"მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და, და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით" - დებ ხაჩატურიანების სკანდალური საქმე - კვირის პალიტრა

"მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და, და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით" - დებ ხაჩატურიანების სკანდალური საქმე

თითქმის ერთი წელია ხმაური არ წყდება დებ ხაჩატურიანების ირგვლივ. რუსეთში მომხდარ მკვლელობაზე მსოფლიო მედია წერს, გოგონების მხარდასაჭერად ონლაინპეტიცია შეიქმნა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის სახელზე, დების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, პეტიციას ხელი 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. რუსეთის ქალაქებში კი მათი მხარდამჭერი აქციები იმართება. ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური აქცია სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.

დები ხაჩატურიანები 2018 წლის 28 ივლისს მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი არ უარყვეს, თუმცა გამოძიებას განუცხადეს, რომ მამა წლების განმავლობაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა და მკვლელობის მოტივიც ეს გახდა. 2019 წლის 14 ივნისს გამოძიებამ ბრალი გადააკვალიფიცირა - გოგონებს ბრალი ედებათ ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო, რომელიც 8-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა?

2018 წლის 27 ივლისს საღამოს, მოსკოვში, საკუთარ სახლის კიბეზე 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანის ცხედარი იპოვეს. მოკლულს კისრისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პირველი დაკითხვისთანავე დებმა დანაშაული აღიარეს. მკვლელობის მომენტში კრისტინა ხაჩატურიანი 19 წლის იყო, ანგელინა 18 წლის, ხოლო მარია 17 წლის. იმ სახლის შესასვლელი, სადაც ხაჩატურიანების ოჯახი ცხოვრობდა

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის დღეს მიხაილ ხაჩატურიანი სოლოვიევის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრიდან დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დასაჯა გოგონები საბანკო ბარათის გადაჭარბებით გამოყენებისა და "სახლში არსებული ჭუჭყის" გამო.

მამაკაცი რიგრიგობით იძახებდა გოგონებს და სახეში წიწაკის გაზს ასხამდა. დიდი დოზის მიღების შემდეგ, უფროსმა დამ კრისტინამ ასთმის შეტევის გამო გონება დაკარგა. ანგელინამ და მარიამ დის მდგომარეობით შეშინებულებმა მამის მოკვლა გადაწყვიტეს. საღამოს, როდესაც მიხაილს სავარძელში დაეძინა, მარია და ანგელინა მამას თავს დაესხნენ. მამამის ჭრილობა მიაყენეს სანადირო დანით, რომელიც მიხაილ ხაჩატურიანის მანქანიდან ამოიღეს და ჩაქუჩით. როდესაც ხაჩატურიანი გონს მოეგო, უკან დახევა სცადა. გონზე მოსულმა კრისტინამ მამამისს ცრემლსადენი გაზი შეასხა და გაქცევა სცადა. მიხაილ ხაჩატურიანი მას დაედევნა, ამ დროს ანგელინამ მარიას დანა გამოართვა და მამას მკერდის არეში დაარტყა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დებ ხაჩატურიანის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გოგონებმა ეს ქმედება სპონტანურად, თავდაცვის მიზნით ჩაიდინეს.

"ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო", - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე გოგონების განცხადებებს, როგორც ანგელინამ პროცესზე განაცხადა, მათი მამა გოგონებზე სექსუალურადაც ძალადობდა: "ის ყოველთვის ამბობდა, რომ მრუშობა არის ცოდვა და ცუდი საქციელი, მაგრამ ამბობდა, რომ რადგანაც ის იყო მამა და ჩვენ მისი სისხლი და ხორცი, რაც მოუნდებოდა იმის გაკეთება შეეძლო, ჩვენ კი უნდა დავმორჩილებულიყავით".

კითხვები საქმის ირგვლივ იმ დროს, როდესაც გოგონები მამას თავს დაესხნენ, კაცს ეძინა, ბრალდების მხარე ინტერესდება, თუ რატომ ამბობენ ადვოკატები, რომ გოგონების ქმედება ამ დროს იყო თავის დაცვა?

ანგელინა ხაჩატურიანის ადვოკატის თქმით, გოგონები რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ მსხვერპლნი, ისინი მამის მხრიდან განიცდიდნენ ძალადობას, ამიტომ "მათი ბოლო ქმედება განსაზღვრული იყო ამ წამების საბოლოოდ დასრულებაზე". დები ხაჩატურიანები სასამართლოზე

კითხვაზე, მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო სამმა ადამიანმა, ითვლება თუ არა ეს ქმედება თავდაცვად? ადვოკატი ამბობს, რომ დიახ, რადგან რუსეთის სისხლის სამართლის 37-ე მუხლი არ გამორიცხავს პირთა ჯგუფის მიერ თავის დაცვას. "ბუნებრივია მათ არ შეეძლოთ მიხაილ ხაჩატურიანთან პირისპირ მისვლა და "მამასთან შებრძოლება". უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, მკვლელობა რომელიც ჩადენილია რამდენიმე პირის მიერ თავის დაცვის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიცრებული, რაც ნიშნავს 2 წლამდე პატიმრობას", - ამბობს ადვოკატი.

სად არის და რას ამბობს გოგონების დედა?

საქმესთან დაკავშირებით ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, თუ გოგონების მამა მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა, რატომ არ თხოვეს გოგონებმა დახმარება ახლობლებს ან სკოლაში დირექციას?

როგორც გამოძიების პროცესში ჩატარებული ერთ-ერთი შემოწმება ადასტურებს, მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული ძალადობის შედეგად გოგონები გარე სამყაროსგან იზოლაციაში იყვნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ დახმარებას ვერ მიიღებდნენ.

2015 წელს მიხაილ ხაჩატურიანმა თავისი ცოლი, გოგონების დედა, აურელია დუნდუკი სახლიდან გააგდო და ქალიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ცოლის გაგდებამდე ცოტა ხნით ადრე კი, ხაჩატურიანმა სახლიდან თავისი უფროსი ვაჟი, სერგეი გააგდო. როგორც მოგვიანებით აურელია დუნდუკმა განაცხადა, თავისი ქალიშვილების "სასტიკი ცხოვრების" შესახებ მას შემდეგ გაიგო, როდესაც გოგონები განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ. გოგონების დედა, აურელია დუნდუკი

აურელია დუნდუკი ვარაუდობს, რომ მიხაილ ხაჩატურიანს რიონის პოლიციასთან ჰქონდა კავშირები. ქალი ირწმუნება, რომ მისი და მისი მეზობლების მიერ პოლიციაში შეტანილი განაცხადი ხაჩატურიანის წინააღმდეგ, ისევ კაცის ხელში აღმოჩნდა. "2000-იან წლებში მის მიმართ დავწერე საჩივარი და დავტოვე პოლიციაში, მეორე დღეს კი ის მოვიდა ამ განცხადებით ხელში და სახეში შემაყარა ფურცლები", - განაცხადა ქალმა "ნოვაია გაზეტასთან".

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მამაზე თავდასხმის დროს, ყველა გოგონას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. კონკრეტულად კი, უმცროს დას, მარიას ჰქონდა "მწვავე რაქცია სტრესზე", რის გამოც, მან ვერ შეძლო თავისი ქმედების განსაზღვრა. როგორც მარიას ადვოკატი ამტკიცებს, გოგონა დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო.

რაც შეეხება დანარჩენ დებს, კრისტინამ და ანგელინამ მოქმედების დროს გამოავლინეს პოსტრავმული სტრესული აშლილობა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ტრავმული მდგომარეობა რამდენიმე ხანს გრძელდება, ასეთ დროს ადამიანი უკონტროლოა და შეიძლება მისთვის და სხვისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას, მითუმეტეს მაშინ, თუ არსებობს შიში, რომ მასზე ძალადობა განმეორდეს.

დები ხაჩატურიანები მამასთან ერთად

როგორ ცხოვრობენ გოგონები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 2018 წლის 27 სექტემბერს დები ხაჩატურიანები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდენენ, მათ შინაპატიმრობა აქვთ შეფარდებული, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. დებს ეკრძალებათ როგორც ერთმანეთთან, ისე გამოძიებაში მონაწილე სხვა პირებთან კომუნიკაცია, 21 საათის მერე სახლის დატოვება გამომძიებლის ნებართვის გარეშე. მარია ხაჩატურიანის ადვოკატის თქმით, გოგონა თავისი სურვილით დარეგისტრიდა ფსიქიატრიულ დისპანსერში, სადაც მკურნალობას გადის. შუათანა და, კრისტინა ამ დრომდე არც სწავლობს და არც მუშაობს, ელოდება გამოძიების დასრულებას. გოგონების დედა, აურელია დუნდუკი უმცროს გოგონასთან, მარიასთან ცხოვრობს და რიგრიგობით ხვდება დანარჩენ ქალიშვილებს.

ბოლო ინფორმაცია...

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა დებ ხაჩატურიანების მამის წინააღმდეგ, მის ქმედებებში სექსუალური ძალადობის ნიშნებია აღმოჩენილი. ეს ინფორმაცია "ტასს" კრისტინა ხაჩატურიანის ადვოკატმა დაუდასტურა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა