"ადუღებული" მსოფლიო - კვირის პალიტრა

"ადუღებული" მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე ცხელი ადგილი კალიფორნიაში "სიკვდილის ველია". აქ 1913 წელს 56.7 გრადუსი დაფიქსირდა, თუმცა ამაზე მაღალი მაჩვენებელიც არსებობს. მაგალითად, ირანში, დაშთე,-ლუთის უდაბნოში 2003 და 2009 წლებში ტემპერატურამ 70.7 გრადუსს მიაღწია.

2018 წელი

2018 წლის ივლისში ექსტრემალურმა სიცხემ კანადაში, აშშ-ში, ბრიტანეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ძალზე დააზარალა სოფლის მეურნეობა, გახშირდა ხანძრები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლის გამო ზოგიერთ ადგილას სახლის სახურავები დადნა.

CNN-ის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ძლიერმა სიცხემ იაპონიაში, სულ მცირე, 44 კაცი იმსხვერპლა.

ხანძარი მძვინვარებდა საბერძნეთში და დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.

საჰარის უდაბნოში სიცხე არავის უკვირს, თუმცა 5 ივლისს ალჟირის ქალაქ უარგლაში ტემპერატურა 51ჩ-ზე მეტი იყო.

ნიდერლანდებში აგვისტოში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია. ამასთან, მაღალი ტემპერატურის გამო ასფალტმა დნობა დაიწყო და ხელისუფლება იძულებული შეიქნა საავტომობილო გზების ნაწილი გადაეკეტა.

შვეიცარიაში ლხობის შესაჩერებლად მყინვარები სპეციალური ქსოვილებით დაფარეს, ძაღლებს ფეხსაცმელები ჩააცვეს, თევზები კი წყალსაცავებში გადაიყვანეს.

ამერიკული ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო 139 წლის განმავლობაში 2018 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ტემპერატურა დედამიწაზე საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. სწორედ 2018 წელს მოხდა ყველაზე მეტი ბუნებრივი კატასტროფა მსოფლიოში.

2019 წელი

როგორც BBC წერს, წელს საფრანგეთში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა - ჰაერის ტემპერატურამ 29 ივნისს 45.9 გრადუსს მიაღწია.

ბელგიაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსი დაფიქსირდა, რაც 1831 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.

ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი სითხე სვან და მზის აქტიურ მონაკვეთში სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

უცნაური შემთხვევა მოხდა ნიუკასლში - მამაკაცს ფეხი გაეჭედა სიცხით გამდნარ ასფალტში. ნიდერლანდებში ძლიერი სიცხისგან აგვისტოს პირველ კვირას 400-მდე კაცი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 300 ოთხმოცი წლის ან მეტის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ანომალიური სიცხის ტალღას, რომელიც ქვეყანაში 22 ივლისიდან დაიწყო, 2 964 კაცი შეეწირა.

"გლობალური დათბობის გავლენა უკვე იგრძნობა - წყალდიდობა, ტყის ხანძრები, ეკოსისტემის ცვლილება... 1880 წლიდან დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით ერთი გრადუსით გაიზარდა, მიზეზი ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებაა", - განაცხადა NASA-ს მთავარმა კლიმატოლოგმა გევინ შმიდტმა.

ყველაზე ცხელი ზაფხული საქართველოში

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის ლია მეგრელიძის განმარტებით, საქართველოში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული 2010 წელს იყო. ამ თვეში კი ტემპერატურა 40 გრადუსს არ ასცდენია.

ძალიან ცხელი იყო 2000 წლის ზაფხულიც. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა: ფოთში - 45, ქუთაისში - 43, ზუგდიდში - 42 გრადუსი; 2018 წელს კი BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა. იმ ქალაქების ჩამონათვალში, სადაც ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, მოხვდნენ: ბაქო, თბილისი, ერევანი და რუსეთის სამხრეთის ქალაქებიც.

ნათია სიბაშვილი