პუტინი და პატრიარქი - რამ გამოიწვია უთანხმოება რუსეთის საერო და სასულიერო მეთაურებს შორის? - კვირის პალიტრა

პუტინი და პატრიარქი - რამ გამოიწვია უთანხმოება რუსეთის საერო და სასულიერო მეთაურებს შორის?

ბრიტანულ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია რუსეთის საერო და სასულიერო უმაღლეს პირებს - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პატრიარქ კირილეს ურთიერთობის ასპექტები, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ რუსული სახელმწიფოსა და რუსული ეკლესიის ლიდერები ერთმანეთთან ძველებურად ახლოს აღარ არიან (ავტორი - მაქს სედანი).

კრემლსა და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის უთანხმოება უკრაინის გამო დაიწყო, - აღნიშნულია მასალაში, - რომელიც ბოლო დროს ვლადიმირ პუტინის "სულიერი მამის" - მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის მიტროპოლიტის - ტიხონის (შევკუნოვის) თანამდებობიდან გათავისუფლებაში გამოიხატა. იგი დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, პროვინციაში, ფსკოვის მიტროპოლიტად გადაიყვანეს. ვლადიმირ პუტინს საჯაროდ არაფერი უთქვამს, მაგრამ ხაზგასმულად ჩავიდა ფსკოვში და ის ტაძარი, სადაც ტიხონი გაამწესეს, კირილეს დასანახავად, სპეციალურად მოინახულა.

როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, გარეგნულად რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ეკლესიის მეთაური "კვლავ ერთიანი ფრონტით გამოდიან", მაგრამ რეალურად 2014 წლიდან მათ შორის სერიოზული უთანხმოება დაიწყო. ამის დასადასტურებლად Financial Times-ის მოსკოველი კორესპონდენტი რამდენიმე კონფლიქტურ ეპიზოდს იხსენებს.

ყირიმი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, ერთი შეხედვით უცნაური რამ მოხდა: პატრიარქმა კირილემ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარ თავს საეკლესიო მშვიდობისმყოფლად მოიაზრებდა, ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი ღიად არ დაუჭირა: რუსეთი მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა თავის წიარში ყირიმის ეპარქიის მიღებაზე, ხოლო თვითონ კირილემ უარი განაცხადა კრემლში პრეზიდენტის მიერ მოწყობილ საზეიმო შესხვედრას დასწრებოდა, "ყირიმის რუსეთისადმი დაბრუნების" აღსანიშნავად. პატრიარქი კირილი და ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი აგრძელებდა ყირიმის მიერთებისათვის იდეოლოგიური საფუძვლების განმტკიცებას და ამ მიზნით სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ხერსონესი, სადაც 988 წელს მთავარი ვლადიმირი ქრისტიანულად მოინათლა, "სრულიად რუსეთის სატაძრო მთად" გამოაცხადა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლურ ტრადიციას და კიევ-პეჩორის ლავრის - უკრაინაში რუსული ეკლესიის მთავარი დასაყრდენის - ავტორიტეტს ლახავდა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2018 წელს უკრაინასთან მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის მნიშვნელოვანი მარცხით აღინიშნა - უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალური სტატუსი მიიღო. "ეს ფაქტი რუსეთის ეკლესიის, როგორც მოსკოვის სულიერი გავლენის ბურჯის აბსოლუტურ მარცხს წარმოადგენს", - წერს ავტორი. ამ განხეთქილებას წინ უძღოდა კირილეს წარუმატებელი მცდელობები მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს დარწმუნების მიზნით, რომ მას უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალია (ტომოსი) არ მიეცა. კონფლიქტმა რუსეთის ეკლესია რთულ ვითარებაში ჩააყენა, ანუ პატრიარქ კირილეს მარცხმა (მისმა სუსტმა პოლიტიკამ) ვლადიმირ პუტინი აიძულა სრულიად არასასიამოვნო არჩევანი გაეკეთებინა კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის. მოკლედ, რუსეთის საერო ლიდერმა მიიჩნია, რომ რუსული ეკლესიის მეთაურმა უუნარობა გამოიჩინა.

ათონის მთაზე მოლოცვის აკრძალვა ავტოკეფალიის მიღების შემდეგ უკრაინაში მომხდარი საეკლესიო განხეთქილების შედეგი იყო ის, რომ კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესისას შორის კონფლიქტი გაღრმავდა: რუსულმა ეკლესიამ ოფიციალურად გააფრთხილა თავისი მრევლი, რომ წმინდა ათონის მთის მოსალოცად წასვლა შეიზღუდაო. ამ გადაწყვეტილენამ "ძალიან დაარტყა" კრემლის გარემოცვას, რომელთა წარმომადგენლები ათონის მთაზე არსებული მონასტრების ხშირი მნახველები იყვნენ. Financial Times-ის კორესპონდენტი მათ რიცხვში ასახელებს "ვლადიმირ პუტინის მასაჟისტს" – "ათონის წმინდა მთის რუსული საზოგადოების" დამფუძნებელს კონსტანტინე გოლოშაპოვს, სანქტ-პეტერბურგის აწ უკვე ექს-გუბერნატორს გიორგი პოლტავჩენკოს და მის მოადგილეს - "გაზპრომის" ყოფილ ტოპ-მეჯერს, ამჟამად კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს იგორ დივისნკის. ყველა ისინი არა მარტო კრემლის, არამედ პატრიარქ კირილეს უახლოეს გარემოცვაშიც შედიოდნენ. გავიხსენოთ, რომ თვითონ ვლადიმირ პუტინიც ათონის მთაზე რამდენჯერმე იყო - 2005-2016 წლებში.

მიტროპოლიტ ტიხონის ბედი პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის არსებული კონფლიქტის მნიშვნელოვანი ნიშანი ვლადიმირ პუტინის "სულიერი მამის" - მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის ეპისკოპოსის - ტიხონის (შევკუნოვის) თანამდებობიდან გათავისუფლებაში გამოიხატა ამის სანაცვლოდ მას მიტროპოლიტობა მიანიჭეს და ფსკოვში გაგზავნეს. მიტროპოლიტი ტიხონი და ვლადიმირ პუტინი როგორც ამბობენ, კირილეს ასეთმა გადაწყვეტილებამ ტიხონი ძალიან გაანაწყენა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, დედაქალაქთან განშორებას დათანხმდა. ვლადიმირ პუტინს "მამა ტიხონი" უყურადღებოდ არ მიუტოვებია - რამდენიმე თვის შემდეგ ფსკოვს ეწვია, ტიხონს შეხვდა და მის მიმართ თავისი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა.

პროტესტები ეკატერინბურგში რუსეთის საერო და სასულიერო ლიდერებს შორის ურთიერთობის გაურესების კიდევ ერთი ნიშანია ეკატერინბურგში ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტები. სტატიის ავტორის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქმა კირილემ პირადად სთხოვა პრეზიდენტს მხარი დაეჭირა ტაძრის მშენებლობისათვის, მაგრამ პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მან პროტესტანტებს "უღმერთოები" უწოდა, საბოლოოდ მაინც მათ მხარეზე დადგა.

რა იქნება შემდეგ? ზოგიერთი სასულიერო მოღვაწის აზრით, რომლებიც კრემლთან ახლოს არიან, სიტუაცია ასეთია: პრეზიდენტი თვლის, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის კონფლიქტი შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს. მართალია, ეს რუსეთის ეკლესიას დაასუსტებს, მაგრამ პრეზიდენტს ამისათვის აღარ სცალია, "ტრადიციულმა ფასეულობები" მის თვაში მიმზიდველობა დაკარგა. ახლა ვლადიმირ პუტინს თავისი რეიტინგი უფრო ადარდებს, რომელიც რუსების შემოსავლების შემცირების კვალობაზე ეცემა.

რატომა არის ეს სიტუაცია მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეცემა რუსეთის ეკლესიის რეიტინგიც: მისი მხარდაჭერის ინდექსი 2019 წლისათვის (გასულ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) 48%-დან 40%-მდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის ამჟამინდელი პოლიტიკა - "რუსული სამყაროს" აღორძინების იდეა და ეკლესიის სასულიერო ბატონობის დამყარება კრახს განიცდის, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ