოლაში მან აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოუგო და 2019 წლის 20 მაისს, ინაუგურაციის შემდგომ, ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ფოტოგალერეა

ბავშვობა და სტუდენტობა

ვლადიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში დაიბადა. მამა, ალექსანდრ ზელენსკი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია, დედა - დიასახლისი. მამის სამუშაო მივლინების გამო ბავშვობის 6 წელიწადი მომავალმა პრეზიდენტმა მონღოლეთში გაატარა, საიდანაც დაბრუნებული ოჯახი კვლავ კრივოი-როგში დასახლდა.

როგორც მისი მასწავლებლები ამბობენ, ის გონებაგახსნილი, ხალისიანი და სასკოლო ღონისძიებების სულისჩამდგმელი ბიჭი იყო. უკრავდა გიტარასა და ფორტეპიანოზე, დადიოდა სამეჯლისო ცეკვებზე. ერთხანს ძალოსნობამ გაიტაცა და წარმატებაც ჰქონდა, თუმცა ერთ დღეს გამოაცხადა, ვაითუ სიმძიმეების აწევით სიმაღლეში აღარ გავიზარდოო და თავი დაანება.

სკოლაში ვლადიმირი დიპლომატობაზე ოცნებობდა, ამიტომაც დიდი მონდომებით სწავლობდა ინგლისურ ენას და ემზადებოდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ჩასაბარებლად, თუმცა, საბოლოოდ, კრივოი-როგის ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც იურიდიული განათლება მიიღო, მაგრამ პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია.

სწორედ სტუდენტობის წლებში გაიტაცა თამაშმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა გუნდ "95-ე კვარტალის" წევრობამ, რომლის კაპიტანი მალევე გახდა.

ზელენსკი და რუსეთი

1998-დან 2003 წლამდე ზელენსკის გუნდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ამიტომაც დასახლდა მოსკოვში, სადაც პოპულარული გახდა არა მხოლოდ როგორც კომიკოსი, არაერთ ფილმშიც გადაიღეს, რამდენჯერმე გაუძღვა საახალწლო გადაცემებსაც რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიებში.

ზელენსკი მშვენივრად იცნობს რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას, მათი ნაწილი ამას მიესალმა, ზოგიერთისთვის კი სახუმარო თემად იქცა. მაგალითად, მიხაილ პორეჩენკოვმა და ივან ოხლობისტინმა ამას სახუმარო კლიპი მიუძღვნეს, რომელშიც ზელენსკის მომავალ მთავრობაში პოსტებს სთხოვდნენ.

ზელენსკი პირადად იცნობს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსაც. როგორც ინტერვიუში განაცხადა, მას ერთ-ერთ საზეიმო მიღებაზე მოუწია გამოსვლამ, როდესაც მედვედევი ვიზიტით ესტუმრა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩს. ასევე კარგად იცნობდა უკრაინის ყველა პრეზიდენტსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არაერთ სახელმწიფო მეთაურს.

2003 წლიდან ზელენსკი ბრუნდება უკრაინაში, სადაც პოპულარული გადაცემების ავტორი და წამყვანია, თუმცა არ გაუწყვეტია რუსეთთან კავშირი... იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა