"შეხედეთ საკუთარ ქალაქს, ნუთუ მისი უფსკრულში გადაჩეხვა გსურთ?" - რა ხდება ჰონგ-კონგში?
ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლემმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ქალაქს "უფსკრულისკენ" ნუ მიაქანებენ , - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლემი ძალიან ემოციურად საუბრობდა და განაცხადა, რომ ჰონგ-კონგში სიტუაციამ "სახიფათო" ნიშნულს მიაღწია და რომ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობა ქალაქს "მოუსავლეთის გზას" გაუყენებს.
"გთხოვთ, ერთი წუთით დაფიქრდეთ, შეხედეთ საკუთარ ქალაქს, სახლს - ნუთუ მისი უფსკრულში გადაჩეხვა გსურთ?" - მიმართა კელი ლემმა დემონსტრანტებს, რომლის ციტირებასაც AFP-ი ახდენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დემონსტრანტებმა ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, რის გამოც ასობით რეისი გაუქმდა.
მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ათი კვირის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ეს კანონი მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმას და თან ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"